12
Jul
2019

ყოველდღიური “რიტუალები”, რომლებსაც წარმატებული ადამიანები მიმართავენ

12 Jul 2019

დაუგეგმავი დღეები დაგეგმილისგან იმით განსხვავდება, რომ არ ვიცით, ამ დღის ბოლოს თავს სად ამოვყოფთ. ასეთი დღეები, ერთი შეხედვით, მიმზიდველია, თუმცა, როდესაც მუშაობთ და თითქმის ყოველთვის დროში შეზღუდული ხართ, ალბათ, მაინც და მაინც, არ გაწყობთ ბედზე მინდობა. წარმატებული ადამიანებისთვის დაგეგმილი დღის გარკვეულ ნაწილს მოიცავს ყოველდღიური ჩვევები/რუტინა, რომლებიც არა მხოლოდ უკეთესს ხდის დღეს, არამედ ზრდის პროდუქტიულობასაც.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

გთავაზობთ ყოველდღიურ “რიტუალებს”, რომლებსაც წარმატებული ადამიანები მიმართავენ:

დაალაგეთ გონებაში საკითხები პრიორიტეტების მიხედვით და ჩაინიშნეთ ისინი

ხანდახან დაძინებაც არ გვინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, მომავალ დღეს უამრავ საკითხზე მოგვიწევს ფიქრი. აღნიშნული საკითხები კი იმდენად ბევრია, უბრალოდ ვერ ვხვდებით, საიდან უნდა დავიწყოთ. გონებაში პრიორიტეტების მიხედვით მათი დალაგება ყველაფერს მოაგვარებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, როდისთვის არის საჭირო მისი მოგვარება, ერთ საათში, ერთ დღეში თუ ერთ კვირაში? ხანდახან გაურკვევლობაში მყოფებს გვგონია, რომ ყველაფერი “თავზე გვაყრია”, თუმცა, ეს ასე სულაც არ არის, მთავარია, თქვენს თავში გაერკვეთ.

შეახსენეთ თქვენს თავს, რომ პატივი სცეთ სხვების პოტენციალს და შექმნათ პოზიტიური გარემო 

რამ შეიძლება შექმნას პოზიტიური გარემო თქვენ გარშემო, თუ არა თქვენმა ქმედებებმა. დადებით გარემოს კი არაფერი ქმნის ისე, როგორც სხვების პატივისცემა და კარგი მოპყრობა. რუტინული გარემო ხშირად გვავიწყებს, რომ ადამიანებში კარგი დავინახოთ – ამის შეგრძნება უბრალოდ გვიქრება. სწორედ ამიტომ, ეცადეთ ხშირად შეახსენოთ საკუთარ თავს, რამხელა პოტენციალი გყავთ ადამიანების სახით გარშემო და აუცილებლად გაუზიარეთ მათ, რომ ამას ხედავთ.

ნუ იქნებით სოციალურ ქსელებში ყოველთვის ხელმისაწვდომი

საქმის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ თქვენი გონების გადალაგება თავიდან აუცილებლად მოგიწევთ. დღევანდელობაში ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ხელის შეშლა შეტყობინებებით. როდესაც სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიური ხართ, მუდმივად გიწევთ ამ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს თქვენს მუშაობას შეაფერხებს და არა მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ, არამედ შედეგის ხარისხსაც შეამცირებს.

შეიმეცნეთ ყოველდღე

დღის განმავლობაში, როცა შეატყობთ, რომ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, აუცილებლად დაუთმეთ იგი შემეცნებას. ადამიანს ისე არაფერი ავითარებს, როგორც უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია. სწავლა ხომ სიკვდილამდეა – ნუ გეგონებათ რომ ცოდნა ოდესმე საკმარისი გახდება. თავისუფალი დროის ნახევარი მაინც დაუთმეს იმის კითხვას, რაც აქამდე არ იცოდით, თუნდაც, ეს თქვენს სფეროს არ ეხებოდეს.

გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი

ძილი ის ფენომენია, რომელიც სხეულს და სულს ენერგიით ავსებს. ძილის დარღვევა კი, კარგადაა ცნობილი, რა პრობლემებსაც იწვევს. როგორ უნდა გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი? თითქმის ყოველთვის, სანამ დავიძინებთ, ან ტელევიზორს ვუყურებთ, ან კომპიუტერის/ტელეფონების ეკრანებს, ეს კი მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ძილის ხარისხს. სანამ დაიძინებთ, ჯობია, წიგნი წაიკითხოთ, მუსიკას მოუსმინოთ ან უბრალოდ ადამიანს ესაუბროთ ცოცხლად.

მიუძღვენით 10 წუთი მადლიერებას

ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად/უფრო ცუდად ყოფილიყო? გამოყავით დღეში 10 წუთი მაინც, იფიქროთ იმაზე, თუ რა კარგია, რომ გაქვთ ის, რაც გაქვთ და გყავთ ისინი, ვისაც ასე აფასებთ და გიყვართ. მადლიერება ის ფენომენია, რომელიც თანაბრად აჯანსაღებს ჩვენს სულსა და სხეულს.

დაუთმეთ დრო ფეხით სიარულს

ფეხით სიარულის დრო ის დროა, რომელიც მრავალმხრივაა სასარგებლო: პირველ რიგში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თანაც გარკვეულ ენერგიას დახარჯავთ ამაში. კარგია იმ მხრივაც, რომ ამ დროს კომპიუტერს მოაშორებთ თვალებს და ცოცხალ გარემოს დაინახავთ. ასევე, ფეხით სიარული ძალიან უწყობს ხელს ფიქრსა და საკუთარ თავზე დაკვირვებას. ხშირად, სწორედ ამ დროს შეიცნობთ ხოლმე თავს..

ნაკლებად რომანტიულად მიუდექით მომავალს და ყურადღება აწმყოზე გადმოიტანეთ

ერთადერთი დრო რომელიც გაქვთ არის აწმყო და არა წარსული ან მომავალი. ნუ ეცდებით, მოახდინოთ მომავლის რომანტიზება და ყველა იმედი მას დაუქვემდებაროთ. ყურადღება მიაქციეთ აწმყოს და იცხოვრეთ იმ მომენტებით, რომლებიც მხოლოდ ახლა გაქვთ. წარმატება ვერ იქნება იმ მომავლის შედეგი, რომელსაც საფუძვლად აწმყო არ აქვს.

იქონიეთ იდეების დღიური

შემოქმედებითობა მხოლოდ მხატვრებს ან მსახიობებს არ ახასიათებთ, შემოქმედებითობა ნებისმიერ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. არის ხოლმე მომენტები, როდესაც თავში ძალიან კარგი იდეა გაგვიელვებს, თუმცა, შემდეგ გვავიწყდება. კარგი იდეები რომ ასე მარტივად დასაკარგი არაა, თქვენც კარგად იცით. ყოველთვის, როცა მსგავსი მომენტი გექნებათ, ჩაიწერეთ იდეების დღიურში.

დღის ბოლოს ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი იყავით ამ დღეს

იფიქრეთ დღის ბოლოს იმაზე, თუ როგორ ჩაატარეთ ეს დღე. რომელ საკითხში მოიქეცით კარგად ან ცუდად. იფიქრეთ იმაზეც, როგორ აპირებთ გააუმჯობესოთ, თქვენი ქმედებები და რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალში. მომავალი მე ხომ აწმყო მე-ს გაუმჯობესების შედეგად იბადება..

წყარო: Inc



განხილვა