ზოგადად, D ვიტამინი რომ კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, თუმცა იგი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგია ჩვენი კუნთებისა და ძვლებისთვის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ საკმარისი D ვიტამინის გარეშე ასაკთან დაკავშირებული ძვლების გამოფიტვისა და დაცემის რისკები იზრდება. და რა გამოდის, შეგვიძლია D ვიტამინი დაბერების შესაჩერებლად გამოვიყენოთ?
ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე კომპლექსურია, როგორც ასაკში შესვლა. თუმცა იტალიელმა მკვლევრებმა შეაჯამეს ყველაფერი, რაც მეცნიერებაში აქამდე ამ საკითხზე გაჟღერებულა. ჩვენ კი საუბარი მოდით იქიდან დავიწყოთ, თუ როგორ გამოიყურება დაბერება ბიოლოგიურ დონეზე.
დაბერების ნიშნები მრავალ უჯრედულ ცვლილებას უკავშირდება, მათ შორის მოკლე ტელომერებს, არასტაბილურ გენებს, დნმ-ზე მოლეკულურ ნიშნებსა და ქრონიკულ ანთებებს. თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ აღნიშნული ძალიან კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ პროცესებს წარმოადგენს, რომლებიც ისეთივე მარტივი დასადგენი არ არის, როგორც ფიზიკური სიძლიერისა თუ მობილობის შემცირება — პირველი კლინიკური მახასიათებელია, რომლებსაც ექიმები დაბერებას უკავშირებენ.
საინტერესოა, რომ სამედიცინო სფეროში უკვე დიდი ხანია, რაც D ვიტამინს ოსტეოპოროზზე ნიშნავენ, რათა ასე ძვლების მოტეხილობებიც აირიდონ თავიდან. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ვიტამინი D კალციუმის შეწოვაში გვეხმარება. ისიც მართალია, რომ უამრავ საკვებში გვხვდება, მაგრამ მისი საჭირო ოდენობის მიღება რთული იქნება მხოლოდ თქვენი კვების რაციონით ან მაშინ, როცა საკმარის დროს არ ატარებთ მზეზე.
უახლესი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დანამატები ასაკთან დაკავშირებულ მოტეხილობებს ჯანმრთელ ადამიანებში სულაც არ უწყობს ხელს… თუმცა ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მას ეპიგენეტიკური დაბერების შენელება შეუძლია, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ადეკვატური დონის მქონე პირები. ამასთან, D ვიტამინის დანამატებმა, შესაძლოა, დნმ-ის დაზიანებები შეამციროს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ აქვს გავლენა ტელომერის სიგრძეზე.
მიუხედავად ამისა, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ რა დოზით ან რა ასაკში უნდა მივიღოთ D ვიტამინი. ამის მიზეზი კი ადამიანზე ჩატარებული კვლევების ნაკლებობაა. მართალია, არსებობს სამეცნიერო ნაშრომიც, რომელიც გვეუბნება D ვიტამინის რა დოზით მიღება იქნება უსაფრთხო მთლიანი პოპულაციისთვის, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, მაინც არ იქნება ყველა შემთხვევაში გამართლებული. ამ მოსაზრების გამყარება კიდევ ერთი კვლევით შეგვიძლია, რომლის თანახმადაც D ვიტამინის ჭარბად მიღება საზიანო შეიძლება იყოს — „D ვიტამინის დანამატები, შესაძლოა, ისეთ მედიკამენტებთან შევიდეს ურთიერთქმედებაში, როგორებიცაა ქოლესტერინის დამწევი სტატინები“.
მართალია, D ვიტამინის დაბალი დონის დანამატებით შევსება საკმაოდ ლოგიკურადაც ჟღერს, მაგრამ თუ ექსპერტებს დავეყრდნობით, მეტი ვიტამინის მიღება დანამატების სახით სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის უკეთესი, რადგან ამან, შესაძლოა, ადამიანებს ისეთი რაღაცების გაკეთებაზე ათქმევინოს უარი, როგორიცაა დაბალანსებული კვების რაციონი და გარეთ გასვლა…
გამოდის, ჯერ მეცნიერებს არ აქვთ საკმარისი არგუმენტი იმის სათქმელად, რომ D ვიტამინი დაბერების პროცესს ანელებს.