9
Oct
2019

როგორი უნდა იყოს CV, რომ სამსახურის პოვნა გაგიადვილდეთ? – “იელის” ექსპერტები გვირჩევენ

9 Oct 2019

სამსახურის ძიების გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზს უძებნიან. ზოგი ხელისშემშლელ გარემოებად ვაკანტური ადგილების სიმწირეს ასახელებს, სხვები – ნეპოტიზმს… დიახ, ეს ის გარე ფაქტორებია, რომლებზეც ნაკლებად თუ შევძლებთ ზეგავლენის მოხდენას, თუმცა, არის რაღაც, რაც ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული და ესაა ჩვენი რეზიუმე. როგორ გამოიყურება თქვენი CV? გიფიქრიათ, რომ შეიძლება ის ნაკლებად აღქმადია პოტენციური დამსაქმებლისთვის და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც არასათანადოდ შეაფასეს და აქედან გამომდინარე, არ დაგიკავშირდნენ? რისი გაუმჯობესებაა საჭირო? როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას? “იელის უნივერსიტეტის” კარიერული სტრატეგიის განყოფილება გვთავაზობს რჩევებს, როგორ მოვამზადოთ რეზიუმე:

pasha-statiebi
pasha-statiebi

შესრულებული სამუშაოები

რა საქმე გაგიკეთებიათ? ეს შეიძლება იყოს პუნქტებად ან წინადადებების სახით ჩამოწერილი სია, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე აწვდით ინფორმაციას. მარტივად ჩამოწერეთ თქვენი როლი და პასუხისმგებლობა. ამასთან, იელის ექსპერტები გირჩევენ, დაანახოთ თქვენი სავარაუდო ფუნქცია პოტენციურ დამსაქმებელს. ჩამოწერეთ გამოცდილება შემდეგ ფორმატში, ასეთი თანმიმდევრობით:
შესრულებული საქმე [X] შესრულების დონე [Y] ფუნქცია [Z].

გამოყავით ქვესათაურები, სადაც თქვენს გამოცდილებაზეა ხაზგასმა

თქვენი სამუშაო გამოცდილება და ხელმძღვანელობის უნარი შეიძლება იქცეს საკვანძო საკითხად თქვენი დაქირავებისას, ამიტომ ამ სექციას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. იელის ცნობით, უმჯობესია მიუთითოთ ისეთი სათაურები, რომლებშიც გამოკვეთილია პოზიცია, რაზეც გიმუშავიათ და რომელიც კავშირშია ახლანდელ ვაკანსიასთან. ყოველ პუნქტში მიუთითეთ დამსაქმებლის ან კომპანიის სახელი, თქვენი როლი და მუშაობის პერიოდი. მაგალითად: Microsoft, UX დიზაინერი, რედმონდი, ვაშინგტონი, 2015 წლის სექტემბრიდან – დღემდე.

კითხვადობა:

რეზიუმეს მიზანია, დაგეხმაროთ კარიერაში და თქვენს დამსაქმებელს ნათელი სურათი შეუქმნას თქვენს უნარებსა და მიღწევებზე. ყოველივე ეს კი, მარტივად უნდა იყოს კითხვადი. დარწმუნდით, რომ სწორად გაქვთ შერჩეული ფონტი და ფორმატი, ხოლო თქვენი სახელი, სხვა ტექსტთან შედარებით, დიდად წერია. გაითვალისწინეთ ეს რჩევები: ყურადღება მიაქციეთ ფონტის ტიპს, ზომას, ფორმატს. მსხვილ და დახრილ ასოებს თუ გამოიყენებთ მხოლოდ ტექსტის გამყოფ ფრაგმენტებში. ფონტის ზომა უნდა იყოს 10-12. მინდვრები – 0.5-1 ინჩი. არ გამოიყენოთ ნაცვალსახელები. გამოცდილება მიუთითეთ უკუღმა ქრონოლოგიით. სასურველია, რეზიუმე არ იყოს 1 გვერდზე მეტი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 2 გვერდი, დოქტორებისთვის – 3. ერთი ტიპის ფორმა უნდა გამოიყენოთ ერთი ტიპის ინფორმაციაზე – მაგალითად, თუკი ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გიმუშავიათ სხვადასხვა პოზიციებზე, შეგიძლიათ Bold ან Italic გამოიყენოთ.

შეარჩიეთ სიტყვები სწორად

გამოცდილებაზე საუბრისას, თავიდან აირიდეთ სიტყვების უშინაარსოდ გამოყენება. ამის ნაცვლად, გაიხსენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც თქვენს მიღწევებს ცოცხლად გადმოსცემს.

რაოდენობრივი შედეგები

საკმაოდ ხშირად, პუნქტებად ჩამოწერილი ფრაზები ინფორმაციას გვაწვდიან საქმიანობაზე და არა შედეგებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობრივად შეაფასოთ თქვენი ნამუშევარი, რომ დამსაქმებელს აფიქრებინოთ, რამდენად კარგი შედეგების მიღება შეგიძლიათ. იფიქრეთ, როგორ წარმოაჩინოთ შედარება, ისე, რომ დამსაქმებელს ზუსტად შეეძლოს თქვენი ძირითადი მიღწევებისა და მათი მნიშვნელობის გარჩევა.

გახსოვდეთ, რა მიზანი გამოძრავებთ რეზიუმეს გაგზავნისას – რეზიუმემ უნდა მიგიყვანოთ გასაუბრებამდე, არაა აუცილებელი, რომ პირდაპირ დასაქმება გქონდეთ მიზნად.

 

წყარო: inc



განხილვა