in

როგორ დაეხმარა პანდემია კომპანიებს დაქირავების ახალი მოდელების შემუშავებაში?

გაიხსენეთ 2019 წელი, როცა სიტყვა პანდემია ფილმის სცენარს ან ჩვენგან უდიდესი დროით დაშორებულ წარსულ მოვლენას თუ გაგვახსენებდა. ამ პერიოდში, აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა გადასინჯავდა ნებისმიერი თანამშრომლის კონტრაქტს, რომელიც რამდენიმე დღეში თანამშრომლების დისტანციურ მოდელზე გადართვას ურჩევდა. თუმცა, პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა ექსპერიმენტმა, ამ წარმოუდგენელი გადაწყვეტილების უპირატესობები დაგვანახა. ორგანიზაციის მმართველებისა და თანამშრომლებისთვის ნათელი გახდა, რომ 9-დან 5 საათამდე ოფისში მუშაობის „ტრადიციულ“ მოდელს ალტერნატივა აქვს.

ჰიბრიდულ თუ სრულად დისტანციურ მოდელზე გადასვლა ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს ახალი შესაძლებლობების გააზრებაში დაეხმარა. სხვა უპირატესობებთან ერთად, პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა განსაკუთრებით გაზარდა მოქნილი სამუშაო მოდელისა ან თავისუფალი ტალანტის მოძიების მნიშვნელობა. ეს ტერმინები მოიცავს შტატგარეშე თანამშრომლებს, ფრილანსერებს, კონკრეტული პროექტისთვის დაქირავებულ პროფესიონალებს, გლობალური მასშტაბით დადებულ ონლაინ კონტრაქტებს და სხვა სამუშაო მოდელებს, რომლებიც ორგანიზაციებს ტალანტის მოძიების უსაზღვრო შესაძლებლობებს უქმნის.

თუ ორგანიზაციები თავისუფალი ტალანტისა და მოქნილი სამუშაო მოდელების სწორად გამოყენებას შეძლებენ, ადამიანური რესურსის მოძიება დროით, სივრცით ან სამუშაო ბაზრის არეალით გაცილებით ნაკლებად იქნება შეზღუდული.

მოქნილი მოდელები, ძირითადად, სამ მიზანს ემსახურებოდა:

  • მოქნილი სამუშაო მოდელი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს პერსონალი ნებისმიერი მიმართულებით, კონკრეტულ პერიოდით შექმნილი მოთხოვნის შესაბამისად გააფართოონ.
  • მოქნილი სამუშაო კონტრაქტით მოძიებული ტალანტი განსაკუთრებით ეფექტურია დროებითი ამოცანებისთვის, რომლისთვისაც ახალი, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლის დაქირავება არამიზანშეწონილი იქნებოდა.
  • თავისუფალი ტალანტის მოძიების სტრატეგიები ინოვაციურ და მრავალფეროვან უნარებზე  წვდომას უზრუნველყოფს. ტრადიციული რეკრუტირების მეთოდებთან შედარებით, „გარედან“ მოძიებული რესურსები გაცილებით მეტ შესაძლებლობას ქმნის მრავალფეროვანი ადამიანური კაპიტალის შესაქმნელად.

მიუხედავად მოცემული უპირატესობებისა, მოქნილ სამუშაო მოდელებზე ადაპტირება წარმოუდგენელია თუ მენეჯმენტი, ბიუროკრატია, უსაფრთხოება, IP და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დისტანციურ პრაქტიკაზე არაა მორგებული. სწორედ ეს მოხდა პანდემიის პერიოდში. Ozimek-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში, მენეჯერების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ დისტანციურ მოდელზე გადასვლამ გაზარდა მათი უნარი და/ან სურვილი, დაიქირაონ ფრილანსერები, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე მისი დასრულების შემდეგაც.

რომელი პოზიციები და ამოცანებია თავსებადი მოქნილი/თავისუფალი ტალანტის მოდელებისთვის?

UpWork-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მოქნილ სამუშაო მოდელს ყველაზე მარტივად ადმინისტრაციული დახმარებისა და და ვებ-პროგრამირების მიმართულებები ერგება. თუმცა, დაქირავების ამ მიდგომამ, შესაძლოა, სხვა მრავალი მიმართულებითაც გაზარდოს ინოვაციები და კომპანიის საქმიანობა უფრო ეფექტურად აქციოს. ამისთვის, სასურველია გამოაცხადოთ კონკურსები, დიდი დრო გაატაროთ დაქირავების პლატფორმებზე და ჩაატაროთ ექსპერიმენტები. ეს აქტივობები დაგეხმარებათ ახალი უნარების, იდეებისა თუ შესაძლებლობების მოძიებაში არა მხოლოდ ადგილობრივი სამუშაო ბაზრიდან არამედ მთელი მსოფლიოდან.

მოქნილ მოდელზე ადაპტირებული, თუნდაც დროებითი თანამშრომლის დაქირავება სასურველია, როდესაც:

  • კონკრეტულ ამოცანაზე შიდა სამუშაო ძალის განაწილება რთულია
  • ამოცანის შესასრულებლად „გარედან“ მოძიებული, მოქნილი სამუშაო მოდელით დაქირავებული ტალანტი უფრო იაფია, ვიდრე სრულ განაკვეთზე აყვანილი თანამშრომელი, ან შიდა თანამშრომლისთვის გადასახდელი დამატებითი ანაზღაურება
  • კომპანიის ადამიანურ რესურსს არ გააჩნია კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საჭირო უნარები და/ან ცოდნა.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მენეჯერებმა სანამ თანამშრომელს აიყვანენ?

თუ მენეჯერი თანამშრომლის მოძიებას, ვირტუალური სივრციდან გადაწყვეტს, (მაგალითად, დასაქმების ონლაინ პლატფორმიდან) სწორი ნავიგაციისთვის, რამდენიმე ფაქტორს უნდა მიაქციოს ყურადღება. დისტანციურად მომუშავე ფრილანსერისთვის წარსული გამოცდილების გაყალბება და/ან იმ წარუმატებლობების დამალვა, რომელიც კარიერულ გზაზე ჰქონდა, გაცილებით მარტივია. ასე რომ, „გამოცადე, სანამ იყიდი“ – ეს არის პრინციპი, რომელიც მენეჯერებს თანამშრომლის არჩევისას დაშვებული შეცდომების მინიმუმამდე შემცირებაში ეხმარება. გამოსაცდელი ვადა ან საჭირო უნარების გამოსავლენად ჩატარებული კონკურსი შესაძლებლობას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ შერჩეული კანდიდატი თქვენს მოთხოვნებს რეალურად შეესაბამება. გარდა ამისა, სასურველია, არ ენდოთ ელექტრონულ რეზიუმეს და კანდიდატის წარსული საფუძვლიანად გამოიკვლიოთ. მოიძიეთ ინფორმაცია კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესახებ, რომელიც შესაძლოა, დასაქმების პლატფორმაზეც იყოს განთავსებული. ეს შერჩეული კანდიდატის ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელშიც კანდიდატს უმუშავია ან იმ შეფასებების გადახედვა, რომელიც მან სხვადასხვა ორგანიზაციისგან დაიმსახურა, შესაძლებლობას მოგცემთ ზუსტად გაიგოთ მისი პროფესიული თუ დისციპლინური უნარების შესახებ. ამდენად, სანამ ვინმეს დაიქირავებდეთ, თუნდაც დროებით და მოქნილი სამუშაო მოდელით, სჯობს ჯერ დარწმუნდეთ, რომ შერჩეული კანდიდატის აყვანა კომპანიის რესურსების ფუჭად გაფლანგვას არ გამოიწვევს.

 

წყარო: HBR



მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანა აუზით, გოლფისა და ვერტმფრენის მოედნებით

AI შეყვარებულის გაჩენით, მამაკაცმა ქორწინება გადაარჩინა