მაშინ, როცა COVID-19-ის გავრცელების საშიშროების პირობებში, სახლებში ვართ გამოკეტილები, შეგვიძლია ვიპოვოთ უამრავი ნივთი, რომელსაც აღარ ვიყენებთ, სხვას კი შეიძლება ძალიან გამოადგეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება რამე ძველი, თუ ახალი, ავეჯი, თუ ტანსაცმელი, ტექნიკა თუ ჭურჭელი. ჩვენ ასეთი ნივთების გაყიდვა, ან გაჩუქება შეგვიძლია, მით უფრო მაშინ, როცა ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე ახალი პლატფორმა DADE გამოჩნდა – აპლიკაცია, რომელიც ონლაინ ვაჭრობის ახალ გამოცდილებას გვთავაზობს.
როგორც უკვე ალბათ მიხვდით, DADE აკავშირებს ნივთების გაყიდვისა და გაჩუქების მსურველ ადამიანებს მათთან, ვისაც ეს ნივთები სჭირდებათ. ამისათვის კი, აპლიკაცია რამდენიმე საინტერესო ხერხს იყენებს. მათ შორის, შეგვიძლია მოვიძიოთ სასურველი პროდუქტი იმის მიხედვით, ტერიტორიულად რამდენად ახლოსაა ის ჩვენთან. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმა ჩვენთვის ყიდვა-გაყიდვისა და ჩუქების ახლებური შესაძლებლობის მოცემის გარდა, აერთიანებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სოციალური ქსელის ფუნქციებს. მაგალითად, ფუნქცია Follow, რომლითაც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ სასურველი Seller-ის მიერ განთავსებულ ნივთებს. გარდა ამისა, აპლიკაციაშივე ჩაშენებულია მესენჯერი, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, პოტენციური მყიდველების არასასურველად ბევრი ზარი ავირიდოთ თავიდან, სხვა მხრივ კი კომუნიკაცია უფრო მოსახერხებელი იყოს. ამ თვისებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატფორმა მომავლის მომხმარებელზე ზრუნავს, რომელსაც სატელეფონო ზარების გზით კომუნიკაცია, მაინცდამაინც, აღარ მოსწონს.

DADE თეა ქრისტესიაშვილმა და თიკო კობახიძემ, ქართულ IT კომპანია Lemondo-ს გუნდთან ერთად შექმნეს. სხვა პლატფორმებისგან/ჯგუფებისგან მას ის განასხვავებს, რომ მისი დახმარებით არამხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების ყიდვა-გაყიდვა შეგიძლიათ, არამედ ნებისმიერი ნივთის, რომლის პლატფორმაზე განთავსებასაც ე.წ. Seller გადაწყვეტს. აქ შეხვდებით სხვადასხვა განყოფილებას, იქნება ეს საოჯახო ნივთები და ავეჯი, სილამაზე, შინაური ცხოველები, სპორტული ინვენტარი, ტექნიკა თუ სხვა. პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი ქმნის საკუთარ პროფილს, ასე ვთქვათ, საკუთარ მინი მაღაზიას და პერიოდულად აახლებს ნივთებს გამომწერებისათვის. განაცხადის დადება ანონიმურადაცაა შესაძლებელი.
რაც შეეხება განაცხადის დადების ეტაპებს, თეა ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ გასაყიდი/გასაჩუქებელი ნივთისთვის ფოტოს გადაღება აპლიკაციიდანვე, მარტივადაა შესაძლებელი, ეს განაცხადის განთავსების პირველი ეტაპია. ამის შემდეგ, ნივთის აღწერა და მისთვის ჰეშთეგების მინიჭებაა შესაძლებელი (რაც ნივთის მოძიებას ამარტივებს). განაცხადის განთავსების დასკვნითი ეტაპი კი Google Maps-ის გამოყენებით, ნივთის გაცემის ადგილის მითითებაა.

რაც შეეხება ნივთის პოვნას, ანუ იმას, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს ორიენტირდეს აპლიკაციის ინტერფეისის გამოყენებისას, ამაში მას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კატეგორია და სპეციალური ჰეშთეგები ეხმარება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედებს ადგილმდებარეობის მიხედვით ძიების ფუნქციაც. ეს უკანასკნელი, საგანგებო მდგომარეობისას მანქანით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, უფრო გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ამას აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში იფიქრებდნენ მისი შემქმნელები.
თეა ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ DADE მხოლოდ აკავშირებს მყიდველსა და გამყიდველს, ან გამჩუქებელსა და ნივთის მსურველს. ამაში ისინი არანაირ ფინანსურ სარგებელს/პროცენტს არ იღებენ. აპლიკაციის ფუნქციონალში ჩაშენებული მესენჯერის დახმარებით, შეგიძლიათ მორიგდეთ ფასზე, ნივთის გადაცემის დროსა თუ სხვა დეტალზე. DADE კი მხოლოდ პლატფორმაზე საინტერესო და სასარგებლო ნივთების დადებას გთხოვთ.
აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია როგორც Andrioid-ის, ასევე, iOS-ის მომხმარებლებისთვის. App Store-იდან გასმოსაწერად მიჰყევით ბმულს , ხოლო Google Play-დან DADE-ს შემდეგი ბმულიდან გადმოწერთ.










