4
Feb
2020

მეცნიერები ოკეანეების შესწავლას კიბორგი მედუზების ქსელით აპირებენ

4 Feb 2020

Alta
Alta


სტენფორდისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ოკეანის შესწავლისთვის ახალ მეთოდს ცდიან. საცდელად, მათ მედუზის ქვედა მხარეს დაბალ ენერგიაზე მომუშავე მიკრომოწყობილობა დააყენეს, რაც მედუზას ბიოჰიბრიდ რობოტად აქცევს და აძლევს მას შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად გადაადგილდეს, მეორე მხრივ კი, სპეციალური სენსორების გამოყენებით, დაეხმაროს მეცნიერებს ოკეანის სიღრმეების შესწავლაში. რა თქმა უნდა, ეს უფრო საიმედო და ეფექტური მეთოდი შეიძლება იყოს, ვიდრე ოკეანეების სიღრმეების წყალქვეშა ნავებით შესწავლის პრაქტიკა.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მათ შეუძლიათ გაცილებით სწრაფად გადაადგილდნენ, ვიდრე აქამდე შეეძლოთ და ეს მათ მეტაბოლიზმში ცვლილების გარეშე ხდება.. “, – ამბობს ნიკოლ შუ, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობა, რომელიც მეცნიერებმა მედუზებზე დაამაგრეს, იყენებს მედუზას ბუნებრივ იმპულსებს და ზრდის მათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწყობილობა მოქმედებისას დამოკიდებულია მედუზას იმპულსებზე და პირიქით – მედუზას სისწრაფე დამოკიდებულია მოწყობილობაზე. ის მოქმედებს ერთგვარი კარდიოსტიმულატორის პრინციპით და როგორც მეცნიერები ამბობენ, არ აზიანებს მედუზას ორგანიზმს, არც მაშინ, თუ კიბორგს მოწყობილობას მოხსნიან.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის იდეა და პრინციპში, მიზანიც შემდეგია – მეცნიერებს უნდათ შექმნან კიბორგი მედუზების ქსელი, რომელიც ოკეანეების შესწავლისთვის გამოსადეგი და ეფექტური იქნება. ამ ეტაპზე კი, ოკეანის შესწავლის კუთხით რევოლუციურობის პოტენციალის მქონე პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია. მეცნიერები მუშაობენ მედუზების ბიოჰიბრიდებად გარდამქმნელი მოწყობილობების დიზაინის დახვეწაზე. იმაზე, რომ მოწყობილობამ, მედუზების სიჩქარის გაზრდასთან ერთად, სხვა ფუნქციებიც წარმატებით შეასრულოს. მაგალითად, გაზომოს ოკეანის ტემპერატურა, ჟანგბადის დონე, მარილიანობა. მოწყობილობის დახვეწის შემდეგ, მეცნიერები შეძლებენ შექმნან კიბორგი მედუზების გლობალური ქსელი, რომელიც ოკეანის, ადამიანისთვის რთულადმისაღწევი სიღრმეების შესწავლაში დაგვეხმარება.

განხილვა