“ყოველ დილით, სანამ უნივერსიტეტში მივალთ, მე და ჩემი მეგობარი ყავას მივირთმევთ. ერთ-ერთ ასეთ დილას, საუბრისას გაგვიჩნდა იდეა, რომ მარტივად შეგვეძლო ჭიქაზე რეკლამის განთავსება და შემდგომ მისი გავრცელება” -ამბობს CupsAd-ის ერთ-ერთი იდეის ავტორი ნოდარ კუკავა.
„ ჩვენი რეკლამა გულისხმობს ჭიქაზე რაიმე კომპანიის ლოგოს ან/და სხვა ვიზუალურად მარტივად აღსაქმელი მონაცემების დატანას და მათ უფასო მიწოდებას თბილისის იმ კაფეებსა და ყავახანებში, რომლებსაც ბრენდირებული ჭიქები არ გააჩნიათ“
M: რატომ იქნება ეფექტური რეკლამის ეს სახეობა?
ყავა / ჩაის დალევისას, უშუალოდ მომხმარებელი და გარშემომყოფებიც აფიქსირებენ განსხვავებულ ჭიქასა და მის დიზაინს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვეულ სასმელს სთავაზობენ რაიმე განსხვავებულ ჭიქაში, მინიმუმ, დაფიქრდება ამ საკითხზე, ან მეგობრებთან ერთად განიხილავს მას.
M: რატომ უნდა აირჩიოს დამკვეთმა განთავსების ეს ფორმა, სხვა მსგავსი ტიპის რეკლამებთან შედარებით, რა უპირატესობა აქვს?
პირველ რიგში, ჩვენი რეკლამა განსხვავებული, კრეატიული, მარტივი და იაფია. ამ სახის რეკლამის ძირითადი კონცეფცია ბრენდის ცნობადობის ამაღლება და შეხსენებაა. ვთვლით, რომ ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ეს ორი რამ სჭირდება, მათთვის ჩვენი რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება.
M: რა ფასები აქვს CupsAd -ს ?
ჭიქებით რეკლამირება ერთ-ერთი ეფექტური და ამავდროულად იაფი მარკეტინგული სვლაა. თუ შევადარებთ ამ სახის რეკლამას Facebook, Google Adsens ან უბრალოდ ბანერის ფასებს, იმავე დანახარჯით შესაძლებელია ბევრად უფრო მეტ ადამიანზე გასვლა.
M: სხვა ქვეყნებში თუ არსებობს მსგავსი ტიპის რეკლამა და რამდენად ეფექტურია?
იდეის გაჩენის შემდეგ, შევეცადეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია მსგავსი მარკეტინგული აქტივობების შესახებ და აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის განახორციელა Josh Light-მა, Salt Lake City-ს უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელმაც შეძლო ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევა.
M: თუ გქონდათ უკვე რეალური ქეისი, როცა განთავსდა რეკლამა და რა შედეგი მიიღო დამკვეთმა?
საწყისი ინვესტიციის გარეშე დავიწყეთ შემკვეთის ძიება და აგვისტოს შუა რიცხვებში დავითანხმეთ კომპანია “თალიზი”. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სექტემბრში მივიღეთ ჭიქების დიდი პარტია და რამდენიმე დიდ „მერჩანტს“ მივაწოდეთ ისინი. ამ ეტაპზე, ვაგრძელებთ ჭიქების ლოჯისტიკას და პარალელურად, ვფიქრობთ კომპანიის გაფართოებაზე. ვმუშაობთ ყავის აპარატების კომპანიებთან, რომ შევძლოთ აპარატებში ჩვენი ჭიქების შეტანა, რაც ჩვენს სადისტრიბუციო ქსელს საგრძნობლად გააფართოვებს.