in

”ფონდი ნატახტრის” კონფერენცია – „სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“

7 თებერვალს ”ფონდი ნატახტარი” და ”ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო” პროექტის ”იზრუნე მომავალზე” ფარგლებში კონფერენციას გამართავს.

nataxtari-fondi

არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის თემაა – „სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“.

”ხშირად სხვადასხვა ორგანიზაცია ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, კარგი იქნება თუ ერთმანეთს საქმის კურსში ჩავაყენებთ. ამასთან, გვეცოდინება ერთმანეთის რესურსების შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევში, შევძლოთ მათი გამოყენება. კონფერენციის მოწყობის იდეა სწორედ აქედან გაჩნდა. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს, მოვისმინოთ ერთმანეთის იდეები, პროექტები და პრობლემები.

ჩვენი ფონდის მიზანია, მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სწორედ ამავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სტრუქტურები მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობას. ყველას ექნება საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა” – ამბობს ”ნატახტარის” პიარ მენეჯერი ნინო სურმავა.

კომპანიაში ამბობენ, რომ კონფერენციის მთავარი მიზანი მაინც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვის კუთხით არსებული პრობლემატიკის წარმოჩენაა.

ნინო სურმავა

ნინო სურმავას თქმით, შეხვედრისას შეეცდებიან, ოთხივე სექტორის წარმომადგენლებმა, ამ საკითხის ირგვლივ, ერთიანი ხედვა შეიმუშავონ.

არც იმას გამორიცხავს, ფონდის რომელიმე ბენეფიციარს მოწვეული ბიზნეს კომპანიის წარმომადგნელებმა, თუნდაც, სტაჟირება შესთავაზოს. თუმცა, ამბობს, რომ რთულია კონფერენციის შედეგებზე წინასწარ საუბარი.

”ფონდი ნატახტარი” უკვე სამი წელია არსებობს და ”ნატახტრის” სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტია. კომპანიისთვის ამ კუთხით განხორციელებული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ფონდის მთავარი მიზანი 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა.

”როდესაც მოზარდი 18 წლის ხდება, სახელმწიფოს მზრუნველობიდან გამოდის და აი აქ იწყება მთავარი პრობლემა, ის მარტო რჩება. არ აქვთ სახლი, არც პროფესია და განათლება, რომ იმუშაონ. არც თანხა, რომ სწავლის საფასური გადაიხადონ. ზუსტად ამიტომ შეიქმნა ფონდი. 15-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებს, ვცდილობთ, მივცეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, რათა საბოლოოდ მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია”.

ფონდის დახმარებით მოზარდებს პირველ ეტაპზე ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ. ნინო სურმავა ამბობს, რომ ამით უადვილებენ საზოგადოებასთან კომუნიკაციას, ასწავლიან დროის და ფულის მენეჯმენტს, ეხმარებიან აღმოაჩინონ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, თუ რა პროფესიას უნდა დაეუფლონ და რამდენად შეძლებენ ამას. მეორე ეტაპი კი, კონკრეტული სპეციალობის ან პროფესიის დაუფლებაა. ”ნატახტარში” ამბობენ, რომ აქვთ დახურული ქეისები, როდესაც ბენეფიციარებმა უკვე მიიღეს განათლება, მუშაობენ და დაოჯახდნენ კიდეც.

კონფერენციის შემდეგ ფონდის მომდევნო ნაბიჯი 2014 წლის სამოქმედო გეგმის ”გაწერაა”. იგეგმება ბენეფიციართა ასაკის 14 წლამდე დაწევა. რაც თავისთავად, მათ რაოდენობას გაზრდის. თუმცა,  ეს ფონდში გადარიცხული თანხის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

საქველმოქმედო ორგანიზაციების სანდოობა, ხშირ შემთხვევაში, მათ გამჭვირვალობაზეა დამოკიდებული. ნინო სურმავას თქმით, ფონდში ჩარიცხული თანხის აუდიტი მუდმივად კეთდება, შემდეგ კი მისი გასაჯაროვება ხდება. ასევე საჯარო და დეტალურად აღწერილია ფონდის საქმიანობისთვის დახარჯული თანხები.

”ეს საქმიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. როგორც წესი, ბენეფიციარების სახელებსა და გვარებს არ ვაცხადებთ, რადგან პირველ რიგში, ჩვენი მიზანი, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და კლიშეების დამსხვრევაა. ამიტომ, ხშირად რთულია კომუნიკაცია, თუ კონკრეტულად ვისთვის რა კეთდება. ძალიან რთული საქმეა. კომპანიის მხრიდან კეთილ ნებას მოითხოვს, რომ მართლაც საქმე გაკეთდეს და არ იყოს ორიენტირებული პიარზე”-ამბობს ნინო სურმავა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი “SUBWAY”

მანიპულაცია

ფრთხილად, მანიპულაცია!