in

„დაე“, ინდოეთში მოგზაურობა იქცეს ხელნაკეთი დეოდორანტების ქართული სტარტაპის შექმნის წინაპირობად

Startauperi
Startauperi

დაე“ ქართული დეოდორანტების სტარტაპია, რომლის შექმნის წინაპირობაც ინდოეთში მოგზაურობა გახდა. მისი ავტორი ნინიკო ბიწაძეა და იდეა, რომ სხვადასხვა ინგრედიენტით, ნატურალური და არომატული დეოდორანტები დაემზადებინა, სწორედ აქ, სამხრეთ აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში ყოფნისას გაუჩნდა… ადგილობრივი გოგოს მიერ, მისთვის გაზიარებული გამოცდილებით, თავადვე რომ ამზადებდა ამ პროდუქტს.

მერე ჩემითაც დავიწყე ინფორმაციის მოძიება და საბოლოოდ, შევაერთე ის ინგრედიენტები, რომლითაც დღეს, „დაე“ იქმნება. ამ მოგზაურობამ ბევრი კარგი რამ აღმომაჩენინა, რაც დღემდე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასიამოვნო საუნდტრეკივით დამყვება, – გვიყვება ნინიკო ბიწაძე.

ნინიკო 28 წლის, პროფესიით, მებაღეა. ეს მისი ბოლოდროინდელი საქმიანობაა, 2 წლის წინ რომ დაიწყო და ახლა, დეოდორანტების ქართული სტარტაპის გაძღოლასთან ერთად, ფრილანსერად, ამ საქმიანობასაც აგრძელებს. თავიდან, ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩააბარა, შემდეგ, შემთხვევით, თავი„ ფორმულა კრეატივში“ ამოყო და სხვადასხვა სარეკლამო კომპანიასთან ფროდაქშენშიც მოუწია მუშაობა.

მარკეტერი გთავაზობთ ნინიკო ბიწაძესთან ინტერვიუს და დაე, წაიკითხეთ დეტალები, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე, რა გზა განვლო ხელნაკეთი დეოტორანტების ქართულმა სტარტაპმა:

M: ნინიკო, ახალი საქმის დაწყება ფინანსურ, ტექნიკურ თუ სხვა დეტალებთან ერთად, ემოციურადაც რთულია ხოლმე… გაგვიზიარე შენი იმჟამინდელი გამოცდილება, „დაეს“ სტარტაპად ქცევა რომ გადაწყვიტე…
თავიდან, როცა დეოდორანტი საკუთარ თავსა და ახლო მეგობრებზე გამოვცადე და აშკარად გაამართლა, გადავწყვიტე, რომ სხვა ადამიანებისთვისაც გამეზიარებინა. ასე, პატარა სტარტაპისთვის მზადება დავიწყე რა, აი, მანდ გამიჩნდა შიში, დაბნეულობა, ორჭოფობა სახელზე, ლოგოზე, შეფუთვაზე. თუმცა ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეგობრები, ვინც ამ საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან დამეხმარნენ ამ ყველაფრის თავის მობმაში. მერი გიორგობიანი, გიორგი პოპიაშვილი და ბაბი (დავით ბაბიაშვილი) არიან ის ადამიანები, ვის გარეშეც, ალბათ, ახლა ეს პროდუქტი ისევ მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის მექნებოდა.

სახელზე ფიქრისას ვიცოდი, რომ რაღაც ისეთი მარტივი, ლამაზი, ჰაეროვანი სიტყვა მინდოდა. სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით, თუმცა ბაბის შერჩეულმა სახელმა „დაემ“ ყველა სხვა დანარჩენი გააქრო. ამ სიტყვის თქმის დროს, სულ მზის ვიზუალს წარმოვიდგენდი ხოლმე და ასე გაჩნდა ლოგოც.

M: ვინ და როგორ ამზადებს „დაეს“ და რა გზას გადის პროდუქტი დამზადებიდან მისი მომხმარებლისთვის მიწოდებამდე?
შეფუთვასა და ინგრედიენტების ნაწილს სხვადასხვა ქვეყნიდან ვიწერ, დანარჩენს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობ. დეოდორანტი 9 ინგრედიენტისგან შედგება, რომლის ერთმანეთში გაერთინებითაც მზადდება 100%-ით ნატურალური პროდუქტი. მთავარია დოზების დაცვა და დადებითი განწყობა. სხვა შემთხვევაში, არ ამართლებს.

შექმნის პროცესში პირადად მე ვარ ჩართული და საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, სულ მგონია, რომ გემრიელ დესერტს ვამზადებ. ქილებში ჩამოსხმიდან 24 საათია საჭირო, რომ ბოლომდე მომზადდეს, შემდეგ იდება „დაეს“ დაბრენდილ ქისებში და ელოდება მომხმარებელს.

M: და ვინ არის „დაეს“ მომხმარებელი?
ჩვენი სამიზნე კატეგორია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ნატურალურ პროდუქტებს მოიხმარენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და ქართულ წარმოებას ხელს უწყობენ.

M: რა პრობლემა უნდა გადაიჭრას თქვენი პროდუქტის საშუალებით ქართულ ბაზარზე?
ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობა და ამ პროდუქტის მოხმარება, ვფიქრობ, არა მარტო ორი მხარისთვის არის საინტერესო, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მოგებიანია. მეც, ძირითადად, ვცდილობ, ქართული პროდუქტი შევიძინო და ბევრი სტარტაპის არსებობა ძალიან მახარებს. მით უმეტეს, ახლა, როცა მათ გვერდით ამოვყავი თავი.

M: სად რეალიზდება თქვენი პროდუქცია და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ამ ეტაპზე მომხმარებელს „დაეს“ შეძენა ვინტაჟურ მაღაზია „ვინტილატორში“ შეუძლია და ასევე, საშუალება გვაქვს, ჩვენს აუდიტორიას ადგილზე მიტანის სერვისი შევთავაზოთ. ფასი, ვფიქრობ, არის საშუალო, ადეკვატური და იმ სეგმენტზე გათვლილი, რომელიც მსგავს პროდუქტებს მოიხმარს, თან იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ქილა, დაახლოებით, 2 თვემდე შეიძლება, გეყოთ.

საქართველოში სხვა ნატურალური დეოდორანტებიც იქმნება, თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა იმ ინგრედიენტების მრავალფეროვნება და სიმრავლეა, რომლებიც საგრძნობლად სასარგებლოა ადამიანის სხეულისთვის. არის ძალიან კომფორტული და პრაქტიკული, – ნინიკო ბიწაძე.

M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს? როგორ წარმოგიდგენიათ სტარტაპის განვითარება?
სტარტაპის განვითარება, მგონია, პროდუქციის გამრავალფეროვნება იქნება. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს ეტაპობრივად შევთავაზებთ სხვადახვა პროდუქტს, რომელიც ასევე, 100%-ით ნატურალური, სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი დასაწყისი გვაქვს და „დაე“, ასე გავაგრძელოთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

„პროკრედიტ ბანკმა“ მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი წარადგინა

Google-ის საოფისე პროგრამებს – Docs-ს, Sheets-სა და Slides-ს უკვე Dark Mode აქვს