24
Sep
2019

Facebook-მა იყიდა სტარტაპი, რომელიც მოწყობილობების ნეირონულ მართვაზე მუშაობს

24 Sep 2019

Alta
Alta


ფეისბუკმა CTRL-labs იყიდა. ეს არის ნიუ-იორკში დაარსებული სტარტაპი, რომელიც ქმნის ნეირონულ დონეზე მგრძნობიარე აქსესუარებს. მათი დახმარებით, ნერვული იმპულსების ციფრულ სიგნალებად თარგმნა ხდება, შესაბამისად კი, შესაძლებელია სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობის მართვა, შეხების გარეშე.

Bloomberg-ის ცნობით, ფეისბუკმა CTRL-labs-ის შესაძენად 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე გადაიხადა. აქამდე სტარტაპი თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა GV, Lux Capital, Amazon-ის Alexa, Spark Capital და ა.შ. სავარაუდოდ, ფეისბუკისა და სტარტაპის გარიგების შემდეგ, ის Facebook Reality Lab-ს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ CTRL-labs-ის თანადამფუძნებელი და CEO – ტომას რეარდონი ვეტერანი ტექნოლოგია, რომელთანაც ასოცირებულია Microsoft-ის გუნდის შექმნა, რომელმაც, თავის მხრივ, Internet Explorer-ის შექმნაზე იზრუნა. ის უერთდება Facebook-ს, ისევე, როგორც მისი გუნდი.

Facebook-ისგან ბევრჯერ გვსმენია არაინვაზიური მოწყობილობების შესახებ, რომლებიც „ფიქრების კითხვის“ გზით შეგვაძლებინებს, თუნდაც, ისეთი მექანიკური სამუშაოს არამექანიკურად შესრულებას, როგორიც კლავიატურაზე ბეჭდვაა. აღნიშნული პროექტი საუნივერსიტეტო კვლევისა და ექსპერიმენტების ეტაპზეა. მოწყობილობების დისტანციურად – გონებით მართვა კი შესაძლოა, არც ისე შორეული პერსპექტივა. მით უფრო მაშინ, როცა ვხედავთ ფეისბუკის პოლიტიკას – შეიძინოს ახალი კომპანიები, შესაბამისად კი ცოდნა და შესაძლებლობა, იყოს ნოვატორი ამ კუთხით.

Facebook-ის AR/VR მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი – ენდრიუ ბოსვორსი ამბობს:

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მეტად ნატურალური და ინტიუტიური გზები მოწყობილობებთან საურთიერთოდ. ჩვენ გვინდა ისინი შევქმნათ. ეს არის მიზეზი, რის გამოც CTRL-labs-ის შეძენა გადავწყვიტეთ. ისინი შემოუერთდებიან Facebook Reality Lab-ს, სადაც, იმედი გვაქვს, შევქმნით ამ ტიპის ტექნოლოგიას და სწრაფად დავნერგავთ მას ჩვენს სამომხმარებლო პროდუქტებში“.

აღსანიშნავია, რომ CTRL-labs-ის მიერ, აქამდე შექმნილი ტექნოლოგია არ არის ორიენტირებული ფიქრით ბეჭდვაზე (რაც ფეისბუკის აქცენტია). ის უფრო ორიენტირებულია კუნთების მოძრაობაზე, მათ დაფიქსირებაზე და ნერვული სიგნალების დონეზე, კომპიუტერის მართვის გამოცდილების შექმნაზე. თუმცა, ცხადია, ამ გარიგების შედეგად ფეისბუკის რიგებში გაცილებით მეტი ნიჭიერი და გამოცდილი კადრი იყრის თავს და არამხოლოდ „ფიქრით ბეჭდვისთვის“ საჭირო მოწყობილობის დახვეწის მიზნით.

აქამდე Oculus ქმნიდა ფეისბუკის ვირტუალური რეალობის პროდუქტებს (Quest, Rift S), თუმცა CTRL-Labs-ს შეუძლია დაეხმაროს ტექნოლოგიურ გიგანტს ისეთი მოწყობილობების შექმნაში, რომელიც ნაკლები მოცულობის, პრაქტიკული და მეტად ძლიერი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკი, ამ კვირაში გეგმავს დეველოპერების კონფერენცია Oculus Connect 6-ს, სადაც, ალბათ, უფრო დეტალურად გავიგებთ კომპანიის AR/VR  გეგმების შესახებ.

განხილვა