„ადამიანები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან გარე სამყაროთი, ცდილობენ მის შესწავლას, მოგზაურობენ ახალი ადგილების აღმოსაჩენად… თუმცა ის, რაც მათი ყურადღების მიღმა რჩება, ჩვენი შინაგანი სამყაროა. ორი უჯრედი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო; საიდანაც შეიქმნა ახალი სიცოცხლე. შემდეგ კი ეს უჯრედები გამრავლდა და მუდმივ მოქმედებაში მოექცა ერთი მიზნით — ადამიანის მსახურებისთვის“, — ეს ექიმ-ციტოლოგ სოფო შარაშიძის სიტყვებია, რომელმაც პროფესია თავის გატაცებას, ხელოვნებას დაუკავშირა.
ამ ორი სფეროს სინთეზით შეიქმნა „უჯრედი“ — სმარტფონით გადაღებული უჯრედული ფოტოები. მათი დანახვისას ბუნებრივად იშლება სამყაროს უმცირესი ნაწილი, რომელიც ყველაფერი ცოცხალის საწყის ეტაპს წარმოადგენს. გარდა ამ იდეურ-ფუნქციური დატვირთვისა, ნამუშევრები ვიზუალურადაც შთამბეჭდავია, თავისი ფერადოვნებით, ფორმებითა და მიკროსკოპული მასშტაბით.
„წლების წინ, როცა მიკროსკოპთან დავჯექი და უჯრედული სამყაროს შემეცნება დავიწყე, ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია. დავინახე, რომ თითოეული უჯრედი იმეორებდა იმას, რასაც ჩვენ გარე სამყაროში ვაწყდებით — თითოეულ მათგანს აქვს უნარი, შექმნას ახალი, იზრუნოს, უპირობოდ უყვარდეს და ერთიანობის პრინციპით ემსახურებოდეს იდეას, რასაც ადამიანი ჰქვია“, — ამბობს სოფო შარაშიძე.
ამ იდეით შეპყრობილმა, ჯერ სმარტფონით დაიწყო მიკროსკოპში ფოტოების გადაღება, რომლებსაც ჯერ მხოლოდ მეგობრებს უზიარებდა, შემდეგ კი რამდენიმე ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაზე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ერთ-ერთი ფოტო „ქოლგას“ ნომინაციაშიც მოხვდა: „მობილური ფოტო, ერთი კადრი“. „მე არ ვარ ფოტოგრაფი და მიხარია, რომ ამ ფოტოებს არამარტო შემეცნებითი, არამედ კულტურული დატვირთვაც აქვს. ზოგიერთმა მხატვარმა ფერწერასაც კი შეადარა და ვინ იცის, იქნებ იმ მხატვრებმა, რომლებიც ასეთ აბსტრაქტულ და საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან, თავიანთ უჯრედულ სამყაროსთან დაკავშირება შეძლეს — გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც დახატეს ის, რაც მათ წარმოსახვაში იყო“.
ახლა კი 6-8 ოქტომბერს საგამოფენო სივრცე „კუბი კონტექსტში“ სოფოს მორიგი პერსონალური გამოფენა იმართება, სახელწოდებით „დაკარგული კავშირები“. ეს არის ჩვენს შინაგან სამყაროსთან კავშირის აღდგენის მხატვრული მცდელობა. სამყაროსთან, რომელსაც ვერ ვხედავთ, არ ვუსმენთ და ვივიწყებთ. სამყარო, რომელიც უნიკალურია თავისი ფერებითა და ქცევით — „ზრუნავს მაშინაც კი, როცა მთელი არსით დავიკარგეთ გარე, მატერიალურ სამყაროში“.
ამ ფოტოების მეშვეობით, დამთვალიერებელი იხილავს ნორმალური (ჯანმრთელი) ტიპის უჯრედებს და როგორც სოფო აღნიშნავს, იმედი აქვს, ბევრი ადამიანი იპოვის პასუხებს საკუთარ შინაგან სამყაროსთან მიმართებით.