in

„გვინდა, ჩვენი მუსიკა იგრძნობოდეს, როგორც თბილი ჩახუტება” – დადუ დონაძე

„ფერადი მუსიკა” – საქართველოს არეალზე ამ სიტყვათშეხამებით ერთ კონკრეტულ ბენდს მოიხსენიებენ ხოლმე. სახელიც ისეთი აქვს, ბევრ ფერთან და კარგ განწყობასთან რომ ასოცირდება – Mechanical Rainbow. ეს ის ჯგუფია, რომელიც თითქოს გამორჩეულად ახლოსაა მსმენელთან, იცნობს, უსმენს მათ, ელაპარაკება და შემდეგ, თავისი შემოქმედებით, ემოციებს უბრუნებს ხალხს.

ბენდის ვოკალისტი და გიტარისტი დადუ დონაძე დღეს რუბრიკის სტუმარია. მისი სიყვარული მუსიკისადმი დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა, როდესაც პირველად გიტარა აიღო ხელში, დაახლოებით 16-17 წლის იქნებოდა. შემდეგ ბენდის შეკრება გადაწყვიტა, ეს სადღაც 2018 წლისთვის მოხდა და დღემდე მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ მუსიკაა. 

თუ გაინტერესებთ, როგორ მიატოვა სამედიცინო ფაკულტეტი იმისთვის, რომ მთელი დრო მუსიკაში ჩაედო, რას ფიქრობს დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, როგორია მუშაობის პროცესში და რა სამომავლო გეგმები აქვს ბენდთან ერთად, გამოგვყევით.

დადუ დონაძე:

მუსიკის მიმართ ჩემი ინტერესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ერთ-ერთ დაბადების დღეზე ოჯახმა გიტარა მაჩუქა, თუმცა მაშინვე არ დამიწყია დაკვრა. სულ ველოდებოდი, რომ გავივლიდი გიტარის გაკვეთილებს და მასე ვისწავლიდი, მაგრამ ერთ დღესაც სახლში მისულმა ბებიას ვკითხე, სადაა ჩემი გიტარა-მეთქი, მითხრა, რომ საკუჭნაოში იყო. გამოვიტანე, ვცადე დაკვრა და მაგ დღის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ რომ ზოგადად, როცა რამეს ვაკეთებ, ბოლომდე ვერთვები და მთელ გულს ვდებ. 

ნელ-ნელა ვამჩნევდი, რომ ჩემი სურვილები სცდებოდა მხოლოდ დაკვრას და მინდოდა, სიმღერის წერაც მეცადა. ამ ცვლილებებმა შინაგანად იმხელა მოტივაცია მომცა, რომ სწავლას თავი დავანებე, რათა მთელი ცხოვრება მიმეძღვნა მუსიკისთვის. დღეს უკვე მიხარია, რომ სწორ ასაკში სწორი საქმიანობა ვიპოვე. შეიძლება ამ გადაწყვეტილებას სირთულეებიც ახლავს, თუმცა ჩემთვის ეს არის გამოწვევა, რომ ბევრი მუსიკა შევქმნა და ჩემი სიტყვა დავტოვო.

M: დადუ, როგორ შეიქმნა ბენდი Mechanical Rainbow?

ამ კითხვას ალბათ ყველა წევრი თავისებურად უპასუხებს, რადგან ყველას თავისი ისტორია აქვს, თუ როგორ მოვიდა ბენდში, მაგრამ მე ჩემსას მოვყვები. 

ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩემი ჯგუფელი უკრავდა ბენდში, რომელსაც ჯერ სახელი არ ჰქონდა. ამ ჯგუფელმა ჩატში გაუგზავნა ჩემი მუსიკა მეგობრებს, მოეწონათ და დამიბარეს რეპეტიციაზე.

მახსოვს, როცა მივედი, თავიდან მხოლოდ როკჯგუფების ქავერებს უკრავდნენ და ჟანრობრივადაც ალბათ ამ მუსიკის კეთება მოსწონდათ. მე კი უფრო კლასიკისა და ჰიპ-ჰოპის მსმენელი ვიყავი და თან არც ჯგუფთან ერთად დაკვრის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ პირველ რეპეტიციაზე ცოტა მორიდებულად ვიჯექი და, უბრალოდ, ვუსმენდი. თუმცა ბოლო 15 წუთში შევთავაზე, რომ საავტორო სიმღერაც დაგვემუშავებინა, რაზეც ბენდის წევრებიც წამოვიდნენ და დავიწყეთ ერთად მუშაობა, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ჟანრობრივადაც შევეწყვეთ.

M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი?

სიმღერის წერა იქ არ იწყება, როცა უშუალოდ დაჯდები და დაწერ. ეს იდეები დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში იხარშება გონებაში, პარალელურ რეჟიმში არსებობს შენთან ერთად, ფიქრობ ამ ყველაფერზე და მერე დგება ამოხეთქვის მომენტი, როცა თავისთავად ვიწყებთ ხოლმე სიმღერაზე მუშაობას. ეს სამუშაო პროცესს ყოველთვის საინტერესოს ხდის.

ჩემთვის პირადად, როგორც შემოქმედისთვის, პირველი ნაბიჯი იწყება მელოდიური ინფორმაციით. ჩვენს მუსიკაშიც წამყვანი ხაზი მუსიკაა, რადგან, როცა ადამიანები ვუსმენთ უცხოენოვან სიმღერებს, მაგალითად, ის ენა შეიძლება არ გვესმის, მაგრამ სიმღერა მოგვწონს. შესაბამისად, ჩვენც ასე ვართ – ჯერ იქმნება მუსიკა და მერე მასზე შენდება ტექსტი.

M: რა არის თქვენი შემოქმედებითი გზავნილი?

ძალიან მარტივად რომ ავხსნა, გვინდა, ჩვენი მუსიკა იგრძნობოდეს მსმენელისთვის, როგორც თბილი ჩახუტება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აუდიტორია და მასთან ურთიერთობა. ვინც ჩვენს ლაივებზეა ნამყოფი, იცის, რომ ეს არ არის ხოლმე Mechanical Rainbow-ს კონცერტი, მსმენელიც ჩვენ გვერდითაა, ერთად ვატარებთ ამ ლაივებს, იმიტომ რომ ძალიან ჩართული გვყავს ყველაფერში, იქნება ეს ერთად სიმღერა, ცეკვა თუ სხვა.

M: თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მსმენელის უკუკავშირი?

მსმენელთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. სოციალურ მედიაში სულ ვცდილობთ, რომ კომენტარებსაც ვუპასუხოთ, სიახლეები მივაწოდოთ, პირადშიც მიგვიწერია. Instagram-ზე close friends-ებში ხშირად ვდებთ ვიდეოებს, რომლებიც ჩვენი ერთგული მსმენელისთვის იდება. 

მსმენელთან ეს ურთიერთობა დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთოთ.

M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი მიმდინარე გეგმები?

ბოლო ხანებში უფრო მოვუხშირეთ კოლაბორაციებს, გავაკეთეთ კორძთან, სტეფანესთან, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ახლო მომავალში მსმენელი კიდევ უნდა ელოდოს ერთ კოლაბორაციას.

გარდა ამისა, გვაქვს გეგმები ევროპისკენ, თუმცა ჯერჯერობით მათზე ხმამაღლა საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან დაანონსებული არ არის.

M: დაბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

Royal Otis-ის Say Something – ამ სიმღერას ვტოვებ იმიტომ, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სულ მაქვს პერიოდები, როცა ამ ტრეკს უწყვეტად ვუსმენ. არ ვიცი, რატომ, რეალურად, ძალიან ბევრი სიმღერა მომწონს, მაგრამ ეს არის ის, რომელიც სულ შემიძლია, მქონდეს ჩართული.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჰიტა საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის შესახებ

ფერებით გადმოცემული დღის ამბები — The New York Times-ის ტრანსფორმაცია