გსმენიათ, როგორ შექმნა 19 წლის მარკუს ვილიგმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ახლა უკვე BOLT-ად წოდებული კომპანია Taxify? ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ განუმეორებელი გონებით და წარმოუდგენელი შრომით მოახერხა. თუმცა, რეალურად, ფაქტორი, რამაც მარკუს ვილიგის სტარტაპი ასეთი წარმატებული გახადა, თავად ესტონეთის ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანა მცირე ბიზნესს მაქსიმალურად უჭერდა მხარს.

„გაინტერესებს რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?! ბიზნესმა, გაზრდისა და დასახული მიზნის მისაღწევად, საკმარისი თანხა რომ მიიღოს, ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით, ჩვენს ადგილობრივ კრედიტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. წლის დასაწყისში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა კრედო ბანკი 5 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. ეს კი ბანკს საშუალებას აძლევს, დამწყები მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი დაფინანსება უზრუნველყოს.
კრედო ბანკი, მისი წარმომადგენლების თქმით, დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. ფიქრობენ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გზაა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის შეცვლისკენ. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე აქტიურად ამარაგებს მომხმარებლებს მატერიალური რესურსებითა და სრულყოფილი ფინანსური მომსახურებით.
წელს, კრედო ბანკისგან 25000 ლარი გადაეცა „დადარს“. ეს არის თბილისში მდებარე სათამაშოების მწარმოებელი მცირე კომპანია, რომლის შვიდი დასაქმებულიდან სამი დასწავლის უნარის დარღვევის მქონეა. კომპანია, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ცდილობს, სამუშაო ადგილები შექმნას მათთვის, ვისთვისაც შრომით ბაზარზე გასვლა, თითქმის, შეუძლებელია. კომპანიაზე სიუჟეტი „ევრონიუსმაც“ მოამზადა.
მცირე ბიზნესის მხრიდან გადადგმული ასეთი გაბედული ნაბიჯი ყოველ ჯერზე გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა საქმე Bolt-ის მასშტაბის კომპანიასთან გვქონდეს, რადგან მომავალი გამბედავი, სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთული ბრენდებისაა.
90-იანები ხომ გახსოვთ?! „დადარის“ მომავალმა დამფუძნებელმა, მერაბ კუჭუხიძემ სწორედ ამ დროს სათამაშოების კეთება დაიწყო. ეს ის პერიოდია, ქვეყანაში რაიმე ახლის წამოწყება კი არა, დაწყებულის შენარჩუნებაც რომ, თითქმის, შეუძლებელი იყო (არა და, ამ დროს ესტონეთში აღმავლობის აქტიური ხანა იწყება). ამბობენ, მერაბის შექმნილი თითოეული სათამაშო იმდენად მარტივია, წარმოსახვა რომ გაივარჯიშო და იმდენად ზუსტი, რეალიზმის შეგრძნება რომ არ დაკარგო.
მოკლედ, ბნელ 90-იანებში წამოწყებული საქმე, დღეს უკვე ქვეყნის საზღვრებს გასცდა. „დადარის“ პროდუქცია „ონლაინ“ პლატფორმა etsy-ის საშუალებით, გერმანიაში იყიდება. თუმცა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გაიზრდება, შემდეგ წელს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს სრულად თუ დააკმაყოფილებს.
რომ შევაჯამოთ, გარდა „დადარისა“, მოცემული პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, კრედო ბანკი უკვე 5 000 კომპანიას დაეხმარა, რომელთა 50%-საც ქალები უდგანან სათავეში, მთლიანი რაოდენობის 70% კი ფერმერია. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მეორე Taxify ვერ დავაარსოთ, თუმცა, ბიზნესის წარმატების უამრავ მაგალითს შევქმნით“.
პარტნიორის კონტენტი