in

ცხოველების მნიშვნელობა გარემოსთვის და ადამიანებისთვის

ერთი წამით მაინც თუ წარმოგიდგენიათ ჩვენი დიდი და ფერადი სამყარო ცხოველების გარეშე? მის გამართულ ფუნქციონირებაში ცხოველთა წვლილი უზარმაზარია. ცხოველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარემოს, ეკოსისტემისა და ჩვენი ცხოვრების სტაბილურობაში. ისინი შესანიშნავი თანამგზავრები არიან, განსაკუთრებით პაწაწინა ძუძუმწოვრები. გარემოს დაცვის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მათ გარეშე ჩვენი არსებობა შეუძლებელია. ისინი ხელს უწყობენ დამტვერვას, მავნებლებისა და კლიმატის კონტროლს. 

გარდა იმისა, რომ ისინი საყვარლები არიან და ხშირად ჩვენი ოჯახის წევრებიც ხდებიან, ცხოველები დადებით ზეგავლენას ახდენენ ბუნებაზეც. შეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ და არაერთხელ წარმოგიდგენიათ ისეთი სამყარო, სადაც „მგელი და კრავი” ბალახს ერთად ძოვენ, თუმცა ისევ და ისევ გარემოს ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ბუნებრივი ციკლის სწორად წარმოებისთვის აუცილებელია მტაცებლებისა და ბალახისმჭამელების არსებობა. თავის მხრივ, ბალახისმჭამელები როცა ჭამენ ბალახს, გამოყოფენ ნახშიროჟანგს, რომელსაც მცენარე ზრდისა და ჟანგბადის წარმოებისთვის იყენებს, ხოლო როცა ცხოველები იღუპებიან, მათი სხეული მიწაში მიკროორგანიზმებად იშლება და მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს აძლევს. ამ გზით ცხოველები ინარჩუნებენ ციკლს სტაბილურად.

ფუტკარი ყვავილებიდან ნექტარს აგროვებს და ამ პროცესში ყვავილებზე წებოვან მტვრის მარცვლებსაც კრეფს. როდესაც ისინი სხდებიან სხვა ყვავილზე, რათა შეაგროვონ მეტი ნექტარი, მტვრის მარცვალი იშლება და გროვდება ყვავილზე. ამ გზით ხდება დამტვერვა და იზრდება ახალი მცენარეები. შემდეგ ისინი წარმოქმნიან სიცოცხლის წყაროს – ჟანგბადს.

როდესაც ეს წონასწორობა დარღვეულია, როგორც წესი, ადამიანის ჩარევით, ყველაფერი თავდაყირა დგება.

რა უარყოფითი ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია ამ ციკლურობის დარღვევას?

თუ მტაცებელი ცხოველები განადგურდებიან, ეს გამოიწვევს ბალახისმჭამელთა რაოდენობის სწრაფ ზრდას. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს მცენარეთა სიცოცხლისა და ბალახის რაოდენობას ამ რეგიონში და ბუნებრივია, ბალახისმჭამელები გამოვლენ თავიანთი ჰაბიტატიდან. ბალახისმჭამელ ცხოველებს შეუძლიათ მთელი სეზონის მოსავლის განადგურება, ამიტომ არის აუცილებელი, რომ ბალანსი იყოს დაცული. 

ცხოველების კიდევ ერთი ეკოლოგიური მნიშვნელობა არის ის, რომ ისინი ზრუნავენ სხვა ცხოველებზე. ამის კარგი მაგალითია სპილო.

Wild elephant in the beautiful forest at Kanchanaburi province in Thailand, (with clipping path)

სპილოები ხორთუმს, რომელსაც აქვს თითქმის 40 000 კუნთი, საწყავი ორმოების ამოსათხრელად იყენებენ. სარწყავი ორმო არის გეოლოგიური ჩაღრმავება, რომელშიც წყალი გროვდება. ჰიდრატაციის შენარჩუნება აუცილებელია ყველა ცხოველისთვის და, შესაბამისად, წყალმომარაგება მათთვის გადამწყვეტია. სპილოები, ფაქტობრივად, ეხმარებიან დანარჩენ ცხოველებს წყლის მოპოვებაში.

შინაური ცხოველები

ცალკე დადებითი მხარეებითაა სავსე შინაური ცხოველების ყოლა. ადამიანები თავიანთ ოჯახის წევრებად თითქმის ყველანაირი კატეგორიის ცხოველს მოიაზრებენ, იქნება ეს ძუძუმწოვარი, ფრინველი, თევზი თუ მწერი. ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან კატები და ძაღლები და ბუნებრივია, ისინი ყველაზე მეტად ანთროპომორფიზებულები არიან ძუძუმწოვრებს შორის.

წყაროებში, რომლებიც ბუნების დაცვასა და ცხოველთა სამყაროზე გვაწვდის ინფორმაციას, ნათქვამია, რომ შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ძალზე დადებითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შინაური ცხოველების პატრონებს აქვთ დაბალი გულისცემა და არტერიული წნევა სტრესის დროს, ვიდრე მათ, ვისაც შინაური ცხოველები არ ჰყავთ. ამ კვლევაში მონაწილეობდა ადამიანთა ორი ჯგუფი, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები და რომლებსაც არ ჰყავთ. ისინი ექვემდებარებოდნენ სტრესულ სიტუაციებს კვლევის ფარგლებში. შემდეგ დაფიქსირდა მათი გულ-სისხლძარღვთა რეაქტიულობა. შედეგები აჩვენებს, რომ შინაური ცხოველის ყოლა მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შანსს და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას.

გარდა ამისა, health.harvard.edu-ს მიხედვით, ძაღლის თანამგზავრად ყოფნამ შეიძლება შეამციროს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე და შეამციროს სტრესის დონე ინდივიდებზე.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ შინაური ცხოველების მოვლა შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს ბავშვებს და მოხუცებს შფოთვითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით.

ბევრი მეცნიერის აზრით, შინაური ცხოველებს შეუძლიათ, დაგვეხმარონ მეტყველების თერაპიაში, ოკუპაციურ თერაპიაში და შემდგომ ფიზიკურ რეაბილიტაციაში. გაწვრთნილი ცხოველები შეიძლება იყვნენ საუკეთესო მომვლელები გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შინაური ცხოველების მქონე ადამიანები თავს ნაკლებად მარტოდ გრძნობენ. ძაღლები ასევე შესანიშნავია ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ მათთან ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ ან გაისეირნოთ.

გარდა ამისა, ზოგიერთი აღმოჩენა აჩვენებს, რომ შინაური ცხოველების თანამგზავრად ყოლამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სოციალური ინტერაქცია.

ფრინველები

მრავალრიცხოვანია ფრინველების როლი ბუნებისა და გარემოს მხარდაჭერაში. მწერების ჭამით ისინი ახორციელებენ მავნებლების კონტროლს. გარკვეული სახეობები მოქმედებენ როგორც ბუნების დასუფთავების ეკიპაჟი და ხელს უწყობენ მცენარის ზრდას; იცავენ მას ეროზიისგან თესლის დამარხვით, რომელიც გაიზრდება ხეებად, ფესვებით, რომლებიც ამაგრებს ნიადაგს. აღსანიშნავია, რომ ჩიტები ასევე მხარს უჭერენ ეკონომიკას, რადგან მათი სილამაზე საკმარისია ტურისტების მოსაზიდად მთელი მსოფლიოდან.

ტყის დამცველი

ციყვები მოქმედებენ როგორც ბუნების მებოსტნეები. იმის გამო, რომ ისინი ენერგიის უმეტეს ნაწილს ხეებიდან იღებენ, ციყვები აგროვებენ მათ სხვადასხვა მცენარისგან და მარხავენ მიწაში. ხშირად ციყვს ავიწყდება, სად დამალა საკვები, რითაც ის არსებითად თესავს ახალ ხეებსა და მცენარეებს ეკოსისტემების შესავსებად. მათმა საქმიანობამ შეიძლება გააფართოოს ტყეები და შეცვალოს მცენარეთა სახეობების შემადგენლობა.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი მაგალითები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ დიდ როლთან შედარებით, რაც ცხოველებს ჩვენს ცხოვრებაში უჭირავს, როგორც ისინი გარემოს ეხმარებიან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოველების გადაშენებას გარემოზე უპრეცედენტო და შეუქცევადი ზემოქმედება ექნება. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები, რათა შევამციროთ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაღუპვა და ამით დავეხმაროთ ბუნებას, რომლისგანაც სარგებელს, პირველ რიგში, ჩვენ ვიღებთ.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ახალი კვანტური კომპიუტერი ატომების სრულ დიაპაზონს იყენებს

რატომ არის სამომხმარებლო რიტუალების გამოყენება ბრენდისთვის მნიშვნელოვანი?