16
Nov
2018

DADU Handmade – ხელით ნაქსოვი სათამაშოები და აქსესუარები

16 Nov 2018

Startauperi
Startauperi


„არც მიფიქრია, თუ ჩემი შვილისთვის მოქსოვილი სათამაშო ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა და მით უმეტეს, სტარტაპის საწყისი გახდებოდა“. გაჩენილი ინტერესის გამო, ნათია დადუნაშვილმა DADU Handmade შექმნა და დღეს სხვა ბავშვებისთვისაც აკეთებს სათამაშოებსა და აქსესუარებს. ამბობს, რომ თითოეული დეტალის დამუშავებას დიდი შრომა, დრო და ენერგია ენერგია სჭირდება.

DADU Handmade-ის დამფუძნებელი ნათია დადუნაშვილი

ნათია დადუნაშვილი: ყველაფერი, დაახლოებით, ერთი წლის დაიწყო. DADU Handmade-ის ყველა სათამაშო ხელით არის მოქსოვილი, საბავშვო, ანტიალერგიული ძაფით. ნივთებს მხოლოდ მე ვამზადებ, დამატებითი კადრების გარეშე. მართალია, მარტო მუშაობა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ღირს ეს ყველაფერი, რომ ჩემი გვერდი უკვე ათობით კმაყოფილი მომხმარებლის წერილს ინახავს. ნივთებს Facebook-ის საშუალებით მიკვეთენ. თითოეულ დეტალს მომხმარებელთან ვათანხმებ და შემდეგ ვიწყებ მზადებას. რაც შეეხება მიწოდებას, ხშირად მიწევს ფოსტით სარგებლობა, რადგან რეგიონებიდანაც არის მოთხოვნა. ვცდილობ, დრო და ადგილი მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად განვსაზღვრო.

ვისთვის არის DADU Handmade?

DADU Handmade არის, ძირითადად, ბავშვებისთვის. თავიდან ვფიქრობდი, დიდებისთვისაც შემეთავაზებინა სასურველი პროდუქცია, რამდენიმე ჩანთა გავაკეთე კიდეც, მაგრამ სათამაშოებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მთლიანად ამაზე ვარ გადართული. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს მივაწოდო ხარისხიანი პროდუქცია. ვგულისხმობ, რომ ნივთი არის უსაფრთხო და ანტიალერგიული მასალით დამზადებული. მინდა, რომ კიდევ უფრო განვავითარო ის სტილი და განსხვავებულობა, რაც ასე მოსწონთ DADU Handmade-ის მომხმარებლებს.

დღეს ძალიან ბევრი სტარტაპი ან მცირე ბიზნესი მუშაობს ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარების მიმართულებით. DADU Handmade რითია გამორჩეული?

ჩემი ნამუშევრების უპირატესობა ფასთან ერთად, ისაა რომ თითოეული ბავშვის ასაკზეა მორგებული. სათამაშოებს, რაც სხვებისგან გამოარჩევს მათი განსხვავებული ფორმა, ფერები და ხარისხია. ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი კი, ალბათ, ისაა, რომ თითოეული ნივთი სიყვარულითაა შექმნილი.

ასეთი კონკურენციის პირობებში, მოთხოვნა არის?

მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კონკურენციაც არის, თუმცა, ეს ჩემს მოტივაციას ზრდის და უფრო მეტი შემართებით ვეკიდები წამოწყებულ საქმეს. მუდმივად ვცდილობ განვითარებას.

მარტივია დღეს ამის კეთება? 

როცა ზუსტად იცი რის კეთება გინდა და კარგად გამოგდის საქმე, ვფიქრობ, რომ მაშინ ყველაფერი მარტივია.

ალბათ, თქვენთვის, როგორც სტარტაპერისთვის, არსებობს გარკვეული სირთულეებიც  . . .

საბედნიეროდ, სირთულეებთან გამკლავება, ჯერჯერობით, არ დამჭირვებია, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ.

როგორც აღნიშნეთ, მუდმივად ცდილობთ განვითარებას. კონკრეტულად რას გეგმავთ სამომავლოდ?

რამდენიმე იდეის განხილვის პროცესში ვარ. მინდა, უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი საქმიანობა და მომხმარებლებს  პროდუქციის ფართო არჩევანი შევთავაზო. ამჟამად საახალწლო აქსესუარებს ვამზადებ.

განხილვა