28
Feb
2019

თბილისში, შშმ პირთა ჩართულობით შექმნილი სათამაშოები ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე იყიდება

28 Feb 2019

Startauperi
Startauperi


დიდი ხანია, რაც არქიტექტორი მერაბ კუჭუხიძე სათამაშოების წარმოების მიმართულებით მუშაობს. 2018 წლიდან, მის საწარმოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან დასაქმებულები. ამისთვის, გადამზადდა 7 შშმ პირი და დღეს, 3 მათგანი სოციალური საწარმო „დადარის“ თანამშრომელია. „დადარის“ ხის ხელნაკეთი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები თბილისის ზღვის პლაზაში იქმნება. მომხმარებელს პროდუქტის შეძენა ადგილზე, ან მიტანის სერვისის გამოყენებით შეუძლია. მიუხედავად ფუნქციონირების დროის სიმცირისა, საწარმომ დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი, რის შედეგადაც, უკვე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეცაა წარმოდგენილი. „დადარის“ ღირებულებებსა და პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მის თანადამფუძნებელს – მარიამ კუჭუხიძეს ვესაუბრეთ, რომელიც საწარმოში დამზადებული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე რეალიზების კუთხით მუშაობს. 

M: როგორ უკავშირდება სოციალურ საწარმო „დადარის“ ღირებულებები თქვენს შრომით პოლიტიკას, ან პროდუქციას, რომელსაც ქმნით?
არსებობს მოსაზრება, რომ დაუნის სინდრომი და სხვადასხვა გენეტიკური ცვლილებები გარემოს დაბინძურების შედეგიცაა. ჩვენი სათამაშოები, ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ. ჩვენი თანამშრომლები დიდ ძალისხმევას და შრომას დებენ ამ საქმიანობაში და სასიხარულოა, რომ ამას დიდი სიყვარულით აკეთებენ. გვინდა, რომ ეს პროდუქტი და ეს ადამიანები უფრო მეტმა გაიცნოს და დაინახოს, თუ რამხელა სასწაულების მოხდენა შეუძლიათ მათ. ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშო  ხელს უწყობს ბავშვის განვითარების პროცესების სწორად წარმართვას. ის დიზაინერების, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების ერთობილი პროდუქტია.

სოციალური საწარმოს მთავარ მიზნად იქცა სათამაშოების წარმოებაში გადაემზადებინა და დაესაქმებინა გონებრივი განვითარების შეფერხების, ინტელექტუალური განვითარებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირები. რაც მათთვის იქნებოდა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალება, ხელს შეუწყობდა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვაში. გვინდოდა, ისინი შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად გვექცია. მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ისინი გახდნენ დამოუკიდებლები, მათ გაუჩნდათ ახალი მიზნები, ახალი ოცნებები, აქვთ საკუთარი სამსახური და საკუთარი ხელფასი, აქვთ საოცრად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და რაც მთავარია, ისინი არიან ბედნიერები. მათ უყვართ თავისი საქმე და ამაყობენ საკუთარი შესაძლებლობებით“.

M: რამდენი ადამიანი ქმნის თქვენს პროდუქციას და რა ეტაპებისგან შედგება სათამაშოს შექმნის პროცესი?
პროდუქტის შექმნაში, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 15-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. ყველას მოვალეობა გადანაწილებულია: დიზაინის შექმნა, გამოჭრა, ფორმის მიცემა, გაზუმფარება, მოხატვა, გაცვილვა და ა.შ. თითეული მათგანის როლი უდიდესია სათამაშოს შექმნის პროცესში. 

M: როგორც ვიცით, ევროპისა და ამერიკის ბაზარზეც იყიდება თქვენი პროდუქცია. მოგვიყევით, როგორ მოიძიეთ სარეალიზაციო გზები და ქართულ ბაზარზე თუ ცდილობთ თავის დამკვიდრებას?
გადავწყვიტეთ, ჩვენი სათამაშოები ევოპისა და ამერიკის ბაზარზეც გასულიყო. ამისთვის მთელი რიგი პროცედურების გავლა დაგვჭირდა. საჭირო იყო CE ნიშნის მოპოვება, რადგან ევროპაში ძალიან ზრუნავენ იმ საკითზე, რომ ბავშვებამდე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივიდეს. ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი სათამაშოები ლაბორატორიებში, მათ ჩაუტარდა კვლევა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით მათი ქვეყნის გარეთ გატანა. ცოტა ხნის წინ მოვხვდით Euronews-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ევროპასა და ამერიკაში ხის სათამაშოები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინტერესიც მატულობს. ქართველი მომხმარებელიც საკმაოდ დაინტერესდა „დადარის“ სათამაშოებით. ვცდილობთ, უფრო მეტად გავაცნოთ ქართველ ხალხს ჩვენი თავი და მაქსიმალურად საუკეთესო პროდუქტი მივაწოდოთ. ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რომ პირველ რიგში, ქართველი ბავშვები თამაშობდნენ ქართული, მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით.

M: რამ შეუწყო ხელი თქვენი ბრენდის განვითარებას?
ჩვენი ბრენდის განვითარებას ძალიან დაეხმარა დიდი შრომა და სიყვარული. იქიდან გამომდინარე, რომ სათამაშები ხელნაკეთია უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს მათი შექმნა, ამიტომ აუილებელია გიყვარდეს ეს საქმე და მაქსიმალურად დიდი შრომა ჩადო მათში.  ყველაზე დიდი ხელშემწყობი ფაქტორი კი ჩვენთან დასაქმებული ადამიანები არიან. სწორედ ისინი არიან მიზეზი „დადარის“ შექმნისა.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?
სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. პირველ რიგში ახალი თანამშრომლების აყვანას და საწარმოს გაფართებას ვაპირებთ. ვცდილობთ, უცხოეთის ბაზარზე პარტნიორების შეძენას და ერთობლივი პროექტების გაკეთებას. გვჯერა, რომ ყველაფერი წინ არის და „დადარს“ დიდი მომავალი აქვს, ჩვენ გვსურს რომ რაც შეიძლება მეტ განსაკუთრებული საჭიროებიის მქონე პირს მივცეთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, მოვახდინოთ მათი გადამზადება და დასაქმება.     

განხილვა