18
May
2017

„დაიწყე შენი აივნით“ – ჟურნალ „ინდიგოსა“ და „ლისი დეველოპმენტის“ ახალი ინიციატივა

18 May 2017

„დაიწყე შენი აივნით“ – „ინდიგოს“ ინიციატივით დაწყებული სოციალური კამპანიაა – დეველოპერულ კომპანია „ლისი დეველოპმენტთან“ ერთად. კამპანია ურბანულ პრობლემებს ეხება და საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ემსახურება, რამაც საბოლოო ჯამში, ურბანულ ცვლილებებამდე უნდა მიგვიყვანოს. პროექტის ფარგლებში, პეკინის გამზირის #14-ში მდებარე სახლის აივნები „ინდიგოს“ ნაჩუქარი მრავალწლიანი მცენარეებით – ლავანდათი, სუროთი და პეტუნიებით – მოირთო და ასე გაგრძელდება სხვადასხვა უბნის კორპუსებზეც. მარკეტერი სოციალური კამპანიის შექმნის მიზეზსა და მიზანზე, პროექტის დეტალებზე ესაუბრა „ინდიგოს“ დამფუძნებელსა და გაყიდვების დირექტორ თინა ოსეფაშვილსა და ასევე, „ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგის დირექტორ მარიამ ოსეფაიშვილს: 


M: რა მიზეზით წამოიწყო ინდიგომ“ ეს სოციალური კამპანია – „დაიწყე შენი აივნით“ – და რა არის პროექტის მიზანი?
თინა ოსეფაშვილი:
ურბანული ექსპერიმენტი წამოვიწყეთ – დავინტერესდით, შევძლებდით, თუ არა, თბილისის ერთ-ერთი კორპუსის შაბლონური, წლობით გამჯდარი მოცემულობა შეგვეცვალა. პეკინის #14 ზუსტად ასეთი კორპუსია – საბჭოთა პერიოდში აგებული რამდენიმესადარბაზოიანი სახლი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და დაბინძურებულ გამზირზე. ჰოდა, გამოგვივიდა: ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ პროექტის წყალობით, სწორედ ამ ხმაურიან და ქაოსურ გამზირზე გამომავალი ხედი შევცვალეთ. ცხადია, საცობები არსად გამქრალა, არც ჰაერი გაჯანსაღებულა, თუმცა ყვავილებიანმა ქოთნებმა ამ სახლის აივნებიდან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ გააკეთა – ადამიანებს გაახსენა, რომ მოქმედებაა საჭირო; „ინდიგოს“ თუ გამოუვიდა ეს პროექტი, ყველანი ერთად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევასაც შევძლებთ.

M: რატომ იყო საინტერესო „ლისი დეველოპმენტისთვის“ ეს ინიციატივა? 
მარიამ ოსეფაიშვილი:
ამ შემთხვევაში, პროექტში ჩასართავად სწორედ იდეური თანხვედრა იყო გადამწყვეტი – გარეგნულ, საინტერესო ფორმასთან ერთად. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში ჩართვა, რადგან სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია. ჩვენი მთავარი კონცეფციაა 80/20-ზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კუთვნილი ტერიტორიის 80%-ს ყოველთვის ვიყენებთ გამწვანებისთვის, პარკებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვის და მხოლოდ 20%-ს ვუთმობთ მშენებლობას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ქალაქზე ზრუნვასა და ეკოლოგიის გაუმჯობესებას ეხება.M: პეკინის #14 რატომ შეირჩა და მოსახლეობა როგორ შეხვდა ამ  სოციალურ კამპანიას?
თინა ოსეფაშვილი: გვინდოდა კორპუსი, რომელიც ხალმხრავალ ადგილას იქნებოდა და ყველა მხრიდან გამოჩნდებოდა, სწორედ ამიტომ, საპილოტედ პეკინის #14-ის კორპუსი შევარჩიეთ. მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ბევრ ადამიანს მოხვედროდა თვალში, აივანზე გამოფენილი ყვავილებიანი ქოთნები. სახლის ბინადრებს რაც შეეხება, მათი დაყოლიება რთული არ ყოფილა, აბსოლუტურად ყველა გახარებული ჩანდა, ყველას ესმოდა პროექტის მთავარი იდეა და მხარს გვიჭერდა.
ამავე მიზნით, საჩუქარი ჩვენს მკითხველსაც გავუკეთეთ. მაისის ნომრის თითოეულ ეგზემპლარში ლამაზად შეფუთული სხვადასხვა ყვავილის თესლები და მათი დათესვის ინსტრუქცია ჩავდეთ. ეს თესლები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშია დაცული და ასე მასობრივად საზოგადოებაში „ინდიგოს“ საშუალებით პირველად ვრცელდება. ამ თესლების ჩუქებით „ინდიგოს“ მკითხველს სწორედ რაღაც ახლის დაწყების შანსს ვაძლევთ.M: როგორი გაგრძელება ექნება კამპანიას?
თინა ოსეფაშვილი: ჩვენ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ინიციატივამ რაც შეიძლება მეტი კორპუსი გაალამაზოს, მაგრამ ეს წახალისება მნიშვნელოვანია იმით, რომ შემდეგ უკვე თვითონ მოსახლეობა ჩაერთოს ამ პროცესებში. მაგალითად, ვისაც აქვს აივანი, არ აქვს მნიშვნელობა, პეკინი იქნება, გლდანი თუ ნუცუბიძის პლატო, ყველა ნელ-ნელა მიხვდეს, რომ რაღაცა თუ გვინდა, რომ გამოვასწოროთ და შევცვალოთ, საკუთარი თავიდან დავიწყოთ. არსებობს გარკვეული ინიციატივები, რომელიც ძალიან მარტივია, რომ თვითონ განახორციელო და „დაიწყე შენი აივნით“ სწორედ ასეთი აუცილებელი, სასარგებლო და მარტივად შესასრულებელი სოციალური პასუხისმგებლობაა.

[R]

განხილვა