in

როგორ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა დინამიკური საჭიროებები?

თუ ადრე კომპანიის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 32 წელს შეადგენდა, ახლა იგი 21 წელზე ჩამოვიდა და ასეა სხვა მრავალ საკითხშიც. აქტუალობის ხანგრძლივობა ასე მცირე ჯერ არასდროს ყოფილა, თუმცა თუ ტექნოლოგიურ წინსვლაზე, კულტურულ ძვრებზე, პანდემიასა და გლობალურ კონფლიქტებზე ვისაუბრებთ, ეს არც გასაკვირი უნდა იყოს. მიღებული ცვლილება კი არა მარტო სწრაფად ხდება, არამედ უფრო საფუძვლიანი გზებით. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

გაურკვეველი და ქაოტური გარემოს წინაშე მყოფი ადამიანები ხელახლა ფიქრობენ, ვინ არიან ისინი და რას აქვს მათთვის მნიშვნელობა. Accenture-ის გამოკითხვის მიხედვით, ადამიანთა 60%-ის პრიორიტეტი გლობალურ მოვლენებზე დაყრდნობით იცვლება. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობამ ხელახლა გადააფასა ცხოვრების მიზანი და ღირებულებები. 

ხოლო, როდესაც ისინი ამ ცვლილებებს ეგუებიან, პარადოქსულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ სურთ შესყიდვები ისეთ ღირებულებებზე დაფუძნებით, როგორიცაა, მაგალითად, მდგრადობა. მაგრამ მათ ასევე უნდათ კარგი ღირებულება თავიანთი ფულისთვის. საუკეთესო ინტერესის მიხედვით სურთ მოქმედება და ამასთან, სხვებისთვის ცვლილებების მოხდენა. სრულყოფილი გადაწყვეტილებების არარსებობის შემთხვევაში კი, ისინი აკეთებენ იმ არჩევანს, რომელიც კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესოა. 

პარადოქსული გადაწყვეტილებები ახალი არ არის, თუმცა ის გზები, რომლითაც ადამიანები მას იღებენ, ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს. მომხმარებელთა თითქმის 70% ამბობს, რომ არათანმიმდევრული ქცევა ძალიან ადამიანური და სრულად მისაღებია. მაგრამ ისინი იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ბიზნესი უნდა პროგრესირდეს. წუხან, რომ კომპანიები მათ ცვლად საჭიროებებს საკმარისად სწრაფად არ პასუხობს. რეალურად კი ამ საჭიროებების დაკმაყოფილება და ახალი გზის გახსნა მზარდი ბიზნესისთვის ახალ მიდგომას მოითხოვს.

მომხმარებელთა ცენტრიდან ცხოვრების ცენტრამდე

დროთა განმავლობაში ბიზნესები პროდუქტზე ორიენტირებული მიდგომიდან, რომელიც ფოკუსირებული იყო შესრულებაზე, მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე გადავიდნენ, რაც გამოცდილებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას გულისხმობს. მაგრამ ახლა დინამიკა კიდევ უფრო ჩახლართულია. კომპანიებმა თავიანთი მომხმარებლები უნდა მიიღონ, როგორც მუდმივად ცვლადი, კომპლექსური ადამიანები, რომელზეც გავლენას არაპროგნოზირებადი გარე ძალები ახდენს. დიახ, ახლა ცხოვრებაზე ორიენტირების დროა. 

ცხოვრებაზე ორიენტირებული ბიზნესი იმ ძალებს იყენებს, რომლებიც ყველაზე ღრმად მოქმედებს მათი მომხმარებლების ცხოვრებაზე, მაგალითად, ტექნოლოგია, ჯანმრთელობა და კულტურა. ისინი რელევანტურები ხდებიან ცხოვრებისეულ ძალებსა და მათი მომხმარებლების ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს შორის ურთიერთგაგების გზით. ამას კი პროდუქტების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომსახურების გამოცდილების მუდმივი განვითარების გზით ახერხებენ. 

მომხმარებელთა სრული ცხოვრების დანახვა ტექნოლოგიების გარშემო ცვალებად კულტურულ და სოციალურ ნორმებზე რეაგირებისთვის გზების პოვნას ნიშნავს. მაგალითად, Microsoft-მა მზარდი უფსკრული დაინახა იმ ორგანიზაციების რაოდენობას შორის, რომლებსაც ესაჭიროება ციფრული განახლებები და იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დეველოპერები იყვნენ, ამიტომ Power Pages გამოუშვა. ეს ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სწრაფად შექმნან მაღალი დონის, მონაცემებზე ორიენტირებული ვებსაიტები რთული ბიზნეს სცენარებისთვის, რათა მიაღწიონ მომხმარებლებსა და საზოგადოებებს უფრო ფართო მასშტაბით, იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორ მოახდინონ კოდირება. უბრალოდ ახალი პროდუქტის მიწოდების ნაცვლად, Microsoft-მა შექმნა ის, რაც ცხოვრების უფრო ფართო გარემოებებს უპასუხებდა, რათა ორგანიზაციებს ცვლადი საჭიროებების დაკმაყოფილება შესძლებოდათ. ასე კი ორგანიზაციებმა მიიღო თანამედროვე, დაცული და სანდო პლატფორმა, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა, მიეღოთ მასიური ცვლილებები და დაეჩქარებინათ ციფრული ინოვაციები, თანაც, ტექნიკური ცოდნის მაღალი დონეების გარეშე.

თქვენი კომპანიის ცხოვრების ცენტრზე გადასვლა

ამისთვის კომპანიებმა უნდა გააფართოონ თავიანთი სტრატეგიული სიცარიელე. ციფრული ტრანსფორმაცია კი პროცესის ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. დროთა განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს ტემპის შენარჩუნებაში ან მომავალში რელევანტურობის მოპოვებაში. ცხოვრებაზე ორიენტირებულობა კი სამ საკითხს მოიცავს: დანახვას, გამკლავებასა და გამარტივებას. 

დაინახეთ მომხმარებლები მათი სრული ცხოვრებით

მომხმარებლებთან, როგორც უბრალოდ მყიდველებთან მოპყრობის ნაცვლად, ბიზნესებს სჭირდებათ, დაინახონ მრავალგანზომილებიანი ადამიანები, რომლებიც ბევრ როლს თამაშობენ, თითოეული კი ღირებულების შესაქმნელად ახალ შესაძლებლობას აჩენს. 

ბიზნესებს ასევე სჭირდებათ გააფართოონ მათი გაგება იმ ძალების შესახებ, რომლებიც დიდად მოქმედებს მომხმარებელთა ცხოვრებაზე. მომხმარებელთა ანალიტიკა კი მარტო აღარ არის საკმარისი, საჭიროა ცვლილებების მონიტორინგი ტექნოლოგიაში, კულტურაში, პოლიტიკაში, ჯანმრთელობაში, გარემოსა და ეკონომიკაში. 

გაუმკლავდით ცვლად სცენარებს

ცხოვრებაზე ორიენტირებული ბიზნესები მზად არის მიაწოდონ ახალი გადაწყვეტილებები მუდმივად ცვალებად, რესურსებით შეზღუდულ გარემოს, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებითა და ადაპტირებულობის შეთავაზებით, კომპანიებს შეუძლიათ დარჩნენ რელევანტურები გარემოებების განვითარების პირობებშიც კი.

გაამარტივეთ რელევანტურობა

ორგანიზაციებმა უნდა გაამარტივონ არა მხოლოდ ის,რასაც სთავაზობენ, არამედ ისიც, რაშიც მუშაობენ. უნდა მიანიჭონ პრიორიტეტი ურთიერთთანამშრომლობას მომხმარებელთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციაში, იქნება ეს პროდუქტის ინოვაცია, მარკეტინგი, გაყიდვები, მომსახურება თუ კომერცია.

ხოლო, ზოგადად, მომხმარებლებს სურთ ყველაფერი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამარტივებს. კომპანიებმა უნდა ეძებონ მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და ადამიანთა გამოცდილება, რათა დაამყარონ კავშირები ადამიანთა საჭიროებებსა და ცხოვრების გარე ძალებს შორის, რომლებიც შთააგონებს მათ. ამ ორს შორის ხიდის აგება აძლევს მათ იმას, რაც სურთ და ეხმარება ბიზნესებს, დარჩნენ რელევანტური. 

ცხოვრების წინა და ცენტრალურ პლანზე წამოწევა

ნამდვილი ცხოვრებაზე ორიენტირებული ბიზნესები მხოლოდ ახლა იწყებს აღმოცენებას და ასეა ჯილდოების შემთხვევაშიც. ამ მიდგომის მქონე კომპანიები ხშირად კონკურენტულ უპირატესობასაც იპოვებენ, უფრო მდგრადები არიან, ბაზარზე სწრაფად ვითარდებიან და მომხმარებლებსაც ინარჩუნებენ. ხოლო ის კომპანიები, რომელთაც ეს მიდგომა არ აურჩევიათ, მეტად სავარაუდოა, რომ შემოსავლების შემცირებას უნდა ელოდონ. 

მომხმარებლები სწრაფად იცვლებიან, მაგრამ ასევე იცვლება დღეს ზოგიერთი წამყვანი კომპანიაც. რისკები აქაა, თუმცა ჯილდოც აქვე იმალება. საბოლოო ჯამში კი კომპანიებს არ შეუძლია ოპტიმიზაცია გაუკეთონ რელევანტურობას. სანაცვლოდ, მათ უნდა აღმოაჩინონ ის ცხოვრებაზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც რთულ დროში აყვავებისთვის საჭირო შემოქმედებითობას, სისწრაფესა და ადაპტირებას უზრუნველყოფს.

წყარო: HBR



რა ძალა აქვს მუსიკის მოსმენას? — Spotify-ის ახალი კამპანია

Toyota-ს კამპანიაში ადამიანები ყველა დაბრკოლებას უმკლავდებიან