Young Lions 2017-ის შიდაშესარჩევი კონკურსი CYBER-ის კატეგორიაში 1 აპრილს, „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში დარეგისტრირებული 24 გუნდიდან, კონკურსზე 22 გამოცხადდა. დავალების მიხედვით, კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ციფრული კამპანია, რომელიც გულისხმობდა საზოგადოებისთვის პერიოდული Check-up-ების, ანუ სამედიცინო შემოწმებების აუცილებლობის ხაზგასმასა და მათ სტიმულირებას. ბრიფი ეკუთვნის „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“. ფესტივალის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ( BGEO group). კონკურსის შედეგები 19 აპრილს გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში, კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით, გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს. მანამდე კი მარკეტერი CYBER-ის კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტს – ლაშა გოგუას, ასევე, აღნიშნული კატეგორიის ორ მონაწილეს – გაგა დარსალიასა (Redberry) და ანუკი კონიაშვილს (Leavingstone) ესაუბრა.
ლაშა გოგუა: პერიოდული სამედიცინო შემოწმების პრაქტიკა, ჩვენს კულტურაში არ ზის და ამის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, გუნდებმა შექმნეს ციფრული კამპანიები, პრიორიტეტი იყო ახალგაზრდა სეგმენტზე ზემოქმედების მოხდენა და მათი სტიმულირება Cheak-up-ების დასაწყებად. მონაწილეების მიერ იდეის შესრულებას შევაფასებდი საშუალოდ, იყო რამდენიმე, შედარებით, უკეთესი ნამუშევარი, ჯამში, რამდენიმე გუნდის ნამუშევარი რომ გაგვეერთიანებინა, ძალიან მაგარი რამ გამოვიდოდა. მაგალითად, იყო ნამუშევარი, რომელსაც ისეთი რამ აკლდა, რაც მეორეს ჰქონდა; ერთს ტექნიკური „სოლუშენი“ ჰქონდა კარგი, მაგრამ იდეა არ ჰქონდა ძლიერი და პირიქით. ეს გუნდები რომ გავაერთიანოთ, ძალიან მაგარი რამე გამოვა, რაც ძალიან გამიხარდა. საინტერესო ის არის, რომ პოტენციალი აქვთ, თუ კიდევ ექნებათ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, უფრო მეტი რამის გაკეთებას შეძლებენ, რეალურ ბიზნესში. საკმაოდ ბევრ მონაწილეს ეტყობოდა, რომ გამოცდილება აკლდა, რაც გამოსწორებადია და შესაძლებელია, სწავლის შემთხვევაში, მომავალში ხარისხიანი და იდეურად გამართული ნამუშევრის შექმნა შეძლოს. თუ ექნებათ ამ ბავშვებს ასპარეზი, აუცილებლად კარგ რამეებს დადებენ.
რაც შეეხება მონაწილეების კომენტარებს:
M: კანის ახალგაზრდულ ფესტივალში აქამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა და გამართლდა თქვენი მოლოდინები?
გაგა დარსალია – „რედბერი“: შარშანაც ვიყავი. გარემო, პრინციპში კარგი იყო, უფრო უარესს ველოდი, ადგილიდან გამომდინარე, რადგან მეგონა, ტექნოპარკთან შედარებით, სადაც შარშან გაიმართა ფესტივალი, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, არ იქნებოდა საკმარისი სამუშაო სივრცე, მაგრამ კარგად იყო ყველაფერი.
ანუკი კონიაშილი – „ლივინგსტონი“: მეორედ ვიყავი წელს და შარშანდელთან შედარებით, პრინციპში, უკეთესი იყო. ორგანიზატორების მონდომების მხრივ, კარგი იყო ძალიან. სამუშაოდ და გუნდის წევრთან დისკუსიისთვის ვისურვებდი უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს.
M: როგორ შეაფასებდით ბრიფს – დავალებას, რომელიც უნდა შეგესრულებინათ?
გაგა დარსალია: ბრიფი წელს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე შარშან.
ანუკი კონიაშილი: ბრიფი მომეწონა იმიტომ, რომ ძალიან რეალური პრობლემა იყო დასმული და ყველას აწუხებს, მათ შორის, ჩემს ოჯახშიც ბევრს აწუხებს ეს თემა და საინტერესო სამუშაო იყო, მოკლედ.
M: რაც შეეხება ფორმატს, რამდენად მოსახერხებელი იყო თქვენთვის 24 საათიანი სამუშაო დრო?
გაგა დარსალია: თითქმის სრულად ავითვისეთ, სადღაც 18 თუ 20 საათს ვიმუშავეთ. შარშან ცოტა იყო დრო და ბოლომდე მიყვანა ვეღარ მოვახერხეთ ბევრმა. ბორდის აწყობას საკმაოდ ბევრი დრო უნდა. წელს, მაგის საშუალება იყო ბოლომდე და კარგი იყო ამიტომ. მოკლედ, მგონი, 24 საათი ეგეთ ბრიფებზე საჭიროა.
ანუკი კონიაშილი: 24 საათი მგონია, რომ ბევრი იყო. მართალია, დილას დავამთავრეთ ნამუშევარი, მაგრამ იდეაში, 12 საათზე ნაკლებ დროში გავაკეთეთ მაინც.
M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2017-ის ლოკალურ ფესტივალში მონაწილეობამ?
გაგა დარსალია: ასეთ კონკურსებს ახასიათებს ის, რომ რაც მნიშვნელოვანია, იმაზე ორიენტირდები და ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება – კონკრეტიკა და საკითხზე სწორად ფოკუსირება.
ანუკი კონიაშილი: საიბერი, სოციალური კამპანიების დაგეგმვა, ინსაითების მოძებნა – საერთოდ ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, არადიზაინერული, თუმცა საინტერესო და ამიტომ, კარგი გამოცდილება მივიღე.











