4
Oct
2016

დაამსხვრიე სტერეოტიპები და ებრძოლე სექსიზმს! – Unilever–ის კამპანია #unstereotype

4 Oct 2016



მაშინ, როცა ზაფხულში ყველა ისვენებდა, Unilever–მა საკმაოდ სერიოზული და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კამპანია წამოიწყო. #unstereotype სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც სარეკლამო სივრცეს და ზოგადად, საზოგადოებას ძალიან სჭირდება. კამპანიის მიზანი მარტივია: დაამსხვრიოს ქალბატონების გარშემო არსებული სტერეოტიპები და გააქროს სექსიზმი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ორწლიანი დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ კონკრეტულად სარეკლამო სფეროში ქალების მონაწილეობა ძირითადად მეორეხარისხოვანია. ხოლო ის მცირე პროცენტი, რომელიც ალაგ-ალაგ გამოერევა, შერჩეულია მხოლოდ ვიზუალური ეფექტის გამო. ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება და არც მხოლოდ სიტყვებია საკმარისი, საჭიროა მოქმედება. Unilever–მა კამპანიაში რამდენიმე სერიოზული ბრენდი ჩართო: Dove, CIF, Knorr და ა.შ.

პირველ რიგში, საჭირო იყო სარეკლამო სააგენტოების დარწმუნებაა რომ, ის, რასაც ისინი ეფექტურს ეძახიან, სინამდვილეში სტერეოტიპია და რეალურად სარგებელი ვერ მოაქვს ვერც საზოგადოებისთვის, ვერც თავად ბრენდისთვის.

#unstereotype–ის პირველი ნაბიჯი Dove–ის ახალი ვიდეორგოლი Choose Beautiful Dove გახდა. ვიდეო სრულიად უპირისპირდება სტერეოტიპებს და ქალბატონების არასწორ თვითშეფასებას, რომელიც ისევ და ისევ საზოგადოებიდან მოდის.

 

ორი კარი და ორი წარწერა: “ლამაზი” ,“საშუალო”, ისინი Dove–მ რამდენიმე სავაჭრო ცენტრის შესასვლელებში განათავსა. უჩვეულო ცდის მონაწილეები, რა თქმა უნდა, ქალბატონები იყვნენ. შიგნით მოსახვედრად მათ ორი გზა ჰქონდათ, ან უნდა შესულიყვნენ კარით, რომელსაც ეწერა “ლამაზი”, ან ესარგებლათ მეორე შესასვლელით, წარწერით “საშუალო”. გაურკვევლობა, ყოყმანი, ეჭვები, თავს მოხვეული საზოგადოების აზრი – ეს ის პირველი ემოციები იყო, რის გამოც ქალბატონების უმრავლესობამ ექსპერიმენტის პირველ დღეს “საშუალო” კარი აირჩია. სამწუხაროდ, მათ ის არჩევანი გააკეთეს, რომელსაც სხვები ყოველდღიურად კარნახობენ. ექსპერიმენტი სულ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ამ დროის მანძილზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. პირველი დღის არასწორმა გადაწყვეტილებამ ქალბატონები დააფიქრა და სწორედ იმ აზრამდე მიიყვანა, რაც რეალურად არის კიდეც ამ კამპანიის მიზანი.

ეს ყველაფერი არ არის. #unstereotype-ის სამიზნე სეგმენტი მხოლოდ ქალბატონები არ არიან. ბრენდმა Axe თავის ჩვეულ რეკლამებზე უარი თქვა და სპეციალურად კამპანიისთვის, ახალი კონცეფცია შექმნა, რომლის მიხედვითაც პირადი შესაძლებლობები და ინტერესები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. კომპანიის ახალი გზავნილი რადიკალურად შეიცვალა. თუ აქამდე ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ Axe განაპირობებდა მამაკაცის მიმზიდველობას, ახლა პირიქითაა, მისმა როლმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანმა ღირებულებებმა დაიკავა.

Unilever–ი გაჩერებას არ აპირებს და უფრო სერიოზულ მიზნებს ისახავს თავისი კამპანიისთვის.

განხილვა