8
Aug
2019

კიბერდანაშაული, როგორც XXI საუკუნის გლობალური გამოწვევა

8 Aug 2019

Alta
Alta


XXI საუკუნე გლობალიზაციის ერაა. სამყარო სულ უფრო და უფრო “ღია” ხდება იმ პროცესებისადმი, რომლებიც საუკუნეების წინ კაცობრიობას წარმოუდგენელი ეჩვენებოდა. სულ უფრო მეტად სუსტდება საზღვრები ქვეყნებს შორის და ეს ერთგვარად კომუნიკაციის თანამედროვე გზების დამსახურებაცაა. ერთ-ერთი ამგვარი გზა კომპიუტერი და ინტერნეტია. კომპიუტერიზაცია – ეს ტერმინი ხშირად არის გამოყენებული საზოგადოების მიერ და მას განმარტავენ, როგორც გლობალიზაციის შედეგს. კომპიუტერიზაციის პროცესმა მართლაც უამრავი რამ გაამარტივა დროთა განმავლობაში, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ ბევრი უარყოფითი შედეგის გამომწვევიც გახდა.

კომპიუტერიზაციის ნეგატიურ შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ კიბერდანაშაული. კიბერდანაშაული დანაშაულებს შორის დღესდღეობით მეორე ადგილზეა – ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ. იგი გულისხმობს ნებისმიერ დანაშაულს, რომელიც კიბერსივრცეში ხდება. ამგვარ დანაშაულებში შეიძლება მოვიაზროთ სხვების კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, თავდასხმა კიბერ საიტებზე და შემდგომ მათი საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელება, საკრედიტო ბარათებისა და ელექტრონული პროგრამების პაროლების გატეხვა, პერსონალური ან სახელმწიფო დანიშნულების მქონე ინფორმაციის მოპოვება, რედაქტირება, გავრცელება.. ძირითად შემთხვევებში, გამოიყოფა რამდენიმე ტიპის კიბერდანაშაული:

კიბერშეურაცხყოფა: ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება ელ-ფოსტის ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით. პირის სქესობრივი, რასობრივი, რელიგიური ან სხვა სახის პირადი ცხოვრების შეურაცხყოფა..

კიბერვანდალიზმი: ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო ბაზების დაზიანება/განადგურება. ამის კარგი მაგალითია: კონკურენტი კომპანიების მიერ კორპორაციული კიბერჯაშუშის შეგზავნა მეტოქე დაწესებულებაში, რათა მან მოიპაროს გარკვეული ინფორმაცია, რითაც შეიძლება ქონებრივი ზიანი მიადგენს კომპანიას ან საერთოდ გაკოტრდეს.

კიბერგათეთრება: უკანონოდ მოპოვებული ფულის ინტერნეტ გადარიცხვა, წყაროსა და მიმღების ვინაობის დაფარვის მიზნით.

კიბერქურდობა: ქურდობა ინტერნეტსივრცის დახმარებით.

კიბერტერორიზმი: ამ შემთხვევაში დანაშაული სახეზეა, როდესაც პიროვნება ტეხავს სამთავრობო ან სამხედრო ვებ-გვერდს. ან, თუნდაც ინტერნეტსივრცეში იდეოლოგიურად მოტივირებული ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.

იმის მიხედვით, თუ ვის ან რის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული კიბერდანაშაული, 3 კატეგორია გამოიყოფა:

პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

კიბერდანაშაულის ისტორია მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. სწორედ მაშინ, როცა ელექტროგამომთვლელმა მანქანამ ალფონს კონფესორეს საშუალება მისცა, 600 ათას დოლარამდე მოეპარა. ამ ფაქტს, რასაკვირველია, მოჰყვა მსგავსი შემთხვევები. და თუკი აქამდე ქვეყნები ამ პრობლემის წინაშე არ იდგნენ, ამ პერიოდიდან ბევრმა მათგანმა შემოიღო კონვენციები და კანონები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ. სწორედ კიბერდანაშაულის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ამერიკა 5 მილიარდი დოლარის რაოდენობით ზარალობს, გერმანია კი – 4 მილიარდით.

გამომდინარე იქიდან, რომ დროის სვლასთან ერთად იცვლება მოქმედების საშუალებები, კიბერდანაშაული დღესდღეობით ის ხერხია, რომლითაც დამნაშავეებს არ უწევთ ფიზიკური დაპირისპირება სხვებთან. ზოგავენ დროს და ენერგიას და საჭირო ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით აკეთებენ. დღესდღეობით კიბერდანაშაული, უფრო სწორედ კი, კიბერტერორიზმია ის, რითიც სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძვიან. სამხედრო დაპირისპირების მაგივრად სულ უფრო პოპულარული ხდება ეს ხერხი და იგი თანამედროვე ომის ერთ-ერთ ნაირსახეობადაც შეიძლება, მოვიაზროთ. აქვე გავიხსენოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, რომელშიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირების გარდა, ეს ხერხიც გამოიყენა. ყველაფერ ამის შედეგად კი, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

და მაინც, სად უნდა ვეძებოთ კიბერდანაშაულის წარმომშობი წყაროები?

სახელმწიფო – უცხოეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებენ ინფორმაციის შეგროვებისა და ჯაშუშობისთვის. ეს ქმედებები კი შეიძლება მიმართული იყოს როგორც მეგობარი, ისე მოწინააღმდეგე ქვეყნების მიმართ, ან არასახელმწიფო სუბიექტების წინააღმდეგ.

კორპორაციები, კომპანიები – ისინი დაკავებულნი არიან სამრეწველო/კორპორაციული ჯაშუშობითა და/ან დივერსიული საქმიანობით, რაშიც ხშირად იყენებენ ჰაკერებსა და ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებს.

ჰაკერები – მათი მომსახურეობით სარგებლობენ არამარტო კორპორაციები და კომპანიები, არამედ სადაზვერვო ან სხვა სახის სპეციალური სამსახურებიც;

ჰაკტივისტები – ეს ტერმინი ნაწარმოებია ორი სიტყვის „Hack“ და “Activism” შეერთების შედეგად და აღნიშნავს სოციალური პროტესტის გამოხატვის ახალ მოვლენას, რომელიც წარმოადგენს თავისებურ სინთეზს რაღაცის მიმართ გამოხატული პროტესტის სოციალური აქტიურობისა და ჰაკერობის, რომელიც მიმართულია გარკვეული ვებ – გვერდების ან საფოსტო სერვისების წინააღმდეგ. თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჰაკტივისტები მიისწრაფვიან დააზიანონ ან საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანონ ზოგიერთი ვებ – გვერდი;

ტერორისტები – ცდილობენ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტები გამოიყვანონ მწყობრიდან, საერთოდ გაანადგურონ ან გაომიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. მათი ქმედება სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას, იწვევს ადამიანთა მასიურ მსხვერპლს, ასუსტებს ეკონომიკას, ასევე ზიანს აყენებს საზოგადოების მორალურ მდგომარეობასა და ამცირებს მათ სანდოობას ხელისუფლების მიმართ.

ბოტნეტი – ინტერნეტ-ბოტი, რომელიც ფარულადაა დაყენებული მსხვერპლის/ობიექტის კომპიუტერულ მოწყობილობაში, რაც დამნაშავეს/ბოროტმოქმედს საშუალებას აძლევს დავირუსებული კომპიუტერის რესურსების გამოყენებით, შეასრულოს გარკვეული ქმედებები.

ფიშერები – ეს არის ფიზიკური პირები ან პატარა დაჯგუფებები, რომლებიც იყენებენ ფიშინგის ტექნოლოგიებს პერსონალური რეკვიზიტების მოპარვისა და ფასიანი ინფორმაციების გადაყიდვის მიზნით.

სპამერები – ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც მასიურად აგზავნიან არამოთხოვნილ ელექტრონულ ფოსტას დაფარული ან მცდარი ინფორმაციით, რომლის მიზანია ფიშინგითა და ჯაშუშური პროგრამების გამოყენებით კონკრეტულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევის განხორციელება;

პედოფილები – ისინი აქტიურად იყენებენ ინტერნეტს საბავშვო პორნოგრაფიის გასავრცელებლად, ასევე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ ჩათების გამოყენებით, პოტენციური მსხვერპლების გასაცნობად.

კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. კიბერდანაშაულის შემთხვევები, ძირითადად, იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებაში მის შესახებ ცნობადობა მცირეა. რეალურად, ისე შეიძლება, თქვენი ბარათებიდან თანხა გაქრეს, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით კიბერდანაშაული მზარდ საფრთხეს წარმოადგენს და ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თუნდაც, ელემენტარულ დონეზე საჭიროა, მუდმივად ამოწმოთ თქვენი უსაფრთხოების პარამეტრები, აუცილებლად დააყენოთ ძლიერი პაროლები, მისცეთ თქვენს შვილებს მცირეოდენი ცოდნა ამ საფრთხის შესახებ, მუდმივად განაახლოთ თქვენივე პროგრამები, აქტიურად გამოიყენეთ ანტი ვირუსები და ა.შ

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა