22
Oct
2019

როგორია კორპორაციული პასუხისმგებლობა ქართულ ბიზნეს სექტორში? – კვლევის შედეგები

22 Oct 2019

რა მდგომარეობაა ქართულ ბიზნეს სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით? კვლევაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ავტორების თქმით, კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში, ამ თვალსაზრისით. კვლევა ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია ,,ინოვამ“ ჩაატარა, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის პრეზენტაცია იმართება კორპორაციული პასუხისმგებლობის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს CSR კლუბი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს

კვლევის კითხვარი რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან შედგება:

• ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა;
• კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი;
• კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება;
• ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები;
• გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა;
• კორუფციასთან ბრძოლა;
• ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა;
• პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან.

ძირითადი მიგნებები:

• მსხვილ და საშუალო კომპანიებს უფრო მეტ შემთხვევაში გააჩნიათ გაწერილი დოკუმენტაცია კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებს. თუმცა, CSR დეპარტამენტი ან მენეჯერი ცალკე არ არსებობს და ეს ფუნქციები ძირითადად სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ არის შეთავსებული.

• მსხვილი საწარმოების უმრავლესობას ბოლო 3 წლის განმავლობაში განუხორციელებია კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული თუნდაც 1 პროექტი. მცირე ზომის კომპანიების 80%-ზე მეტი აცხადებს, რომ არ განუხორციელებიათ ასეთი აქტივობა. კომპანიების უმეტესობას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის.

• კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების კუთხით, მხოლოდ მსხვილი და საშუალო კომპანიების ნაწილი აღნიშნავს, რომ შუქდება მათი აქტივობები. მცირე ზომის კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არ აშუქებს ამ საქმიანობას. ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო არხი არის ინტერნეტი.

• ქალი თანამშრომლების და მენეჯერების პროპორციული წილი უფრო მეტია მსხვილ და საშუალო ზომის ორგანიზაციებში ვიდრე მცირე ზომის კომპანიებში.

• კორუფციის კუთხით პრევენციის მექანიზმები სუსტია, განსაკუთრებით მცირე ზომის ორგანიზაციებში.

• ქველმოქმედების და სპონსორობის კრიტერიუმები და პროცესი ფორმალურად ორგანიზაციების უმეტესობას არ აქვს გაწერილი.

• ყველაზე პოპულარული თემები, რომლებსაცსაქართველოში მოქმედი ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობები არის: სიღარიბის დაძლევა, შიმშილის აღმოფხვრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

• სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო სექტორს მნიშნელოვანი საკომუნიკაციო სამუშაოები აქვს ჩასატარებელი ბიზნეს სექტორთან, რათა დაანახონ პარტნიორობის ორმხრივი სარგებელი, რადგან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სმენია. მეტნაკლებად იგივე სურათია არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის თაობაზე.

 

განხილვა