თანამედროვე მსოფლიო უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ წარმატება და პრინციპები, სარგებლის მიღება და ღირებულებები, კომერციული მიზნები და პასუხისმგებლობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. კომპანიას, რომელიც საკუთარ საქმიანობას კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებით აწარმოებს, ჰყავს უფრო ერთგული მომხმარებელი, იმსახურებს პარტნიორების აღიარებას, მეტ ნდობას საერთაშორისო ბაზარზე და შედეგად ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას ქვეყანაში.
მაშინ როდესაც მსოფლიო და საქართველო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი კიდევ უფრო იზრდება და მნიშვნელოვანი ხდება. „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობაც ეფუძნება ღირებულებებს, მაღალ სტანდარტს და სარგებელი მოაქვს როგორც თავად კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
„ეს არის ჯილდო პროგრესული, თანამედროვე და პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის. ჯილდოს მიღება მოგებიანია კომპანიისთვის, რადგან მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმის მიერ ორგანიზებული ღონისძიება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მიღებული აღიარება, ზრდის ნდობას კლიენტებთან, პარტნიორებთან თუ ინვესტორებთან ურთიერთობისას. „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის – 2020“ ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას საქართველოში. კორპორაციული პასუხისმგებლობა ერთი მხრივ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.
„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქართული წარმომადგენლობის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება. ეს არის ერთადერთი ბიზნეს დაჯილდოება, რომლის მთავარი თემები და ნომინაციები მდგრადი განვითარების 6 ძირითად მიზანს ემთხვევა:
- სიღარიბის აღმოფხვრა
- ხარისხიანი განათლება
- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
- მრეწველობა, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა
- მდგრადი მოხმარება და წარმოება
- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ჯილდოს განაცხადებში არაერთი ამჟამინდელი ინიციატივა და პროექტი აისახება, რომლებსაც COVID-19 ვირუსის გამოწვევებზე საპასუხოდ საქართველოში მოქმედი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი ახორციელებს.
ჩამოთვლილი კატეგორიების გარდა,წელს უკვე მეორედ, გამოვლინდება SDG პიონერი – ლიდერი, რომელიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს როგორც კომპანიაში, ისე საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებული, დეკემბერში, ნიუ-იორკში დაგეგმილ საერთაშორისო დონეზე გამართულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კონკურსს დაემატა კატეგორია – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ჟურნალისტს, ვისი რეპორტაჟიც პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის წახალისებას ისახავს მიზნად.
გასული წლების ჯილდო გადაეცათ კომპანიებს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. მათ შორის იყვნენ საბანკო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოზე“ განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სააპლიკაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე corporateaward.ge 15 ივლისამდე შეუძლიათ.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2018
პარტნიორის კონტენტი