in , ,

„მუდმივი განვითარება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – დაჩი პაპუაშვილი

Startauperi
Startauperi

ქვის ნაგებობასთან შედარებით მარტივი სამშენებლო პროცესი, მცირე დროში, ნაკლები მუშახელითა და სამშენებლო ნარჩენების გარეშე “. მის პროექტებს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. მარკეტერის ინტერვიუ არქიტექტორ დაჩი პაპუაშვილთან.

10361237_10152234462823171_1955772373_nდაჩი პაპუაშვილი: 2005 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ინტერიერის განხრით (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), შემდეგ მეორე მაგისტრატურა ტექნიკური უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.

როდიდან დაიწყეთ სკიტების კეთება და რა სახის ნაგებობაზეა საუბარი?

ბოლო 8 წლის განმავლობაში ინდივიდუალური საცხოვრისების გარდა მომიწია მონასტრების, სკიტების, ხიდების, დროებითი თუ მუდმივი თავშესაფრების, სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტირება. საქართველოში მრავლად შენდება ახალი მონასტრები და სკიტები, რომლებსაც აშენებენ ქვით და ბეტონით.

ჩემი ამოცანა იყო დაპროექტებულიყო სკიტი (საცხოვრებელი ნაგებობა) 1 პერსონაზე, რომელიც ქვის ნაგებობასთან შედარებით მარტივი სამშენებლო პროცესით, მცირე დროში, ნაკლები მუშახელით და სამშენებლო ნარჩენების გარეშე აშენდებოდა. შესაძლებელი იქნებოდა წინასწარ დამზადებული დეტალების რთულ რელიეფზე, ავტო ტრანსპორტისთვის გაუვალ ადგილებში ხელით გადატანა, რომელსაც არ დასჭირდებოდა მიყვანილი კომუნიკაციები და იარსებებდა დამოუკიდებლად.

ამასთან, მისი როგორც მშენებლობა და ექსპლუატაცია, ისე დემონტაჟიც არ მიაყენებდა ზიანს გარემოს. ამგვარი მიდგომით და კონცეფციით დაგეგმილი მაქვს შევქმნა სკიტების სერია, განსხვავებული გარემო-კლიმატური პირობებისთვის, რელიეფისთვის, მცხოვრებთა რაოდენობისთვის და ა.შ.

რა დანიშნულებით შეიძლება სკიტის გამოყენება?

სკიტი საექსპლუატაციოდ განკუთვნილია ერთ პერსონაზე. მასში ცხოვრება შესაძლებელი იქნება როგორც სასულიერო, ისე საერო პირისთვის. სრული კომფორტია შექმნილი ხანგრძლივი პერიოდით საცხოვრებლად. თუმცა, შესაძლებელია გვევლინებოდეს ხანმოკლე პერიოდებით განსამარტოვებლად. მაგალითად: მარხვის პერიოდში, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი მუშაობისას, ხატის წერისას და ა.შ.

როგორ მიიღეთ ეს პროდუქტი?

ამოცანა იყო, რომ სკიტისთვის გამოყენებული ყოფილიყო 2 ცალი კონტეინერის მასშტაბები. ექსპერიმენტის სახით 1 ცალი „კონტეინერი“ დაიდგა ვერტიკალურად, საინტერესო იყო ვერტიკალურად მდგარ „კონტეინერში“ დაგეგმარების და საცხოვრისის მოწყობის შესაძლებლობები და თავისებურებები, ეს ხერხი ასევე იძლეოდა მეტ სიმაღლეზე ასვლის საშუალებას, როგორც მაღლიდან პანორამული ხედებით დასატკბობად, ასევე მზის პანელების მცენარეულ საფარზე მაღლა ასაცდენად.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც უბიძგა „კონტეინერის“ ვერტიკალურად დადგმას, იყო თავად ნაგებობის მიწის ზედაპირთან შეხების ფართობის სიმცირე. მეორე „კონტეინერის“ პოზიცია გარკვეული ლოგიკის თანახმად გამოიკვეთა. საძინებელი, სამუშაო კუთხე, სამზარეულო და სასადილო მოხვდა ერთ სივრცეში, სალოცავი ოთახი გამოიკვეთა ცალკე. საცხოვრებელი სივრციდან და დონიდან ცალკეა სველი წერტილები. გაჩნდა აივანი მიწიდან მოშორებულ სიმაღლეზე, რამაც აივნიდან გამოაჩინა მეტი სივრცე და ლამაზი ხედები, მზის პანელები ასცდა მცენარეულ საფარს. „კონტეინერების“ ამგვარი წყობა იძლევა განიავების (ბუნებივი ვენტილაციის) კარგ საშუალებას, იკავებს მიწის მცირე ფართობს და ვითარდება სიმაღლეში. შენობის ფორმა მიუხედავად მსგავსებისა არ არის კავშირში რელიგიურ სიმბოლიკასთან.

3-

რისგან არის აგებული სკიტი?

შენობის მზიდი კონსტრუქცია წარმოდგენილია რკინისგან, რომელიც გარედან და შიგნიდან მოპირკეთებულია ბუნებრივი ხით, რომელიც წინასწარ სათანადოდ დამზადებული დეტალებით იწყობა ხელით და ამიტომ, მისი მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ლანდშაფტურ გარემოში. შენობა ფუნქციონირებს ბოლომდე დამოუკიდებლად. ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს მზისგან. წყალი ცხელდება მზის კოლექტორით, იკრიბება და გამოიყენება წვიმის წყალი შენობას არ გააჩნია არანაირი მიყვანილი კომუნიკაციები და არც კანალიზაცია, ბიო ტუალეტი ამზადებს კომპოსტს. შენობა არავითარ მავნე ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე.

რამდენად ფუნქციონალურია ინტერიერი?

ინტერიერი არის მაქსიმალურად ფუნქციონალური. ზედმეტი ფართისა და დეტალების გარეშე, გათვალისწინებულია საშუალო პროპორციების მქონე ადამიანის ერგონომეტრია. ფანჯრის ჩარჩოები და შიდა ავეჯი დამზადებულია ხის მასალებით. გადახურულია თუნუქის ფურცლებით. (საერთო მასალების დაახლოებით 85 % არის რკინა და ხე, 15 % არის შუშა, პლასტმასის ნაირსახეობები და ცემენტი).

8-

რამდენად დიდია დაინტერესება ამ პროექტის მიმართ?

კონკრეტული მიზეზების გამო, ამ ეტაპზე მოვერიდები კონკრეტული პირების და თარიღების დასახელებას, მაგრამ გეტყვით რომ პროექტის მიმართ არსებობს გარკვეული ინტერესი და მიმდინარეობს მსჯელობა მის განხორციელებასთან და ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით და იმედებით 2015 წელს შეიძლება ამ პროექტის რენდერების გარდა რეალური ფოტოებიც ვიხილოთ. ამასთან, პროექტით დაინტერესდნენ ევროპის, ავსტრალიის, ამერიკის, რუსეთის და იაპონიის არქიტექტურული ინტერნეტ ჟურნალები.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

ვფიქრობ, მუდმივი განვითარება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა ეცნობოდე არქიტექტურულ თუ სამშენებლო ტენდენციებს, სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს. მომავალში მინდა, უფრო მეტი დრო დავუთმო საკუთარი პროექტების და დაგროვილი იდეების განხორციელებას. ასევე ვგეგმავ ევროპაში რამოდენიმე არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობას. მწვანე არქიტექტურის განხრით საინტერესო კურსები მაქვს შერჩეული სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც აუცილებლად ვეწვევი და ვეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში ეკო არქიტექტურის პოპულარიზაცია დანერგვაში.

2_

 

9-

5-

 

ვებ-გვერდი, სადაც ნახავთ თუ როგორ “იხრჩობით”

ახალმა ნისან მიკრამ ყველა გაა-20-ა