23 თებერვალს, სასტუმროში „რუმს თბილისი” საქართველოში პირველად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. CSR Club-ისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact) ინიციატივა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მასზე კომპანიებმა 23 პროექტი წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, შემდეგ კატეგორიებში: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი, გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ერთ-ერთ სტატიაში განვიხილეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა როგორც ბიზნესისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის და დავასკვენით, რომ ჩვენს კორპორაციულ კულტურაში CSR არც თუ ისე მოწიფულია და არსებობს ამ მხრივ, ქართული კომპანიების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მით უფრო ცალსახაა CSR ჯილდოს მნიშვნელობა ქართულ კომპანიებში პასუხისმგებლიანი ქცევის კულტურის განვითარებისთვის. უფრო კონკრეტულად, რა ფუნქციას შეასრულებს ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიება ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, როგორია მისი მოსალოდნელი გავლენა სფეროზე და როგორი იყო ქართული კომპანიების ჩართულობა პროექტში – ამ საკითხებზე მარკეტერი CSR Club-ის თავმჯდომარეს – კახა მაღრაძეს ესაუბრა:
„ბიზნეს კომპანიების პასუხისმგებლიანი ქცევის მიხედვით შეფასება, გამორჩევა, დაჯილდოება, ფორმალური სახით, პირველად ხდება. ადრე განხორციელებულა მსგავსი პროექტები, თუმცა, უფრო ქველმოქმედების კუთხით და არა CSR-ის. ამ შემთხვევებს ასეთი სისტემური ხასიათი არ ჰქონია, რომ აპლიკაციები შემოსულიყო, დამოუკიდებელ ჟიურის შეფასებინა და ა.შ. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები, ძირითადად, იყო ისეთი, რომ კონკრეტული ბიზნესი, რაღაც სტატუსის თუ ტიტულის სანაცვლოდ, იხდიდა გარკვეულ თანხას“, – გვითრა მან.
M: როგორია ღონისძიების მნიშვნელობა/მიზანი, საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით?
თუ საერთაშორისო სტანდარტებით არ ვიხელმძღვანელებთ, იმ პრინციპებით, რაც დღეს არის CSR-ის განვითარების ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი, ისე თანამედროვე CSR-ზე ვერ ვისაუბრებთ. სწორედ, ამ სტანდარტების პოპულარიზებისთვის, დანერგვისთვის, იმისათვის, რომ მეტმა ბიზნესმა აწარმოოს საკუთარი CSR საერთო სტანდარტების მიხედვით, ჯილდო, როგორც ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი იარაღია. იგი განაპირობებს შეჯიბრებითობას, მაგალითის მიცემას, საქმიანობის წარმოჩენას, რაც ერთ-ერთი დამატებითი მოტივატორია ბიზნესისთვის. იმისთვის, რომ კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირებიც უფრო მოტივირებულები იყვნენ, რომ თანამედროვე პრინციპების, სწორი CSR აწარმოონ, რაც ბიზნესისთვისაც უკეთესია და საზოგადოებისთვისაც.
M: ბიზნეს გარემოს და ქვეყანაში CSR-ის განვითარების დონის გათვალისწინებით, ჩართულობის რამდენად კარგი მაჩვენებელია 23 მონაწილე?
რომ ვთქვათ, რომ ბიზნეს გარემოს შესაბამისი რაოდენობის აპლიკაცია გვაქვს და ბევრი მონაწილე გვყავს – ასე არ არის. მაგრამ პირველი მსგავსი ღონისძიების კვალობაზე, მაინც ბევრი მონაწილე გვყავდა და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაცილებით მეტი გვეყოლება, როცა დაინახავენ, როგორ ჩაიარა ამ პროცესმა, როცა ნახავენ გამარჯვებულებს, მათ პროექტებსა და გამოხმაურებებს.
M: რა იყო მთავარი კრიტერიუმები პროექტების შესაფასებლად?
შეფასების სისტემა საკმაოდ მარტივიც იყო და კომპლექსურიც. ჟიურის წევრები იყვნენ, ძირითადად, საჯარო, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში, იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის, გარემოს დაცვის, შრომითი უფლებების მიმართულებით და ა.შ. არიან გამოცდილები, კვალიფიციურები, ექსპერტები. რაც შეეხება შეფასებას, იყო სხვადასხვა კრიტერიუმებით და წონებით. მთავარი იყო ის, თუ რამდენად დაბალანსებული იყო სხვადასხვა კრიტერიუმის მხრივ კონკრეტული პროექტი. მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ტოპ მენეჯმენტის ჩართულობა, ვთქვათ, თვითონ ბიზნესი რა სარგებელს ღებულობდა ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საზოგადოებას რა სარგებელი მოუტანა და ა.შ. ჟიურის წევრები წერდნენ ქულას, თითოეულ კრიტერიუმში, რაც ჯამდებოდა და საშუალო მაჩვენებლით მივიღეთ შედეგი, რასაც დაჯილდოებაზე ვნახავთ.
M: როგორც ვიცით, CSR მოიცავს როგორც შიდა (თანამშრომლები), ასევე, გარე (საზოგადოება) აუდიტორიებისკენ მიმართულ აქტივობებს.. საქართველოს შემთხვევაში კი გარე აუდიტორიაზე გათვლილი პროექტები უფრო ტენდენციურია. რამდენად იყო დაბალანსებული ეს ორი მიმართულება მიღებულ პროექტებში?
თვითონ კომპანიას უნდა გადაეწყვიტა რა ტიპის პროექტს შემოიტანდა, შეზღუდვა არ ყოფილა. იყო სამი ძირითადი მიმართულება – ადამიანის უფლებების დაცვა, რაშიც ყველა პროექტი შედის ფაქტობრივად, რადგან CSR, ძირითადად, ადამიანის უფლებების რეალიზებისკენაა მიმართული. მეორე – გარემოს დაცვა, რომელიც შედარებით სპეციფიკური მიმართულებაა, თუმცა, ჩვენთან ძალიან განვითარებულია და ამიტომ გამოვყავით. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება პირველი ორი კატეგორიის პროექტიც მოხვედრილიყო, არის პარტნიორობა ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ანუ CSR პროექტი, რომელიც ამ პარტნიორობით განხორციელდა. კატეგორიები დაყოფილი იყო შინაარსობრივად და არა სამიზნე აუდიტორიის მიხედვით. პირველ ეტაპზე, ჩავთვალეთ, რომ ამ სამით უნდა დაგვეწყო. რადგან ჩვენთან CSR-ის პრაქტიკა მაინც მიმართულია გარე აუდიტორიაზე, ჯერჯერობით, მაინც უფრო მარკეტინგული კომუნიკაციისთვის და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის გამოიყენება და მარკეტინგულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ადამიანები არიან ამ პროცესის კოორდინატორები. შესაბამისად, ძირითადად, მივიღეთ გარე აუდიტორიისკენ მიმართული პროექტები.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით. კლუბი ამჟამად 80-მდე კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთვრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადამიურ დაწესებულებები არიან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს სიდა წარმოადგენს. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.