in

როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან

ნიშანდობლივია, რომ ინტერნეტთაღლითური სქემები ისევე სწრაფად იზრდება, როგორც თავად ონლაინსამყარო. თუკი ადრე კიბერთაღლითებს Sci-Fi ფილმებით ვიცნობდით, დღეისათვის ისინი რეალური ადამიანები არიან, რომლებიც მონიტორს მიღმა იმალებიან და სოციალური ქსელების მომხმარებლებს სხვადასხვა ხერხით ატყუებენ. 

ინტერნეტფიშინგის ბევრი მაგალითი არსებობს, თუმცა ამ სტატიაში კონკრეტულად სამ, ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას განვიხილავთ. შესაძლოა, ამ მაგალითებს შორის საკუთარი თავიც ამოიცნოთ, რადგან მსგავსი ტიპის შეტყობინებები მინიმუმ ერთხელ მაინც ყველას მოგვსვლია.

მაგალითი #1 – Anydesk

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სარეკლამო განცხადებებს, როგორებიცაა: ინვესტიციების განხორციელება მაღალი უკუგების სანაცვლოდ; დასაქმება მაღალი ანაზღაურებით, თანაც ისეთი პირობებით, რომლებიც არ მოითხოვს ოფისში სიარულს და გრაფიკიც, თითქოსდა, მოქნილია, რაც მომხმარებლების დაინტერესებას იწვევს. 

ამასთან, კრიპტოვალუტის განვითარების ეპოქაში ხშირად ნახავთ შეთავაზებებს კრიპტობირჟაზე ვაჭრობის შესახებ, სადაც ისევ მაცდური დაპირება გვჭრის თვალს დიდი მოგების მიღების გარანტიით. 

საკმარისია მომხმარებელმა ინტერესი გამოხატოს აქედან ნებისმიერ შეთავაზებაზე, რომ მას უკავშირდება კონკრეტული პირი მესენჯერაპლიკაციებში: Whatsapp, Viber, Messenger, TELEGRAM და ასწავლის, როგორ ჩაერთოს ამ საქმიანობაში. ერთი შეხედვით, ყველაფერი თანმიმდევრულად ხდება, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს მოგთხოვენ დისტანციურად სხვა მოწყობილობაზე წვდომის პროგრამას, როგორიც არის ენიდესკი და სხვა აპლიკაციები. კიბერთაღლითისთვის მთავარია, რომ მოახერხოს მომხმარებლის ეკრანთან დაკავშირება. ამის შემდეგ კი უკვე წვდომას იღებს მომხმარებლის მოწყობილობაზე და ნებისმიერი ოპერაციის გატარება შეუძლია მის მაგივრად. გაითვალისწინეთ, შეიძლება დროებით მოგთხოვონ სმარტფონის გვერდზე გადადება. თუ მანამდე არ შეგეპარებათ ეჭვი, ეს მესიჯი უკვე ე.წ. Red Flag-ია.

ყოფილა შემთხვევები, რომ კომუნიკაცია რამდენიმე დღეს გრძელდება, რათა თაღლითებმა მეტი ნდობა მოიპოვონ ჩვენგან და დაგვარწმუნონ, რომ ყველაფერი კანონისა და წესების ფარგლებში მიმდინარეობს. მეტიც, ზოგჯერ საწყის ეტაპზე პოტენციურ მსხვერპლს რამდენიმე დოლარსაც ურიცხავენ, როგორც ამონაგებს ინვესტიციაზე. ეს კი ნამდვილად აქარწყლებს ეჭვებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ასეთ დროს?

  • გამორიცხეთ უცხო პირისთვის თქვენს მოწყობილობაზე წვდომის გახსნა
  • დასაქმების შეთავაზება გადაამოწმეთ მითითებულ დამსაქმებელ კომპანიასთან და თუ ოფიციალური წყარო დაგიდასტურებთ, მერე გამოხატეთ ინტერესი
  • თუ გეჩვენებათ, რომ შეთავაზება ზედმეტად იდეალური და შთამბეჭდავია, გადაამოწმეთ, მსგავსი იდეალური შეთავაზებები, როგორც წესი, ყალბია!

მაგალითი #2 – ფოსტა

ონლაინშოპინგით დღეს ყველანი ვსარგებლობთ, ვიღებთ გამოწერილ ამანათებს, შესაბამისად, ფოსტასთან და გადამზიდებთან ურთიერთობაში ახალი და საეჭვო არაფერია. ალბათ სწორედ ამიტომ შეარჩიეს კიბერთაღლითებმა ეს მიმართულება, რადგან იციან, რომ აქ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მარტივი იქნება. 

როგორ მუშაობს ფოსტის სქემა: თუ თქვენს ნომერზე მოვიდა SMS, რომელშიც წერია, რომ თქვენი ამანათი ჩამოვიდა და უზუსტობის გადასამოწმებლად დააწკაპოთ ბმულს, არსებობს საშიშროება, რომ ეს შეტყობინება ყალბია. მომხმარებლის უმეტესობას „ფოსტიდან” მოსული მესიჯი უწყინარი ჰგონია, ამიტომ გადადის მოცემულ ბმულზე, რომლის გზაც ორად იყოფა: ან მიჰყავხართ ბარათის მონაცემების შეყვანამდე, ან დისტანციური არხის მონაცემების შეყვანამდე. 

იქიდან გამომდინარე, რომ ფოსტით ბევრი ადამიანი სარგებლობს და იმ დროს მართლა შეიძლება ამანათს ელოდებოდეს, ბევრი ტყუვდება და გადადის მითითებულ ბმულებზე, რაც საბოლოოდ მას აზარალებს, მომხმარებელი კარგავს თანხას ანგარიშიდან და მოწყობილობაზე წვდომას უზიარებს კიბერთაღლითს.

მაგალითი #3 – მეგაბაიტები და სამგზავრო ბარათის სქემა

ინსტაგრამზე დასპონსორებულ სთორებში თუ მეგაბაიტების შეძენის შეღავათიან ტარიფებს წააწყდით, გამოეხმაურეთ და მერე გარკვეულ ბმულზე გადასვლა მოგთხოვეს, ესე იგი, გატყუებენ.

ასევე, გავრცელებულია სამგზავრო ბარათის 1 დოლარად შეძენის სქემა, რომლის გზაც ბარათის მონაცემების გაზიარებასა და მოპარვაზე გადის. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ასეთი განცხადებები ძირითადად Facebook-ზე ხვდებათ ან SMS-ის სახით მისდით ტელეფონზე, თითქოსდა მერიის შეტყობინება იყოს.

ორივე შემთხვევაში, თქვენი ბარათის მონაცემების მოპარვის საშიშროება დგას.

ახლა, როცა უკვე იცით, როგორ მუშაობს აღნიშნული სქემები, მარტივად ამოიცნობთ კიბერთაღლითებს. გახსოვდეთ, ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც საეჭვო პირისგან მოდის, რომელიც მოულოდნელია და არ გქონდათ გათვალისწინებული, რომელიც ზედმეტად, არადამაჯერებლად ლამაზადაა შეფუთული, დიდი ალბათობით, ყალბია და მათ უკან კიბერთაღლითები დგანან. 

იყავით ინფორმირებული და დაიცავით თქვენი პერსონალური მონაცემები!

შესაძლოა, „თვალის კაკალი“ საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა იყოს!

თეგეტა და „თეგეტა ქარსი“ გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს მხარდასაჭერად