ამ სტატიაში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გადაწყვეტილებას, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს შემოქმედი ადამიანი: უარი თქვას თუ არა თვითდასაქმებაზე.
ზოგჯერ ისინი ჩივიან: „ფრილანსერად ვმუშაობ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მუდმივად ნარჩენებს ვეძებ. იქნებ დროა, ვაღიარო, რომ ფრილანსერობა ჩემთვის არ არის?”
თუ ასეთ ფიქრს თქვენც შეუწუხებიხართ, მარტო არ ხართ. ბოლო რამდენიმე წელი შემოქმედებითი ინდუსტრიების ფრილანსერების მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო. ხელოვნურმა ინტელექტმა, ეკონომიკურმა გაურკვევლობამ, მკაცრმა ბიუჯეტმა და სასტიკმა კონკურენციამ ბევრი დააფიქრა, ღირს თუ არა თვითდასაქმების დადებითი მხარეები მუდმივ შფოთვად.
რა თქმა უნდა, ეს ვითარება არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ. ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ უნდა შეცვალო შენი მიდგომა ან უბრალოდ მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავს.
დავიწყოთ მეტი დროის დათმობით
ფრილანსინგი ყოველთვის რთული გზაა. 1 და 2 წელი საკმარისი არაა ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. უმეტესობა 2-3-წლიანი მცდელობის შემდეგ სასოწარკვეთას მიეცემა და ფიქრობს, რომ თვითდასაქმება მისი საუკეთესო მხარე არაა. თუმცა ეს დამოკიდებულება შემოქმედებითობასაც კლავს. იწყებთ ფიქრს იმაზე, რომ რაღაც არ გამოგდით და კრეატივიც იბლოკება. როდესაც ფიქრობ გადარჩენაზე, შეუძლებელია ეფექტურად იმუშაო და მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
იფიქრეთ, როგორც ბიზნესის მფლობელმა
თქვენს საქმეში შეიძლება პროფესიონალი ხართ, თუმცა ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ ბიზნესის წარმართვაშიც ასე იქნებით. თვითდასაქმება მოითხოვს უნარებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო დიზაინთან, ილუსტრაციასთან ან ფოტოგრაფიასთან და სწორედ აქ უჭირს ბევრ შემოქმედს.
ჩვენი რჩევა იქნება, თვითდასაქმებულობას შეხედოთ, როგორც ბიზნესს. აქტიურად დაამყარეთ ქსელური კავშირები, გაავრცელეთ ინფორმაცია, დაუკავშირდით სხვებს და წარმოაჩინეთ თავი, როგორც ექსპერტი, რომელიც კონკრეტულ პრობლემას წყვეტს და არ არის უბრალოდ ლოგოს მხატვარი (მაგალითად).
გაამრავალფეროვნეთ თქვენი შემოსავალი
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნიჭიერი ხართ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად სწორად წარმართავთ და ანაწილებთ თქვენს უნარებს. მაგალითად, თუ ილუსტრატორი ხართ, დაყავით თქვენი საქმეები სხვადასხვა ნაწილად: ციფრული ილუსტრაციები, წიგნები, პირადი პროექტები, მასტერკლასების ჩატარება და სხვა.
რა არის საბოლოო პასუხი – უნდა დანებდეთ და შეეშვათ ფრილანსერობას თუ არა
თუ უკვე სამ წელზე მეტია, ამ სფეროში ხართ და მუდმივად ნერვიულობთ ფულზე, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ფრილანსერობაზე უარის თქმას. შესაძლოა, ეს ნიშნავდეს ნახევარ განაკვეთზე სამსახურის პოვნას ზეწოლის შესამსუბუქებლად, შემოსავლების დივერსიფიკაციას, პორტფოლიოს დახვეწას ან სტრატეგიის შემუშავებას. არ გაიჭედოთ რომელიმე მიმართულებაში და იყავით მეტად მოქნილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იყოთ საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი – შეგიძლიათ მეტი მუშაობა დამკვეთების შოვნაზე თუ გირჩევნიათ, ერთი დამსაქმებელი გყავდეთ? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თქვენ ერთს გაქვთ.













