6
Mar
2019

„ცუმბო“ ნიშნავს „სამოთხეს დედამიწაზე“, Cumbo Pops კი – ხილის ქართულ პოპსს

6 Mar 2019

Startauperi
Startauperi


ცუმბოს პოპსის“ დაგემოვნება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, მაგალითად, ამჟამად, ისეთი გემოების პოპსების, როგორიცაა: კივი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კარალიოკი, ლიმონი ჯინჯერთან ერთად და სხვა.

მე ვარ მარი ჭუმბურიძე, პროფესიით სოციოლოგი, ხოლო მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, პოპსების შექმნის იდეა რეალობად მექცია, ჩემი ძირითადი საქმიანობა „ცუმბო პოპსს“ უკავშირდება. თუმცა, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემი პროფესია და მიღებული ცოდნა, ძალიან მეხმარება ბრენდის განვითარებაში. 

M: მარი, როდის და როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელით დამზადებული პოპსების ბრენდი შეგექმნათ?
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მსურდა პოპსების დამზადება, ამ საქმიანობის დაწყების ინსპირაციის წყარო Tbilisi Flea Market გახდა. მუდმივად ვადევნებდი თვალს მარკეტს და სურვილი მქონდა, მეც გავმხდარიყავი იმ მხიარულებისა და ბედნიერების მონაწილე, რაც დედაენის ბაღში უქმე დღეებზე ხდებოდა. 2017 წლის 26 აპრილს კი, როცა მარკეტის განახლების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, ის ნაბიჯი გადამედგა, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა უდიდესი ემოციებითა და დაუჯერებელი ისტორიებით შეავსო. 

M: რა მისიით გამოჩნდა „ცუმბო პოპსები“ ბაზარზე? რა პრობლემა უნდა გადაჭრას ბრენდმა?
ჩვენი პოპსების შექმნით კვებით ბაზარზე გაჩნდა ჯანსაღი გამაგრილებელი პროდუქტი, რომელიც ნატურალური ინგრიდიენტებით არის დამზადებული, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. ასევე, ცუმბოები არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, რძესა და გლუტენს.  სწორედ ეს ნიშან-თვისებებია ის ძირითადი მიზეზი, რაც განაპირობებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების, ვეგანების, დიაბეტით დაავადებული ადამიანებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების ჩვენდამი ინტერესს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ოჯახის წევრებმა შემარქვეს სახელი „ცუმბო“. პირველი ფლი მარკეტის წინამოსამზადებელ პერიოდში ვიყავი და  ბრენდის სახელზე რომ ვფიქრობდი, თითქოს ბუნებრივად, არჩევანი ცუმბოზე შევაჩერე. როგორც ვიცი, ამ სიტყვას სხვადასხვა განმარტება აქვს. მათგან, ჩემთვის კი ყველაზე გამორჩეულია „Also known as heaven on earth“, – მარი ჭუმბურიძე.

M: მარი, როგორც ამბობთ, პოპსები ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება… ნედლეულს საიდან იღებთ? და პოპსების დამზადებაზე ვინაა პასუხისმგებელი?
პოპსებს თავად  ვამზადებ, საკუთარი რეცეპტებით, ხილითა და მცენარეული დანამატებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ხელით დამზადებული პროდუქტი, პროცესი შრომატევადია. მომწონს ექსპერიმენტები და ვცდილობ, ბევრი ახალი, საინტერესო გემო შევქმნა. წიგნებისა და ელექტრონული რესურსების საშუალებით კი მუდმივად ვეცნობი სიახლეებს. რაც შეეხება ნედლეულს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ ვთანამშრომლობ. მათი დახმარებით ვიღებ ახალ, ჯანსაღ ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან.

M: სად შევხვდებით „ცუმბოს პოპსებს“?
ტრადიციულად, ცუმბოს ურიკა შეგიძლიათ სხვადასხვა ფესტივალზე იპოვნოთ და რაც მთავარია, Tbilisi Flea Market-ზე, რომელიც ჩვენთვის თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდ დღესასწაულთან ასოცირდება.
მუდმივად, პოპსები შეგიძლიათ შეიძინოთ Tsibakha Game Club-სა და მაღაზია „ბიოველში“. ასევე, გვაქვს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი. ერთგულ მეგობრებთან შეხვედრა ყოველთვის საოცარ ემოციებთან არის დაკავშირებული.

ამასთან ერთად, ქეითერინგის სერვისის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი ურიკით გავიზიაროთ ადამიანების ბედნიერება და გავხდეთ მათთვის დაუვიწყარი დღეების ნაწილი: ქორწილში, დაბადების დღეზე, კორპორატიულ საღამოსა და სხვა ტიპის წვეულებაზე. ფერადი პოპსებით დაწყებული მეგობრობის ისტორიები ის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით და გვიყვარს. 

M: თქვენს ფეისბუკგვერდს თვალს ვადევნებთ და ვიცით, რომ ცუმბო ფერმერობას გეგმავს…
მას შემდეგ, რაც ეს საქმიანობა დავიწყე, ვოცნებობდი, საკუთარი ბაღის ხილისგან დამემზადებინა პოპსები. ახლა, როცა, გარკვეული ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე ბიომეურნეობის შექმნა ზემოიმერეთში, სოფელ კორბოულში. ამ მიმართულებით, უკვე დავიწყეთ გარკვეული სამუშაოები და მოუთმენლად ველით პირველ მოსავალს. ასევე, რამდენიმე თვის წინ, მცირე საწარმოს მოწყობა დავასრულეთ, მეურნეობის ტერიტორიაზე. ამჟამად, სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. სამომავლოდ კი, ბევრი საინტერესო იდეის განხორციელებას ვგეგმავთ მეურნეობის მიმართულებით. 

M: როგორია ცუმბოს მიმდინარე გამოწვევები?
ამჟამად, ჩვენი გამოწვევები მეურნეობის შექმნისა  და საწარმოო პროცესის რაიონში გადატანასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდება. ასევე, მეორე მნიშვნელოვან გამოწვევას იმ ადგილების რაოდენობის გაზრდა წარმოადგენს, სადაც მუდმივად შეგეძლებათ ჩვენი ფერადი პოპსების პოვნა.

განხილვა