ცნობისმოყვარეობა საუკეთესოდ განისაზღვრება, როგორც სწავლის, ახალი იდეებისადმი ღიაობისა და ახალი გარემოებისა და სიტუაციების შესწავლის მოტივაცია. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, არსებობს მკაფიო მიზეზები, რის გამოც ადამიანმა უნდა გამოიყენოს და განავითაროს საკუთარი ცნობისმოყვარეობა.
ცნობისმოყვარეობა ლიდერული ეფექტურობის მნიშვნელოვანი განზომილებაა. ასე რომ, თუ გსურთ გაუძღვეთ ადამიანებს, სწორედ ცნობისმოყვარეობა დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს თქვენს გუნდსაც დაეხმარება საკუთარი ცნობისმოყვარეობის შეცნობაში.
ცნობისმოყვარეობა საშუალებას გაძლევთ გააგრძელოთ განვითარება. ეს აუცილებელია, თუ გსურთ თქვენი კარიერა და საკუთარი თავი წინ წაწიოთ. წიგნი “I, Human: AI, Automation, and the Quest to Reclaim What Make Us Uniques” გვიყვება, თუ როგორ ვითარდება ცვალებად სამუშაო გარემოში ჩვენთვის საჭირო უნარები სწრაფად და რომ ჩვენი ცნობისმოყვარეობის განვითარება, დღეს, თვითგადარჩენის მექანიზმია.
მაინც, როგორ გავაძლიეროთ საკუთარი ცნობისმოყვარეობა?
გამორიცხეთ თავის მართლების ყველა მიზეზი
ყველას სურს იყოს ცნობისმოყვარე და ცოტა რამ არის უფრო ინტელექტუალურად დამაკმაყოფილებელი, ვიდრე საკუთარი ცნობისმოყვარეობის რესურსის ათვისება, იქნება ეს ტრივიალური საკითხები თუ ეგზისტენციალური. ეს კი საკმაოდ რთულია დროის ნაკლებობის პირობებში, როდესაც ყოფითი ამოცანებია გადასაჭრელი.
ჩვენ მიერ დასახელებული მიზეზები მხოლოდ თავის მართლებაა. სინამდვილეში, არაფერი გვიშლის ხელს, გამოვიყენოთ საკუთარი ცნობისმოყვარეობა. საჭიროა მხოლოდ სწორი პრიორიტეტების არჩევა და მიზანმიმართული ძალისხმევა სწავლისთვის, ახალი გამოცდილების მისაღებად და იმ უფსკრულის დასაფარად, რაც ვიცით და გვინდა ვიცოდეთ. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე გუნდში ან ორგანიზაციაში ადამიანები ავლენენ ცნობისმოყვარეობის საკმაოდ განსხვავებულ დონეს, მაშინაც კი, როდესაც მათ ერთი და იგივე ხელმძღვანელი მართავს.
ნუ ელით, რომ თქვენი მენეჯერი გამოიყენებს თქვენს ცნობისმოყვარეობას – ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. გაითვალისწინეთ:
* დღეში 20-30 წუთი დაუთმეთ შემოქმედებით ვარჯიშს მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ ან მალე იწყება თქვენი სამუშაო საათები.
* გააზიარეთ იდეები კოლეგებთან, განსაკუთრებით გრძელვადიანი სტრატეგიული ან არსებული საკითხები პროცესებისა და სტრატეგიების გაუმჯობესების შესახებ
* მიეჩვიეთ, იკითხოთ „რატომ“ რაც შეიძლება ხშირად, შეძლებთ ეტაპობრივად საკითხებზე დაკვირვებას სიღრმისეულად და არა ზედაპირულად.
შეცვალეთ საკუთარი რუტინა
კვლევამ აჩვენა, რომ შემოქმედებითი და ცნობისმოყვარე ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მახასიათებელი არის რუტინის აუტანლობა, რაც მათში სწრაფად აღძრავს მოწყენილობას და თიშავს პროცესიდან. შესაბამისად, თქვენს ჩვეულებრივ რუტინაში ცვლილებების შეტანა შექმნის ახალ გამოცდილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი იდეები და კითხვები.
ჩვენი ტვინი ფუნტამენტურად ზარმაცია, ამიტომაც ვართ მიდრეკილები ვაკეთოთ ის, რაც ნაცნობია ჩვენთვის. ამით ვირიდებთ თავიდან სტრესს, შფოთვასა და მეტ მუშაობას. როდესაც ახალ სიტუაციაში ხართ, უნდა მიეჩვიოთ რაღაც ახალს და არა იმ ავტოპილოტს, რაც აქამდე გახასიათებდათ.
იექსპერიმენტეთ
ცნობისმოყვარეობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის სახალისოა. ცნობისმოყვარეობა აძლიერებს ფოკუსირებას, კონცენტრაციას და ქმნის ნაკადის მდგომარეობას, შემოქმედებითობისა და ექსპერიმენტებისთვის. შეხედეთ ამას, როგორც შესაძლებლობას გამოცადოთ რამე უცხო, დააკავშიროთ ახალი იდეები და დაუსვათ უფრო ღრმა, მეტად შინაარსიანი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ გადაგიყვანოთ უცნობ თავგადასავალში.
საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიღწევებმა, განსაკუთრებით გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტუალმა, შეამცირა ადამიანის ცოდნის ღირებულება, რადგან ხელოვნური ინტელექტი, როგორც წესი, მეტ კითხვაზე პოულობს პასუხებს, ვიდრე ადამიანი. და მაინც, ხელოვნური ინტელექტი კვლავ ეყრდნობა ადამიანებს, რომლებიც მას უსვამენ სწორ კითხვებს.
წყარო: HBR











