6
Mar
2019

რა კავშირშია უცხო ქვეყნების კულტურის ცოდნა ბიზნესთან?

6 Mar 2019

თუკი თქვენი ბიზნესი მსოფლიოს გარშემო ფართოვდება, უამრავი მოგზაურობა გიწევთ – უფრო და უფრო მეტ ადგილებში. ამგვარი ბიზნესების წყალობით ბიზნესმენებს ნახევარი ცხოვრების თვითმფრინავსა და სხვადასხვა ტრანსპორტში გატარება უწევთ. თუმცა, იმაზე ყველა თანხმდება, რომ მოგზაურობა მართლაც საინტერესო რამაა.

statiebi-bog
statiebi-bog

 

თითოეულ ქვეყანას თავისი წესები და ნორმები აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე/ბიზნესი. ამ სფეროში მოღვაწე ერთი ქვეყნის მკვიდრმა მეორე ქვეყანაში შეიძლება უცხოდ იგრძნოს თავი. არაუშავს, თუ თქვენ არ ფლობთ ცოდნას იმ ქვეყნების კულტურების შესახებ, რომლებშიც თქვენივე კარიერის გამო გიწევთ მოგზაურობა. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ თუკი ამ საკითხში გათვითცნობიერდებით და ადგილობრივ ტრადიციებზე ყურადღებას გაამახვილებთ, ბევრად უფრო კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ყველგან.

ადგილობრივი ბიზნეს-ჩვეულებები

სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ბიზნეს-ჩვეულება აქვს, რომელთა უცოდნელადაც, შესაძლოა, თავი კონკრეტულ სიტუაციაში უხერხულად იგრძნოთ. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის კულტურიდან გამომდინარე, იაპონიასა და დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ზუსტად ერთნაირი ბიზნეს-ნორმები ვერ შეგხვდებათ. ხოლო იმისთვის, რომ თქვენი პრესტიჟი და რეპუტაცია არ შელახოთ, კარგი იქნება, გაეცნოთ ამ ჩვეულებებს.

ენა

ცალკე საკითხია ენის სწავლა, რომელიც ბევრად გაგიადვილებთ საქმიანობას. მაგალითად, თუკი თქვენ ჩადიხართ საფრანგეთში და საუბრობთ ფრანგულ ენაზე, ამას ადგილობრივები ძალიან დაგიფასებენ. განსაკუთრებით, თუ ეს ადგილობრივები ბიზნეს პარტნიორები არიან. გარდა იმისა, რომ ამით თქვენს რეპუტაციას იუმჯობესებთ, ასევე, ანახებთ მათ პატივისცემასაც, რის შედეგადაც, მათში თქვენდამი მეტ ნდობას აღვივებთ. თქვენ კი, ამავდროულად, ცოდნას იღრმავებთ.

ჩაცმულობა

აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩაცმულობაც, რადგანაც ზოგიერთ ქვეყანას ამ მხრივ სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. მაგალითად, თუკი ერთ ქვეყანაში თავისუფალ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში შარვალ-კოსტუმი აუცილებელი იყოს. სწორედ ამიტომ, უნდა გაერკვეთ, სად როგორი ჩაცმულობის ნორმაა მიღებული და მხოლოდ ამის შემდეგ წახვიდეთ საქმიან შეხვედრაზე.

სამზარეულო

რას მოიცავს სხვა ქვეყნის კულტურა თუ არა დამახასიათებელ სამზარეულოს? სანამ სხვა ქვეყანაში წახვიდოდეთ, მოიძიეთ მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კერძებია უმეტესად გავრცელებული და რას შეიცავს ისინი, რომ შემდეგ – მაგიდასთან მოხვედრისას არაფერმა გაგაკვირვოთ. იცოდეთ, რა გენდომებათ და რა  – არა. ადგილობრივი სამზარეულოს მეტ-ნაკლებად ცოდნა პარტნიორებს თქვენდამი კეთილად განაწყობს, რაც შემდგომ საქმიანობაში შეიძლება დადებითად აისახოს.

ყველაფერ ამის იქით, კიდევ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი, თუმცა, თავდაპირველად, ყველაზე საჭირო ეს პუნქტებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიზნესის ანარეკლი/სახე თქვენვე ხართ და სწორედ ამიტომ, ის, თუ როგორი გამოჩნდებით საზოგადოებაში განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის რეპუტაციასაც.

წყარო: Inc



განხილვა