ეს სცენარი ბევრისთვისაა ნაცნობი: შეთავაზებაზე მუშაობის შემდეგ, როდესაც საბოლოო ბიუჯეტს ადგენ, ხშირად ჩნდება ცდუნება, ოდნავ შეამცირო ფასი „უსაფრთხოების მიზნით“, რადგან გეშინია, დამკვეთმა უარი არ თქვას. სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა.
ფასის განსაზღვრა კრეატიულ სფეროში არასოდესაა მარტივი. ის აერთიანებს როგორც შემოქმედებითი პროცესის ემოციურ მხარეს, ისე უხერხულობას და ხშირად საკუთარ შესაძლებლობებსაც ეჭვქვეშ გაყენებინებთ. შედეგად, ბევრი ადამიანი საკუთარ შრომას ამცირებს, ზედმეტად ქვევით სწევს ფასს ან ადვილად თმობს პოზიციას.
ფსიქოლოგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკა
ფასი მხოლოდ ციფრებით არ განისაზღვრება. მთავარი ბარიერი უფრო ფსიქოლოგიურია – ის წარმოდგენები და რწმენები, რომლებიც ადამიანებს საკუთარ შრომასთან დაკავშირებით აქვთ.
ხშირად გვაფერხებს შინაგანი ნარატივი: თითქოს კლიენტი არ გადაიხდის, ან ვერ დაინახავს პროექტის რეალურ ღირებულებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი დამკვეთი აფასებს ხარისხს და მზად არის გადაიხადოს.
ფასი არა სამუშაოს, არამედ შედეგს უნდა დაეფუძნოს
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება მაშინ, როცა ფასი აღარ განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არამედ იმ შედეგით, რომელსაც ის ქმნის. ამ მიდგომით იცვლება პოზიციონირებაც. კრეატორი აღარ აღიქმება, როგორც უბრალოდ შემსრულებელი, რომლის არჩევაც ფასით ხდება, არამედ ისაა პარტნიორი, რომელიც შედეგზე მუშაობს.
ერთი და იგივე დრო შეიძლება დასჭირდეს ორ პროექტს, მაგრამ მათი გავლენა, მასშტაბი და გამოყენება სრულიად განსხვავებული იყოს. შესაბამისად, ფასიც უნდა ასახავდეს ამ განსხვავებას – კონტექსტს, გავლენასა და ღირებულებას, და არა მხოლოდ დახარჯულ საათებს.
მინიმალური ზღვრის ცოდნა აუცილებელია
ფასის განსაზღვრისას აუცილებელია არსებობდეს მკაფიო მინიმალური ზღვარი – ის დონე, რომლის ქვემოთაც პროექტი უკვე წამგებიანია.
ამის გასაგებად საჭიროა არა მხოლოდ სამუშაო დროის, არამედ ყველა თანმდევი პროცესის გათვალისწინება: ადმინისტრაციული საქმეები, კომუნიკაცია, ახალი უნარების სწავლა და სხვა.
სტრუქტურირებული მიდგომა, მაგალითად, ფიქსირებული ფასები პროექტებზე, საშუალებას იძლევა უკეთ გაკონტროლდეს დრო და რესურსები. ამასთან, მნიშვნელოვანია ფასის თანმიმდევრულობა, სხვადასხვა კლიენტისთვის სხვადასხვა ტარიფის არსებობა ხშირად იწვევს ქაოსს და არათანაბარ მოლოდინებს.
პროფესიონალიზმი იწყება შეთანხმებით
კლიენტთან მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა სამუშაოს პირობები ყოველთვის უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი.
დოკუმენტაცია ქმნის ჩარჩოს: რა შედის მომსახურებაში, როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა ვადებია და რა არ შედის შეთანხმებაში. ეს ამყარებს ნდობას და ამცირებს გაუგებრობის რისკს.
ამავე დროს, ბაზრის რეალობაც გასათვალისწინებელია. ინფლაციის მიუხედავად, ბევრ სფეროში ფასები წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ გაზრდილა, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში რეალური შემოსავალი მცირდება. ამიტომ ფასების პერიოდული გადახედვა აუცილებელია.
გამოცდილება ამარტივებს პროცესს
დასაწყისში ხშირია როგორც დაბალი, ისე ზედმეტად მაღალი ფასის დასახელების შემთხვევა. თუმცა ეს ეტაპი მნიშვნელოვანი გამოცდილების ნაწილია.
სხვადასხვა პროექტზე მუშაობა კრეატორს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ ამოიცნოს პრობლემური კლიენტები, გაუთვალისწინებელი მოთხოვნები და სხვა ნიუანსები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო შემოსავალზე.
დროთა განმავლობაში პროცესიც მარტივდება, იზრდება თავდაჯერებულობა და მკაფიო ხდება საკუთარი ღირებულების აღქმა.
პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც რეალურად მუშაობს
ფასის განსაზღვრა ერთჯერადი გადაწყვეტილება არ არის. ის საჭიროებს რეგულარულ გადახედვას და მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებას.
ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია დამატებითი ღირებულების შესახებ: რა სარგებელს იღებს კლიენტი მომსახურების მიღმა – იქნება ეს სტრატეგიული აზროვნება, გამოცდილება თუ დამატებითი მხარდაჭერა.
ფასზე ლაპარაკის დროს ზედმეტი ახსნა-განმარტება ხშირად აზიანებს ფრილანსერის პოზიციას – თავდაჯერებულობა და სიმშვიდე ბევრად ეფექტურია.
გახსოვდეთ, ფასის თქმის დისკომფორტზე მეტად დაუფასებლობა შეგაწუხებთ, ამიტომ თამამად დაასახელეთ თქვენი შრომის საფასური. დაბალი ფასი არა სტრატეგია, არამედ საკუთარი ღირებულების დაკნინებაა.












