17
Oct
2016

ამღერებული ცხოველები და მათი ოცნებები DDB New York–ის ანიმაციაში

17 Oct 2016



ჩვენი ყოველდღიური კომფორტის ზონის მიღმა არსებობს უამრავი რამ, რასაც ჩვენი თვალი ვერ ამჩნევს, გონება კი ვერ აღიქვამს. თუმცა, თუ ჩვენ რაიმეს ვერ ვხედავთ, სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს ან არ გვეხება. სამყაროს განვითარებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობების “გაუმჯობესების” ხარჯზე, ბუნებაში ფატალური ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს. სწორედ ამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით, სააგენტო DDB New York–მა ემოციური და საინტერესო მუსიკალური ანიმაცია შექმნა.

ვიდეო სააგენტომ Wildlife Conservation Film Festival–ისთვის გადაიღო. ანიმაცია ცხოველებს და იმ უსასტიკეს ქმედებებს ეხება, რასაც ჩვენ ადამიანები, სამწუხაროდ, გააზრებულად ჩავდივართ. ვიდეორგოლი ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონის” ეკრანიზაციის მთავარი სიმღერის მოტივებზეა შექმნილი. უდარდელი წეროსგან, თავისუფალი ვეშაპისგან, ბედნიერი მარტორქისგან და მხიარული პატარა სელაპისგან მოსმენილი “I Dreamed a Dream” გულგრილს ვერავის დატოვებს.

 

სამწუხარო რეალობა ასეთია: საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნები ნავთობის მოპოვებასა და მის მომარაგებაზე ყოველდღიურად იბრძვიან, თუმცა ის ფაქტი, რომ ამით გარემოს უშველებელ ზიანს აყენებენ და საბრალო წეროს საარსებო წყაროს უკლავენ, მათთვის უმნიშვნელოა. მხოლოდ იმიტომ, რომ მარტორქის რქის სულ ერთი გრამი 110 დოლარი ღირს, ეს უნიკალური ცხოველები უკვე გადაშენების პირას არიან, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ნადირობენ მათზე, ეს არ ადარდებთ და არც ჩვენ ვუწევთ წინააღმდეგობას. გადაშენების საფრთხე ემუქრებათ ვეშაპებსაც, მათი ხორცი ზოგიერთ ქვეყანაში დელიკატესია, ცხიმი კი საკმაოდ ძვირფასი, ამიტომაც ვეშაპებზე ნადირობა ჯერ კიდევ გასული საუკუნეებიდან დაიწყო და დღემდე შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც მთავარია, ქალბატონებო, იმისთვის, რომ თქვენი კანი ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდეს, ათასობით სელაპი იხოცება და მათი საკმაოდ ბევრი სახეობა უკვე გადაშენდა კიდეც, როგორც ჩანს, არც ეს გვაინტერესებს.

ამ დროს კი მათაც აქვთ ოცნება, ერთადერთი ოცნება, იყვნენ უსაფრთხოდ, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, იყვნენ მათი შვილების გვერდით და დაემორჩილონ ბუნების (და არა ადამიანის) კანონებს.

განხილვა