in

USAID: რატომაა ქალთა გაძლიერება მნიშვნელოვანი საზოგადოებისა და ეკონომიკისათვის

„მთავარი მიზანია იმ სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ეხება ქალის როლს, შესაძლებლობებსა და უფლებებს ჩვენს საზოგადოებაში“

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში, ქალთა დღესთან დაკავშირებით, კამპანიის განხორციელებას, გეგმავს, რომლის მიზანია ქალთა გაძლიერება და საზოგადოებასა და ეკონომიკაში მათი როლის პოპულარიზაცია. კამპანია ემსახურება ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაზრდას საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. კამპანიის ხანგრძლივობა ერთ თვეს შეადგენს და 2021 წლის 8 მარტიდან 8 აპრილამდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი 25 წარმატებული ქალის (განსაკუთრებით, მამაკაცების მიერ დომინირებულ სექტორში) ამბის გარშემო. აქტივობების მიზანია, საზოგადოებაში მათი მიღწევებისა და ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება. შერჩეული წარმატებული ქალების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობა უზრუნველყოფს იმ სტერეოტიპის დანგრევას, რომ ქალს რომელიმე სექტორში წარმატების მიღწევა არ შეუძლია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიისთვის შერჩეული ქალები წარმოადგენენ სფეროთა ფართო სპექტრს: მეწარმეობა, ავიაცია, ზღვაოსნობა, სამხედრო სამსახური, მეცნიერება, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და სხვა. კამპანიის მთავრი ჰეშთეგია: #დაამსხვრიესტერეოტიპები (#smashingstrereotypes).

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვრცელია (და მზარდი) საქართველოში მოღვაწე იმ ქალთა სია, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ სხვადასხვა სფეროში და მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ როლს ასრულებენ ქვეყნის კეთილდღეობაში, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების დანგრევა მაინც გამოწვევად რჩება. მაგალითად, ჯერ კიდევ, ხშირად გვხვდება მოსაზრება, თითქოს კონკრეტულ სექტორებში ქალის ადგილი არ არის. შესაძლოა, სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, პრობლემა ნაკლებია, თუმცა სამწუხაროდ, ის მაინც არსებობს. ეს განსაკუთრებით შეინიშნება რეგიონებში, სადაც უფრო დომინირებს პატრიარქალური კულტურა  და  ასევე, ეთნიკურ უმცირესობებს შორის, სადაც დღესაც ქალებს განათლებისა და ცოდნის მიღების ბარიერი აქვთ.

მარკეტერის კითხვებს პასუხობს დავით ძებისაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის მენეჯერი/მრჩეველი გენდერის საკითხებში.

M: რა არის კამპანიის #smashingstereotypes მთავარი სათქმელი? 

როგორც კამპანიის სახელწოდება გულისხმობს, მთავარი მიზანია იმ სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ეხება ქალის როლს, შესაძლებლობებსა და უფლებებს ჩვენს საზოგადოებაში. აღნიშნული სტერეოტიპები ხელს უშლის ქალთა თანასწორუფლებიან განვითარებას და აკნინებს იმ უზარმაზარ პოტენციალს, რომლის გამოყენებითაც ქალებს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის წარმატებული წინსვლის საქმეში. კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ წარმოაჩინოს ის ქალები, რომლებმაც სტერეოტიპების დაძლევა წარმატებით შეძლეს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებშიც ტრადიციულად, მამაკაცები დომინირებენ. იმედი გვაქვს, ისინი მაგალითს მისცემენ ბევრ ახალგაზრდა გოგონას, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ ან ახლა იწყებენ პროფესიულ საქმიანობას. ვიმედოვნებთ, კამპანია მიიპყრობს საზოგადოების ყველა ფენის ყურადღებას და ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი დისკურსის შექმნას, საზოგადოების გენდერული სტრეოტიპებისაგან გასათავისუფლებლად.

M: რა შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე ამ მიმართულებით საქართველოში და რა პრობლემები აქვთ ქალებს დღეს?

ბოლო წლებში, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მხრივ. დაიხვეწა კანონმდებლობა, ჩატარდა არაერთი საინტერესო კვლევა და მრავალი წარმატებული ქალი გამოვიდა ასპარეზზე, საჯარო სივრცესა თუ კერძო სექტორში. მიუხედავად ამისა, ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ადგილის დამკვიდრებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების სრულფასოვანი შესაძლებლობა. ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ძირითადად მამაკაცები დომინირებენ. მაგალითებად გამოცდება ქალთა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილეობის დაბალი დონე 11%) და ქალებისა და მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ანაზღაურებას შორის არსებული სხვაობაც (ქალები მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს იღებენ). ამასთანავე, ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ცხოვრებასა და ცნობიერებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების გამო, პროფესიების გარჩევაც კი ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო შეეფერება მამაკაცს ან ქალს. მაგალითად, ითვლება, რომ სკოლის მასწავლებლის ან ადმინისტრაციული თანაშემწის პროფესიები ქალს უფრო შეეფერება, ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან პოლიტიკური ლიდერისა კი – მამაკაცს. ზემოაღნიშნული სტერეოტიპები დაღს ასვამს ქალისა და მამაკაცის ოჯახურ ურთერთობებსაც. ბევრს მიაჩნია, რომ საოჯახო საქმეებზე ზრუნვა და ბავშვების აღზრდა მხოლოდ ქალის მოვალეობაა, რომლის გაზიარებას ზოგიერთი მამაკაცი სამარცხვინოდაც კი თვლის.

M: როგორია USAID საქართველოს ჩართულობა ქალების გაძლიერებაში, ბოლო წლების მანძილზე?

USAID-თვის ქალთა უფლებების დაცვისა და მათი განვითარებისთვის აუცილებელი და ხელშემწყობი პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. წლების მანძილზე, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, ქალთა უფლებების დაცვას (განსაკუთრებით, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში), განათლებასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ა.შ. ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია USAID-ისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის დახმარებითაც არაერთმა მეწარმე ქალმა შეძლო წარმატებული ბიზნესის წამოწყება (მათ შორის, მეღვინეობაში, რომელშიც ტრადიციულად მამაკაცები არიან დაკავებულნი).

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ USAID პროექტებს ამტკიცებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში ნათლადაა აღწერილი ის აქტივობები, რომლებიც ითვალისწინებს ქალთა თანასწორუფლებიან მონაწილეობას და უზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ქალებს საკუთარი პოტენციალის გამოყენების ადეკვატური შესაძლებლობები ექნებათ.

M: რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, კამპანიის ფარგლებში?

დაგეგმილია კამპანიის აქტიური პოპულარიზაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. კამპანიის ერთ-ერთი აქტივობა გულისხმობს 25 წარმატებული ქალის პორტრეტულ ფოტოგამოფენას, რომელიც თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის ქუჩებში გაიმართება ფართო საზოგადოებისთვის და დამთვალიერებლებს ქალთა გაძლიერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. გამოფენა საერთაშორისო სოციალური ფოტოპროექტის InsideOutProject.net ნაწილი იქნება და გამოფენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მათ ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. ასევე, დაგეგმილია ციფრული წიგნის გამოცემა 25 ქალის ფოტო და ტექსტური ისტორიით, ვიდეო ისტორიების დამზადება, კრეატიულ სააგენტოებს შორის კონკურსის გამართვა საუკეთესო პოსტერზე, რომლის ვიზუალი თბილისის ერთ-ერთ კედელზე დაიხატება. 

M: რა როლი აქვს ბიზნესსა და თითოეულ ადამიანს, კამპანიის მიზნის მიღწევაში? 

ცხადია, ზემოაღნიშნული სტერეოტიპების დასაძლევად მხოლოდ ერთი კამპანია არაა საკმარისი. ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი და თანმიმდევრული საქმიანობის მთელი ციკლი, რომელშიც საზოგადოების ყველა ფენა და წევრი იქნება ჩართული. სამწუხაროდ, ბევრი თვლის, რომ ქალთა უფლებებსა და საზოგადოების ცხოვრებაში მათი როლის შესახებ საუბარი მხოლოდ ქალებისთვისაა უპრიანი, რაც ხშირად გამორიცხავს მამაკაცთა მონაწილეობას. ამგვარად იქმნება კიდევ ერთი სტეროტიპი! საქმე კი ისაა, რომ ეს თემა ყველას ეხება, მათ შორის იმ მამაკაცებს, ვინც ან თავად ამკვიდრებს ამგვარ სტერეოტიპებს ან, პირიქით, პირადი მაგალითითა და ცხოვრების წესით აქარწყლებს მათ.

რა თქმა უნდა, დიდია ბიზნესის როლიც. ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების კუთხით (რაც, თავისთავად, უაღრესად მნიშვნელოვანია), არამედ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. მაგალითად, მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობის დონეთა გათანაბრების შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 11%-ით შეიძლება გაიზარდოს. ეს უზარმაზარი და აუთვისებელი ეკონომიკური რესურსია. შესაბამისად, ბიზნესს დიდი წვლილი შეუძლია შეიტანოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობითა და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, ისევე როგორც მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებით, ფინანსებზე წვდომის გაზრდითა და დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების გაზიარების მექანიზმების შექმნით.

ჩაის ახალი რიტუალი აქვს – აღმოაჩინე „მეამას“ ჩაის შვიდივე არომატი სადეგუსტაციო ნაკრებში

Lacoaj: „ყველაფერი 800 ლარით დავიწყეთ და რთული იყო ფინანსების სწორად გათვლა“