29
Aug
2019

იოგურტის ქილებისგან, კარტოფილისგან თუ ადამიანის თმისგან შექმნილი სათვალეები

29 Aug 2019

Alta
Alta


გიფიქრიათ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ, სიმინდის, იოგურტის, ან კარტოფილის ნარჩენები. მეტიც, რაში შეიძლება გამოგვადგეს თმა, რომელიც გვცვივა? ბრიტანულმა სათვალეების ბრენდმა Cubitts გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და მსგავსი ნარჩენებისგან კოლექცია შეექმნა. ასე გამოიყენეს 10 სხვადასხვა ტიპის ნარჩენი 10 ახალი მოდელის შესაქმნელად. მაგალითად, ქვემოთ მოცემული სათვალე სიმინდის მარცვლებისა და სახამებლისგან დაამზადეს.

Cubitts-ში, ტრადიციულად, სათვალის ჩარჩოს დასამზადებლად ცელულოზის აცეტატს იყენებენ. ეს ერთგვარი სინთეტიკური პლასტმასაა, რომელიც ხის რბილობისა და ბამბის შერწყმით მიიღება და ამ ტიპის მასალის გამოყენებით, კომპანია ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე. თუმცა, ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ გამოხატეს ცვლილებებისთვის მზაობა და კოლექციის დასამზადებლად სცადეს სხვა, ნარჩენებისგან მიღებული მასალის გამოყენება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ბრენდი ამ ტიპის პროდუქციის მასობრივ წარმოებას არ გეგმავს.

იოგურტის ქილებისგან შექმნილი სათვალე

ცხვრის მატყლისგან დამზადებული მოდელი

„ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მსუბუქი და სატარებლად მოსახერხებელი მოდელები. გარდა ამისა, ისინი მოდურადაც გამოიყურება. სათვალის ჩარჩოს დასამზადებლად ცელულოზის აცეტატი მოსახერხებელი და გამძლე მასალაა. მისი გრძელვადიანად მოხმარების შესაძლებლობა არის ის, რის გამოც ამ მასალის ჩანაცვლება ჯერ კიდევ გვიჭირს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტების გზით, ვიპოვით ღირსეულ და ეკო-მეგობრულ კონკურენტს“, – ამბობს Dezzen-თან ინტერვიუსას ტომ ბრატონი, Cubitts-დამფუძნებელი.

კარტოფილის ნარჩენებისგან დამზადებული მოდელი

კარტოფილის ნარჩენებისგან დამზადებული მოდელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მდგრადობის ნიშნით, ის ახლოსაა აცეტატთან. სხვა ინგრედიენტების დამატებით კი, მაგალითად, როგორიცაა ყავის მარცვლები, მუხის ქერქი ან ფეტვი, მისგან სხვადასხვა ტექსტურის მიღებაა შესაძლებელი.

ადამიანის თმისგან შექმნილი მოდელი

ერთ-ერთი მოდელის შესაქმნელად Cubitts-ის თანამშრომლებმა საკუთარი თმა გაიღეს. თმისგან მიღებული ფისოვანი მასალა სათვალის ჩარჩოს დასამზადებლად გამოიყენეს. გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნოლოგია დაინერგება, ანუ ადამიანის თმისგან მიღებული მასალით დამზადებული ჩარჩოები მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდება, შესაძლოა, გვქონდეს იმის შესაძლებლობაც, რომ საკუთარი თმისგან დამზადებული სათვალე ვატაროთ.

სხვადასხვა საკვების შეფუთვისგან დამზადებული მოდელი

ზოგი მოდელის შესაქმნელად პლასტმასა გამოიყენეს, რომელიც სხვადასხვა საკვების შეფუთვების გადამუშავებით მიიღეს. ეს იყო როგორც ბოთლები, ასევე იოგურტის ქილები, ან სამზარეულოს დაფები.

სამზარეულოს დაფებისგან შექმნილი მოდელი

ერთ-ერთი განსხვავებული დიზაინის მქონე მოდელი ძველი კომპაქტური დისკების (CD) გადამუშავების შედეგად მიიღეს.

ძველი კომპაქტური დისკებისგან (CD) მიღებული მოდელი

სოკოსგან დამზადებული მოდელი

აღნიშნული 10 დიზაინი, ჯერჯერობით, მხოლოდ პროტოტიპია, თუმცა, ტომ ბრატონი იმედოვნებს, რომ ზოგი მასალის მეტად დამუშავებისა და შესწავლის შედეგად, მასობრივი წარმოებისთვის გამოსადეგ, ეკო-მეგობრულ პროდუქციას მიიღებენ.

განხილვა