10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს 1992 წლიდან აღნიშნავს. ყოველ წელს ეს დღე ფსიქიკური აშლილობის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა სხვადასხვა პრობლემის წინ წამოწევას ცდილობს, წელს ასეთი საკითხი მათი ღირსება იყო.
ამის გათვალისწინებით, ფსიქიკური აშლილობის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა გაერთიანებამ “მოძრაობა ცვლილებებისთვის” მოამზადა ვიდეო რგოლი “დაინახე, დამინახე, მაღიარე”.
ვიდეო მოუწოდებს მაყურებელს, ეცადოს დაინახოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა წინაშე არსებული სირთულეები, დაინახოს ამ ადამიანებში ინდივიდები და აღიაროს ისინი თანასწორ , საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
ვიდეო, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილი მთელი კვირეული, მიზნად ისახავს სტიგმის და ნეგატივის შეცვლას, გაქრობას. ამიტომაც, როგორც ეს ვიდეო, ასევე ასათიანის კედელთან მოთავსებული ფუფალას ნახატი ფერადია.
ის გვამცნობს, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უჩნდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რაც საბოლოო განაჩენი ნამდვილად არ არის და საზოგადოებას სწორი მიდგომით შეუძლია მათი დახმარება გამოჯანმრთელების პროცესში.