საყიდლებზე სიარული ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს. ყოველდღე გვჭირდება სასურსათო თუ ჰიგიენური პროდუქტები, საკვები და სხვადასხვა წვრილმანი, რომლის შესაძენადაც ზოგჯერ რამდენიმე ადგილას გვიწევს მისვლა.
სწორედ ამ ყოველდღიურ საჭიროებას მიეძღვნა ბრენდ „დეილის” კონცეფცია, რაც, როგორც ხედავთ, თვითონ დასახელებაშიც იკითხება. დეილი სუპერმარკეტების ქსელია, რომელმაც გააერთიანა პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და ჩვენს ყოფით ცხოვრებაში არსებულ მოთხოვნილებებს მოარგო. შორს წასვლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ შეიძინო პური, კარაქი, კვერცხი, საპონი, ფხვნილი თუ ნებისმიერი სასურსათო პროდუქცია. თუ დეილისთან ახლოს ხარ, არც იმაზე ფიქრით შეწუხდები, სად წაიხემსო ლანჩზე ან რა წაიყოლო სახლისკენ, თუ ვახშმის მომზადება გეზარება – დეილი ადგილობრივად დამზადებული მზა საკვების მრავალფეროვან მენიუს გთავაზობს.
კომპანია უკვე 10 წელია, საქართველოში დაფუძნდა და მას შემდეგ ვითარდება, ფართოვდება, ხვეწს როგორც მომსახურებას, ისე თავის ხედვებს. ცოტა ხნის წინ დეილიმ რებრენდინგიც განახორციელა და განახლებული იმიჯით პოზიციონირდა. კომპანიას ამჟამად 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 2500-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
იმისთვის, რომ უკეთ გავიცნოთ ეს ბრენდი, მის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, დავით კუხალაშვილს გავესაუბრეთ.
M: ცოტა შორიდან დავიწყოთ და მოგვიყევით „დეილის” დაარსების ისტორია: როგორ დაფუძნდა სუპერმარკეტების ქსელი და სად გაიხსნა პირველი ფილიალები?
ყველაფერი დაიწყო იდეით, შეგვექმნა უბნის მაღაზიების კომფორტული ქსელი, სადაც ყველა საჭირო პროდუქტი იქნებოდა წარმოდგენილი. 10 წლის წინ პირველი ფილიალი გავხსენით ქალაქ ქუთაისში საკმაოდ მცირე კაპიტალით, თუმცა რეგიონული ბაზრის ათვისების კონკრეტული მიზნით. სანამ სუპერმარკეტების სფეროში არსებული კომპანიები თბილისში თავიანთი ქსელების განვითარებით იყვნენ დაკავებულნი, ჩვენი მიზანი სისრულეში მოვიყვანეთ და სულ მალე დასავლეთ საქართველოში ლიდერის პოზიციაც დავიკავეთ.
M: როგორ შეიმუშავეთ დეილის კონცეფცია, რა გავრცელებულ მოთხოვნებზე დაფუძნებით ამუშავებდით მას?
იმ დროისთვის უბნის მაღაზიებისთვის დამახასიათებელი მარტივი ამოცანების გადაჭრით დავიწყეთ. მომხმარებლისთვის საჭირო, საკვებ და საყოფაცხოვრებო პროდუქტებს სასიამოვნო გარემოში მოვუყარეთ თავი, ყველა სტანდარტის დაცვით, რაც ჩვენმა მომხმარებლებმაც მალევე შენიშნეს და „დეილი“ მათ ყოველდღიურობად იქცა.
M: უწყობს თუ არა ხელს სუპერმარკეტების რეგიონული მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას?
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო რეგიონული ბაზრის განვითარება, მათ შორის – დასაქმების ხელშეწყობა. ფილიალებში დასაქმებული თანამშრომლების 90% სწორედ რეგიონიდანაა. აღსანიშნავია, რომ მათი 70% ქალბატონია.
თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო გრაფიკს ვთავაზობთ, რაც მათ სწავლისა და საოჯახო საქმეებისთვის დროის თავისუფლად გადანაწილების საშუალებას აძლევს.
M: კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა – როგორ შეიცვალა მის შედეგად ბრენდის პლატფორმა?
საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს კვლაც ძველებური ყურადღებით ვაკვირდებით და შექმნილი ამოცანების გადაჭრას ვცდილობთ. სწორედ ეს ფაქტორი და მომხმარებლის შეცვლილი დღის განრიგი გახდა ჩვენი რებრენდინგის ამოსავალი წერტილი, მაქსიმალურად მათზე მორგებული გარემო და კიდევ უფრო დახვეწილი, საჭირო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შეგვეთავაზებინა. ჩვენი მიზანი ყოველდღიურ რუტინაში სიხალისის შემოტანა, კარგი დღის შექმნაა.
M: დეილის აქვს Convenience store-ის ტიპის მაღაზიები. რას გულისხმობს ეს და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით ბრენდის განვითარება?
ტრადიციული უბნის მაღაზიიდან ბრენდი კომფორტულ სუპერმარკეტების ქსელად გარდაიქმნა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩვენი ფილიალები არომატული ყავით, ახალგამომცხვარი ფუნთუშეულითა და ახალმომზადებული მზა საკვებით სწორედ ის არის, რასაც მომხმარებელი ეძებს. დღის ხალისიანი დასაწყისისთვის, გემრიელი ლანჩისა თუ მცირე შესვენებისთვის, ჩვენს ფილიალებში საკვებისა და ყავის მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის ბურგერი, ფრი, სენდვიჩი, ტკბილეული, რომელთა დაგემოვნება ფილიალშივე არსებულ კაფეს ნაწილშიც შესაძლებელია, ან სამსახურში თან წაღებაც.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
რებრენდინგში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც გასულ წელს დავიწყეთ, განახლებული ფილიალებისა და ბიზნესის ეფექტურობის მართვის მიზნით. მიმდინარე პროცესები აერთიანებს მიწოდების ჯაჭვის, მარაგების, შეკვეთების, ფილიალებისა და რეპორტინგის მართვის სრულყოფას, რაც დაგვეხმარება მაქსიმალური ეფექტურობით მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს და ყველა ეტაპზე გავითვალისწინოთ ჩვენი მთავარი ღირებულება – დრო.
გარდა ამისა, ტრანსფორმაცია შეეხება გაყიდვებისა და მარკეტინგის მხარეს. მიმდინარეობს ლოიალობის პროგრამაზე მუშაობა, რაც კიდევ უფრო სახალისოს გახდის „დეილიში“ ვიზიტს. ჩვენი მიზანი კარგი დღის შექმნაა, საინტერესო შეთავაზებებითა და კომფორტული გარემოთი და 10-წლიანი გამოცდილებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს სწორედ ამ მიზნისკენ მივმართავთ.
[R]