პირველი სამსახურის მცდელობა 16 წლისას მქონდა. ჩემი კლასელისგან შევიტყვე, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მონაცემთა ბაზების შესაქმნელად ეძებდნენ თანამშრომელს. სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ინტერნეტიდან შეძლებდა ინფორმაციის მოპოვებას და ერთიან ბაზაში შენახვას. ჩემი პირველი ხელფასი 100 ლარი იყო. 2006 წლის მთელი ზაფხული მე და ჩემმა ორმა კლასელმა ამ სამსახურს დავუთმეთ.
სტუდენტობისას, საკუთარი ბიზნესის წამოწყების მცდელობები მქონდა. აი, ნამდვილი პირველი სამსახური კი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2011 წელს დავიწყე. მილანში, ბოკონის უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი სასწავლო პროგრამა მთლიანად ინგლისურად იყო, შესაბამისად, იტალიური ენის ცოდნა არ მჭირდებოდა, ამიტომ არ მისწავლია. სამსახურის დაწყება რომ გადავწყვიტე, ოთხი თვის მანძილზე, ყოველდღიურად ათეულობით კომპანიაში ვგზავნიდი აპლიკაციებს. ყურადღებით ვკითხულობდი ვაკანსიებს და ჩემს CV-ს მათ მოცემულ პირობებს ვარგებდი, თუმცა ენის ბარიერის გამო ყველა ეს მცდელობა უშედეგო იყო – ყველა კომპანია ითხოვდა იტალიური ენის ცოდნას. ვცდილობდი, როგორმე გასაუბრებაზე მოვმხვდარიყავი, თუმცა რამდენიმეთვიანი მცდელობა უშედეგო გამოდგა – მეილზე „თქვენი CV მიღებულია“-ც კი არ მიმიღია არცერთხელ.
მიდგომა ცოტა შევცვალე და ჩემი CV გავუგზავნე ყველა ნაცნობს თხოვნით, რომ გაეგზავნათ სხვებისთვისაც, რათა სადმე, ანაზღაურების გარეშე, სტაჟიორად მაინც დამეწყო მუშაობა. ამ გზით, ჩემმა აპლიკაციამ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია Andros-ის დამფუძნებლამდე მიაღწია. თავის მხრივ, მან CV მიაწოდა HR მენეჯერს – სტაჟიორად თუ დაგვაინტერესებს, განვიხილოთო. როგორც აღმოჩნდა, შვილობილი კომპანია Solo Italia-ს მარკეტინგის დეპარტამენტისთვის ინგლისურის მცოდნე ადამიანს ეძებდნენ. რადგან ინგლისურის კარგი მცოდნე ჭირდებოდათ, პირველი გასაუბრება ინგლისურად იყო. როგორც ჩანს, კარგად ჩაიარა და მეორე დღესვე დამიბარეს მომდევნო გასაუბრებაზე, სადაც მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე უშუალოდ მარკეტინგის ხელმძღვანელი შემხვდა. იქაც ინგლისურის კარგ ცოდნაზე შემამოწმეს და შედეგად ამიყვანეს. შესაბამისად, სამსახური ისე დავიწყე, რომ ვერ დააფიქსირეს იტალიური რომ არ ვიცოდი.
პირველ სამუშაო დღეს, გაცნობისას იტალიურად გამარჯობა ვიცოდი მხოლოდ და ესე გავიცანი ჩემი ოთახისკენ გზად ჩემი თანამშრომლები. რომ მიმაცილეს ჩემს სამუშაო ოთახში, ორი თანამშრომელი, სერჯიო და მატეო დამხვდნენ. იქ უკვე ვეღარაფერს ვიზამდი და გულახდილად ვუთხარი, ოთხი თვეა ვწვალობ და როგორც იქნა, დავიწყე სამსახური და გთხოვთ, არ გაამხილოთ, იტალიური რომ არ ვიცი, ცოტა ხანს დამეხმარეთ და სანაცვლოდ, თქვენს საქმეებსაც მე გავაკეთებ-მეთქი. ასე დაიწყო თვენახევრიანი სტრესი და ჯოჯოხეთი. ოთახში რომ ვინმე შემოვიდოდა და იტალიურად გამესაუბრებოდა, თავს დავუქნევდი და შემდეგ სერჯიო და მატეო მითარგმნიდნენ, რა დავალება მივიღე. დახურულ შეხვედრებს ტელეფონის დიქტოფონით ვიწერდი, შემდეგ ბიჭებს რომ აეხსნათ, რაზე იყო საუბარი. მოკლედ, თვეზე მეტხანს არ ვიმჩნევდი რომ იტალიური არ ვიცოდი. ასეთი ძალიან სტრესული სამუშაო რეჟიმის ფონზე, იტალიურადაც ავლაპარაკდი და უკვე ორი თვის თავზე, ენობრივი ბარიერი აღარ მქონდა. ეს იყო ჩემთვის მაგალითი, რომ მონდომებაა მთავარი და შეუძლებელი არაფერია. ამის შედეგად ეს დავუმტკიცე საკუთარ თავს, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში.
დაჩი ჭოლაძე – Pulsar AI-ის დამფუძნებელი და დირექტორი, Impel-ის ინოვაციების დირექტორი