დღეს მსოფლიო იმაზე უფრო ხმაურიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს შინაურ ცხოველებსაც ძალიან აწუხებს. კვლევამ კი აჩვენა, რომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, ანუ ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს ხმაური შინაურ, ფერმისა და ზოოპარკის ცხოველებს.
შესაძლოა, ხმაურის ტიპს, სიხშირესა და ხანგრძლივობას გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მსმენელი ამ ბგერებს. საინტერესოა ისიც, რომ დიდ მაიმუნებს ადამიანების მსგავსი სმენის უნარი აქვთ, ცხოველთა სამყაროს დანარჩენი ნაწილი კი ბგერებს განსხვავებულად აღიქვამს.
მართალია, ამ მხრივ ჯერ ბევრი რამ არ იციან, მაგრამ უკვე გამოავლინეს, რომ ძლიერმა ხმამ, შესაძლოა, ლაბორატორიის თაგვების სმენა მნიშვნელოვნად დააზიანოს. ეს კი, სავარაუდოდ, მტკივნეულიც უნდა იყოს, რადგან ის თაგვი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს, განსხვავებულად რეაგირებდა ბგერებზე. ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება ლაბორატორიის თაგვებში სწავლის უნარსაც კი ამცირებდა.
რაც შეეხება გარეულ ცხოველებს, ხმაურისას ისინი ქრონიკულ სტრესს განიცდიან, ამასთან, ნაყოფიერების პრობლემებიც აქვთ და ხმაურის საპასუხოდ მიგრაციის მარშრუტებსაც კი ცვლიან. გამოდის, მათი დატყვევება ადამიანების მიერ ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.
ხმაური ცხოველებში შიშს, ტკივილსა და სხვა კოგნიტიურ პრობლემებსაც კი შეიძლება იწვევდეს. მაგალითად, თევზებში, ექსტრემალური ხმაურის ვიბრაციამ შეიძლება მათი საცურავი ბუშტი დააზიანოს, რასაც, თავის მხრივ, სმენასა და ცურვის უნარზე აქვს გავლენა. ხმაურის ვიბრაცია ცხოველების შინაგან ორგანოებსაც აყენებს ზიანს. ასე ხდება ფერმის ცხოველების შემთხვევაშიც, ისინი ტრანსპორტირებისას მაღალი ვიბრაციის დონეს განიცდიან.
დიახ, ცხოველებს ხანგრძლივი მუსიკალური ფესტივალები და ექსტრემალური ამინდიც აშინებთ და ამას ხანგრძლივი ეფექტიც აქვს. ხმისადმი მსგავსი მგრძნობელობა ძაღლების 50%-ს აღენიშნება. უმეტესობა კი მოულოდნელი ხმებითაა გამოწვეული და ცხოველებს აიძულებს, დაიმალოს.
საინტერესოა ისიც, რომ პრიმატებს, ფრინველებსა და ბაყაყებს დიდი ხმების გადაფარვა უფრო მაღალი ბგერების გამოცემით შეუძლიათ…
როგორ უნდა დავეხმაროთ ცხოველებს?
თუ თქვენი შინაური ცხოველი ხმაურით ისტრესება, მის დასამშვიდებლად ან ყურადღების გადასატანად მრავალი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათ შორისაა სინთეზური ფერომონები და სათამაშოები. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია.
თუ ცხოველებზე ზრუნვა გსურთ, უნდა დააკვირდეთ ადამიანის საქმიანობას, იქნება ეს მებაღეობა თუ დასუფთავება და იმას, თუ როგორ ასახავს გარემო ამ ხმის ტალღებს. ის შეიძლება დაიბლოკოს ან უკან დაბრუნდეს ისეთი მასალებიდან, როგორებიცაა, ცემენტი, მეტალი და მინა. ეს კი ხმაურს კიდევ უფრო აუარესებს.
შინაური ცხოველების დაცვა ჭექა-ქუხილისა და ფეიერვერკების ხმაურისგან კი დამატებითი ადგილების მოწყობით შეგიძლიათ, სადაც ისინი ამ ხმაურისგან თავის დაღწევას მოახერხებენ. მათ სახლებში რბილი ქსოვილების ქონა, იქნება ეს ბალიშები თუ გადასაფარებლები, ხმების დაბლოკვაში დაგეხმარებათ.