წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ ვიდეოთამაშს, სადაც უნდა გადალახოთ გამოწვევები და მოიპოვოთ ჯილდოები, რათა შემდეგ დონეზე გადახვიდეთ. სამსახურში კარიერული წინსვლაც ამის მსგავსია, მაგრამ დრაკონებთან ბრძოლის ან ქალაქების მშენებლობის ნაცვლად, თქვენ ოფისის პოლიტიკაში ნავიგაციასა და მიზნების მიღწევას ცდილობთ. ანალოგიურად იქცევიან თქვენი კოლეგებიც. ალბათ, ფიქრობთ: თუ ყველა ერთსა და იმავე თამაშს თამაშობს, როგორ შემიძლია წინ წავიდე?
სამუშაოს კარგად შესრულება არ კმარა. ბიზნესგარემოში, რომელიც აფასებს კრეატიულ აზროვნებასა და შედეგებს, მხოლოდ ბრძანებების შესრულება არ არის საკმარისი გამოსარჩევად. თანამშრომლებს, რომლებიც სწრაფად მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე, ხშირად აქვთ ძალიან კონკრეტული თვისება: ინოვატორის აზროვნება. საბოლოოდ, ეს ადამიანები პოზიციონირდებიან, როგორც ღირებული აქტივები, ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენებითა და თავიანთი ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების ხელშეწყობით. ახალი იდეების მუდმივად შემოტანითა და პრობლემების გადაჭრის პროაქტიული მიდგომის დემონსტრირებით, ისინი ბუნებრივად იქცევენ ხელმძღვანელების ყურადღებას.
განვიხილოთ პაულა ბარგის მაგალითი, რომელიც ამჟამად ვიცე-პრეზიდენტის (VP) პოზიციას იკავებს Cencora-ში. ორგანიზაციაში მისვლიდან ორი წლის განმავლობაში ის ორჯერ დაწინაურდა და დირექტორის პოზიციიდან VP-მდე მივიდა. პაულა მუდმივად იღებდა ინიციატივას კომპანიის სისტემების გასაუმჯობესებლად. ის აკვირდებოდა პროცესებს, ავლენდა ხარვეზებს, სთავაზობდა გადაწყვეტილებებს და დაეხმარა კიდეც კომპანიის მასშტაბით თანამშრომელთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ახლა 1000-ზე მეტ შიდა ინოვატორს აერთიანებს. მისმა პროგრესულმა დამოკიდებულებამ მას Cencora-ს გლობალური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების გუნდის მნიშვნელოვანი წევრის სტატუსი მოუტანა.
როდესაც თქვენ მოდიხართ იდეით, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, ზოგავს ადამიანების დროსა და ფულს, ან აუმჯობესებს თქვენი ორგანიზაციის მუშაობას კონკურენტულ ბაზარზე, ეს მიღწევები არ რჩება შეუმჩნეველი. სწორი აზროვნებით (რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციაზე) თქვენც შეგიძლიათ გამოირჩეოდეთ და მოიპოვოთ უპირატესობა ორგანიზაციაში.
გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა პრობლემების გადაჭრისას
ცნობისმოყვარეობა ასაზრდოებს ინოვაციას იმით, რომ იწვევს არსებულ მდგომარეობას და ახალი შესაძლებლობების შესწავლისკენ გიბიძგებთ. როდესაც დავალებებს – თუნდაც მოსაბეზრებელს – გაოცების გრძნობით უდგებით, უფრო სავარაუდოა, რომ ახლებურ გადაწყვეტილებებს აღმოაჩენთ არსებული პრობლემებისთვის.
როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში?
დასვით კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და სხვებს არასტანდარტულად აზროვნებაში: რა არის იმ პრობლემის ძირეული მიზეზი, რომლის გადაჭრასაც ვცდილობ? როგორ შემიძლია შევმატო ღირებულება, სწრაფად და მინიმალური ინვესტიციით? მიზანია, შევიქმნათ წარმოდგენა ძირეულ პრობლემაზე და გამოვავლინოთ ნებისმიერი დაშვება, რომელიც შეიძლება გვეღობებოდეს წინ.
მთავარია: გააზრებული კითხვების დასმა – და მათზე პასუხების პროაქტიულად ძიება – შეიძლება გახდეს ის, რაც გამოგარჩევთ მასისგან. ყოველი პროექტის შემდეგ ჩამოწერეთ, რამ არ იმუშავა და რას გვასწავლის ეს გამოცდილება სამომავლოდ.
ხელი შეუწყვეთ მუდმივ სწავლას
ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება. გაიხსენეთ, როგორ მოიცვა ხელოვნურმა ინტელექტმა კორპორაციული სამყარო. მუდმივ სწავლაზე დროის დათმობით – იქნება ეს სამუშაო საათებში თუ მის გარეთ – უზრუნველყოფთ, რომ თქვენი უნარები და ცოდნა იყოს რელევანტური და თანამედროვე. ამ სწრაფვამ ზრდის მიმართ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი უნარი, წვლილი შეიტანოთ თქვენს ორგანიზაციაში.
როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში?
გამოყავით კვირაში ერთი საათი სწავლისთვის. გაეცანით თქვენს სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებს, დაესწარით ნეთვორქინგის ღონისძიებას ან კონფერენციას, ან გაიარეთ ონლაინ კურსი თქვენი მიმდინარე პროექტების შესავსებად და უნარების გასაფართოებლად. მიზანია, იყოთ საქმის კურსში უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების შესახებ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია საჭიროების შემთხვევაში და გახდეთ მაღალკვალიფიციური თქვენი ინტერესის სფეროში.
სამუშაოს გარეთ, ჰობის შეძენა და ახალი გამოცდილების მიღებაც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს – როგორც კვლევები აჩვენებს, შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა გვეხმარება ახალი უნარების განვითარებასა და სამსახურში კრეატიულობის გაზრდაში.
წყარო: HBR