ათეულობით ჯილდო, საერთაშორისო პროექტები და აღიარება – არქიტექტორ დადუნა შათაშვილის კარიერა 25 წელზე მეტს ითვლის. უკვე ათი წელია, პარტნიორებთან ერთად, არქიტექტურულ კომპანია „არტიტექსის“ სახელით ქმნის პროექტებს და 25-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. როგორც ამბობს, მისთვის არქიტექტურა არის პროცესი, სადაც ფუნქცია ხვდება წარმოსახვას – ხელოვნება, რომელიც იქმნება ადამიანებისთვის. ალბათ, სწორედ ეს ხედვა იქცა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარების წინაპირობად, შეგახსენებთ, „არტიტექსმა“ A’Design Award-ის საერთაშორისო ჯილდო მიიღო ბუტიკური სასტუმროს პროექტისთვის აბასთუმანში. აბასთუმნის პროექტი, რომლითაც არქიტექტორმა საქონლის სადგომიდან ბუტიკურ სასტუმროდ აქცია 200,000 განაცხადიდან, 278 ადამიანისგან შემდგარმა ჟიურის გუნდმა, 300 რჩეულ ნამუშევარს შორის შეარჩია, მთელი მსოფლიოდან. A’Design Award არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. დადუნა შათაშვილის ამ პროექტზე 200-ზე მეტმა გამოცემამ დაწერა ამერიკასა და ევროპაში.
დადუნა შათაშვილის ჯილდოებს შორის არის ოქრო საერთაშორისო კონკურსებზე: International Architecture & Design Awards, ADC, ACHFRAME. არქიტექტურულმა საზოგადოება TAC-მა ის წლის არქიტექტორად დაასახელა 2020 წელს, უფრო ადრე კი – Urban Design & Architecture Award-სა და International Architectural Award, Reconstruction-ზე მოიპოვა პირველობა. წლის საუკეთესო არქიტექტორად 2012 წელს დასახელდა, International Architectural Award-ზე. 2012 წელსვე, მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი საქართველოს პრეზიდენტისგან, 2000 წელს – ჯილდო საქართველოს პრეზიდენტისგან, არქიტექტურული სამეცნიერო ნაშრომისთვის. აგრეთვე, მიღებული აქვს მსოფლიოს პრესტიჟული პროფესიული ორგანიზაციის, ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) სერტიფიკატი. 2024 წელს, გახდა WORLD DESIGN CONSORTIUM-ის წევრი, ორგანიზაციისა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერებსა და არქიტექტორებს აერთიანებს.
მარკეტერთან ინტერვიუში დადუნა საკუთარ კარიერულ გზასა და იმ შესაძლებლობებზე გვესაუბრება, რაც A’Design Award-ის საერთაშორისო აღიარებას ახლავს თან.
M: დადუნა, როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში არქიტექტურისადმი სიყვარული და როგორ იქცა ის პროფესიად?
ხატვა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. ჩემი წარმოსახვის უნარი, ხედვა და სფეროსადმი ინტერესი მამამ პატარა ასაკიდანვე შენიშნა. თავდაპირველად, ელენე ახვლედიანის ხატვის წრეზე შემიყვანეს, თუმცა არქიტექტურისადმი გაცნობიერებული არჩევანი და საქმის სიყვარული მოგვიანებით ჩამომიყალიბდა, როდესაც პროექტი პირველად შევქმენი დამოუკიდებლად. ვფიქრობ, ეს იყო დიდი ბიძგი და ერთგვარი გამართლებაც. ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ისეთი გამოცდილების შეძენას, რასაც პროფესიონალი არქიტექტორები წლების მანძილზე აგროვებდნენ. არ ვჩერდებოდი, ვათენებდი ღამეებს, ბევრს ვშრომობდი, რომ უმოკლეს დროში გამეღრმავებინა ცოდნა. მთლიანად ამ გამოცდილების მიღებაზე ვიყავი ორიენტირებული. ასეთია ჩემი არქიტექტორად ჩამოყალიბების ამბავი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთი სურვილითა და იდეოლოგიით ვვითარდები. მიყვარს ჩემი პროფესია და პროცესი, რომელსაც გავდივარ ყოველი ახალი თავგადასავლის დროს, ფურცლიდან პირველი ნათურის ანთებამდე. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, სწორედ ეს გახლავთ წარმატების ფორმულა – გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და არასოდეს მოგიწევს სამსახურში სიარული. ის ცხოვრების ნაწილი გახდება.
M: როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა?
ძალიან საინტერესო კარიერული გზა გავიარე. სხვების მსგავსად, ვისაც 90-იანების ცხოვრება გამოვლილი გვაქვს, მეც მედგა საჭიროება, რომ სტუდენტობის დროს მემუშავა – გაზეთების გამყიდველად, დამლაგებლად და ამას ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე საქართველოს რკინიგზის საპროექტოში სტაჟიორად. შემდეგ, კომპანია „მაგი სტილის“ შესახებ გავიგე, რომელსაც საინტერესო და ექსკლუზიური პროექტები ჰქონდა. კომპანიაში ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე მივედი და განვუცხადე, რომ ვარ არქიტექტორი და ვეძებ სამსახურს. ამ გამოცდილებამ მასწავლა, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია გამბედაობა კარიერული წინსვლის პროცესში. სწორედ ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდის მანძილზე შევიძინე დიდი პროფესიული გამოცდილება. დღე-ღამეში 19-20 საათის განმავლობაში ვმუშაობდი, სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ეს იყო ჩემი ინტერესი.
15 წლის მანძილზე, „მაგი სტილის“ მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, არქიტექტორთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და ერთად მასშტაბურ პროექტებს ვქმნიდით. 2014 წელს, გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბება. ეტაპობრივად შემოვიკრიბე პარტნიორები. თავდაპირველად, ალექსანდრე ბურჭულაძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კომპანია. ალექსანდრე ბურჭულაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კომპანია „არტიტექსის“ სტრატეგიულ განვითარებაში. მისი დიდი გამოცდილება საჯარო თუ კერძო სექტორში უმნიშვნელოვანესი იყო, კომპანიის სწორად განვითარებისთვის. შემდეგ, შემოგვიერთდა არჩილ ძიძიგური, რომელიც კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ის აქტიურად არის ჩართული მარკეტინგულ პროცესებში და ზრუნავს, რომ „არტიტექსის“ პროექტებს იცნობდეს აუდიტორია. ასევე, კონსტანტინე ღვინჯილია, დიდი გამოცდილებით საჯარო სექტორში, პროექტების სანებართვო ნაწილში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქში კარგი პროექტების ჩამოყალიბებაში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი ჩვენს კომპანიაშიც.
M: გვიამბეთ, რომელია თქვენთვის გამორჩეული პროექტები, რაზეც გიმუშავიათ და რას ნიშნავს ისინი თქვენთვის?
ყველა პროექტი შვილივით მიყვარს. შეუძლებელია სხვანაირად იყოს, როდესაც ის შენი ცხოვრების ნაწილია. ჯერ იბადება იდეა, შემდეგ გადადის ფურცელზე, იხვეწება, ვითარდება, გადმოდის რეალობაში. ეს შვილების გაზრდის პროცესს უტოლდება, ამიტომ ძნელია გამოარჩიო რომელიმე მათგანი. რა თქმა უნდა, არის კონცეპტუალურად განსხვავებული და ექსკლუზიური დატვირთვის პროექტები. მაგალითად, ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი, რომლის ფარგლებშიც თითოეული ასო ბგერისთვის შესაბამისი ფუნქციური მნიშვნელობა შევიმუშავე, თითოეული ასო-ბგერა წარმოადგენს ქართველი გამოჩენილი ხელოვანის თუ საზოგადო მოღვაწის სამუზეუმო სივრცეს. აბასთუმნის საოჯახო სასტუმრო, რომელსაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, გამორჩეულია არასტანდარტული არქიტექტურული გადაწყვეტით, მისი არსებული ნანგრევების შენარჩუნებამ განსხვავებული სახის რეკონსტრუქციის შთაგონება მომცა.
M: როგორ იძენს პროექტი შინაარსსა და ფორმას? რა არის ის, რაც აღგაფრთოვანებთ და შთაგაგონებთ მუშაობის პროცესში?
იდეაზე მუშაობა ყოველთვის იწყება დამკვეთის სურვილებისა და კონკრეტული ადგილმდებარეობის შესწავლის შემდეგ. ნებისმიერი პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს გარემოსთან, ობიექტის ფუნქციასთან, დანიშნულებასა და ტექნიკურ დავალებასთან. არქიტექტორის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია კონკრეტული პროექტის გარემოზე, არსებულ განაშენიანებაზე მორგება. ამდენად, სწორედ ადგილმდებარეობის შესწავლა არის პროექტირების საფუძველი. შემდეგ, გონებაში ყალიბდება იდეა. შთაგონება შეიძლება საპროექტო ადგილის არსებულ ტერიტორიას უკავშირდებოდეს იდეაზე ფიქრი წარმოსახვითი პროცესია, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მუდმივად ახალი იდეების ფორმულირებაში ვარ. მახსოვს, ერთი იდეა რესტორანში, მეგობრებთან ერთად სადილობის დროს გამიჩნდა, როდესაც ლანგარზე დახვეული ხელსახოცი დავინახე. მივხვდი, რომ ეს ფორმა შეიძლებოდა მექცია შენობად, რის შედეგადაც შევქმენი შენობის ახალი კონცეფცია. შემოქმედებითი ნაწილის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორს ჰქონდეს ტექნიკური ცოდნა.
M: ცოტა ხნის წინ, თქვენმა პროექტმა A’Design Award მიიღო. რა მნიშვნელობისა არის ეს ჯილდო თქვენთვის?
A’Design Award-ის კონკურსში მონაწილეობა ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს, მივიღეთ წინადადება წარგვედგინა ჩვენი რომელიმე პროექტი. მონაწილეობისთვისაც კი გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის საჭირო და წინასწარ ხდება საკონკურსო ნამუშევრის შეფასება.
A’Design Award-ის წინასწარი შეფასებისთვის აბასთუმნის პროექტი გავაგზავნეთ. ძალიან მაღალი დონის პროექტად შეფასდა და საკონკურსო სტანდარტებს აკმაყოფილებდა. A’Design Award-ის ჯილდო ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის განვითარებაში. ეს გახლავთ ერთ-ერთი კონკურსი, რომელზე მონაწილეობა ძალიან ბევრი არქიტექტორს არ შეუძლია, რადგან უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი დონის სტანდარტებს. ნამუშევრებს 278 პროფესიონალი ჟიურის წევრებისგან შემდგარი გუნდი აფასებს. ისინი ინოვაციური პროექტების ძიებაში არიან და გამოარჩევენ ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც მათივე შეფასებით, სამყაროში არქიტექტურისა და დიზაინის განვითარებას ცვლის.
ამ ჯილდოს პრესტიჟულობას ის დატვირთვაც აქვს, რომ აქ გამარჯვებულ პროექტებზე უამრავი პოპულარული ევროპული და ამერიკული გამოცემა წერს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე.
A’Design Award ასევე ნიშნავს ახალ კონტაქტებსა და თანამშრომლობას. ამ ჯილდომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გახსნა ჩვენი კომპანიისთვის და მოტივაციასთან ერთად, ჩვენი პასუხისმგებლობაც გაზარდა.
M: როგორია კომპანია „არტიტექსის“ ხელწერა, პროექტების შექმნისას?
ჩვენი არცერთი პროექტი არ ჰგავს ერთმანეთს და ამით ვამაყობთ. ჩვენ ვქმნით ერთმანეთისგან განსხვავებულ პროექტებს. ნებისმიერი შენობის ფუნქცია და დანიშნულება მოდის უშუალოდ ტექნიკური დავალებიდან, ფუნქციურ დანიშნულებაზე სწორად პასუხის გაცემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროექტის შექმნისას, ჩვენ არქიტექტორები ვქმნით შესაბამის ფორმებს, შესაბამის გეგმარებებს ფუნქციიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ხოლო შენობის გაბარიტებს, მის ვიზუალურ ნაწილს, მასშტაბს ყოველთვის განაპირობებს, როგორც ფუნქციური დანიშნულება და ტექნიკური დავალება, ასევე საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა, არქიტექტორის პროფესიონალიზმს განაპირობებს საპროექტო შენობის გარემოში არსებულ განაშენიანებაზე მორგება, ამიტომ ადგილმდებარეობის შესწავლა არის პროცესის დასაწყისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მუდმივად ახალ იდეებზე ვფიქრობ. იდეის შექმნის ეტაპზე კეთდება ჩანახატი და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დეტალური პროექტის განვითარება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გეგმარება, ტექნიკური გადაწყვეტა და აუცილებელია შესაბამისი გამოცდილება. ეს გვეხმარება ისეთი არქიტექტურის მიღებაში, რომელიც სცდება სტანდარტულ ფორმებს და ქმნის განსხვავებულ და გამორჩეულ არქიტექტურას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტორს ჰქონდეს ისეთი გამოცდილება, რომ მან შეძლოს მისივე შექმნილი პროექტის მართვა მშენებლობაზე ტექნიკური თვალსაზრისით.
სხვა შემთხვევაში პროექტი რჩება ფურცელზე და არქიტექტორის შრომა იკარგება იმავე ფურცელზე, ამიტომ მნიშვნელოვანია პროექტის მართვა მანამ, სანამ პირველი ნათურა არ აინთება. ეს არის ის პროცესი რასაც ჩვენ ვეძახით შექმნას.
M: როგორია თქვენი პროფესიონალური შეფასება – როგორ ხედავთ ქართული არქიტექტურის განვითარების პოტენციალს? რა არის საჭირო, რომ თანამედროვე ქართულმა პროექტებმა საერთაშორისო აუდიტორია აღაფრთოვანოს?
ქართულ არქიტექტურას აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული ნიშა, რაც აღაფრთოვანებს საერთაშორისო ვიზიტორებს. ეს ბევრ ქვეყანას არ აქვს და ვფიქრობ, ძალიან საამაყოა. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურა, რაც თანამედროვეობასთან ერთობლიობაში ქმნის ახალ ქართულ არქიტექტურას, ეს არის ქართული ტრადიციული დამახასიათებელი სტილისტური განვითარება. როდესაც დამკვეთისგან მოთხოვნა არის ექსკლუზიურობაზე, მე სწორედ ამ გზას ვირჩევ, თბილისის მაგალითზე ეს გახლავთ ძველი თბილისის არქიტექტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა. ეს მიქსი ყოველთვის ქმნის საინტერესო, ექსკლუზიურ ნამუშევრებს და არაერთხელ მიიღო აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული არქიტექტურის განვითარება სწორედ იმ ექსკლუზიურობას მოიცავს, რაც ადგილობრივ დამახასიათებელ სტილს აქვს.
M: უკვე არაერთი წელია, პროექტებს კომპანია “არტიტექსის” სახელით ქმნით. როგორ გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
„არტიტექსი“ უკვე ათი წელია ფუნქციონირებს. კომპანია ეტაპობრივად განვითარდა. დღეს, ჩვენი გუნდი 25-მდე თანამშრომელს ითვლის. გვაქვს დიდი, საინტერესო და მასშტაბური გეგმები. ვფიქრობთ საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას. ამის საფუძველს მიღებული საერთაშორისო ჯილდოები გვაძლევს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფ A’Design Award-ს. ამ ჯილდომ იმდენად გაზარდა „არტიტექსის“ ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, რომ ამ მიმართულებით მოგვეცა განვითარების საფუძველი.
[R]