in

“დალალები” – ქართული თემატიკის სილამაზის სახლი

Startauperi
Startauperi

თბილისში არაერთი ესთეტიკური ცენტრია, სადაც ვიზიტორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ. თუმცა, სილამაზის სახლის “დალალები” გახსნა მომხმარებლისთვის განსხვავებული გარემოს შექმნას უკავშირდება. “დალალების” დამფუძნებელს, მარიამ ქიტესაშვილს, სურდა შეექმნა ქართული სტილის სალონი, რომელიც გარდა ნაციონალური ინტერიერისა, დამატებითი სერვისებითაც გააკვირვებდა სტუმრებს. იდეა საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად დაებადა. მისივე დაკვირვებით, სილამაზის სალონების სიმრავლის მიუხედავად, ქართულ ბაზარს ეროვნული თემატიკის ესთეტიკური ცენტრები აკლდა. ამასთან, შეეცადა მომსახურებაში მეტი კომფორტი შეეტანა, “დალალებში” მისულ ყველა სტუმარს ღვინითა და ქართული ნუგბარით უმასპინძლდებიან. დეტალებზე მარიამს მივმართეთ.

M: თბილისში მრავლადაა სილამაზის ცენტრები. რატომ გადაწყვიტეთ „დალალების“ გახსნა?

ძალიან ხშირად ვსტუმრობდი სილამაზის სალონებს, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაკლდა. მომსახურებას არ ვგულისხმობ, ბევრი პროფესიონალი სტილისტი მუშაობს თბილისში, მანიკურის უამრავი კარგი სალონია, მე უფრო გარემო მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე დამებადა იდეა, გამეხსნა სალონი, სადაც ისეთ გარემოს შევქმნიდი, როგორიც მსურდა სხვაგან დამხვედროდა. კლასიკური გაგებით, “სალონი” არ მინდოდა. ამიტომ „დალალები“ სილამაზის სალონი კი არა, სილამაზის სახლია, სადაც მოდიან არა კლიენტები, არამედ სტუმრები.

M: რა კონცეფცია აირჩიეთ სალონისთვის?

ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საზღვარგარეთ (რუსეთი, ჩეხეთი), ამიტომ ყოველთვის მენატრებოდა ჩემი სამშობლო და ყველაფერი, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, სალონის კონცეფციაზე ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. სწორედ ამ ნოსტალგიამ ჩაუყარა საფუძველი ჩემი სილამაზის სახლის კონცეფციას. დიზაინი შესრულებულია ქართულ სტილში, აგური, ფარდაგი… “დალალებში” მოსულ სტუმარებს ხვდება ქართული ღვინო და ნუგბარი, ჩურჩხელა, ჩირი… თუ გვაქვს ქართული კაფე-ბარები, რესტორნები, მაღაზიები, რატომ არ უნდა არსებობდეს ქართული სილამაზის სალონი? ეს იდეა ტურისტებსაც იზიდავს, მოდიან, იტარებენ პროცედურებს, მიირთმევენ ღვინოს, ჩურჩხელას, ისმენენ ქართულ სიმღერებს… შემდეგ სოციალურ ქსელში დებენ ფოტოებს და აღნიშნავენ, რომ ქართულ სილამაზის სახლში იმყოფებოდნენ. მოხარული ვარ, რომ „დალალები“ პირველია ასეთი თემატიკით სალონებს შორის.

M: რით გააკვირვებს ქართველ მომხმარებელს “დალალები”?

პირველ რიგში მაღალი დონის სერვისით. ტელეფონზე რომ გვირეკავენ, ჩასაწერად ღიმილით ვპასუხობთ: „დალალები გისმენთ“, – რადგან ტელეფონზე საუბარის დროსაც კი იგრძნობა აურა და ემოცია. “დალალებში” მოსულ სტუმრებს ხვდებათ თბილი გარემო, საინტერესო ინტერიერი, ღიმილი, ქართული ღვინო და ჩურჩხელა, არომატული ყავა, საუკეთეოსო ხარისხის პროდუქცია, რაც არამხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის არის სასიამოვნო, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც ძალიან მიმზიდველია.

M: სილამაზის მიმართულებით მუშაობა თქვენი პროფესიული არჩევანი იყო?

დიახ, სილამაზესთან და ესთეტიკასთან ჩემი პროფესია პირდაპირ კავშირშია, ვარ ტანსაცმლის დიზაინერი. სილამაზის სახლ “დალალებში”, ეს ორი სფერო გავაერთიანე, ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც სამოსის მორგება, ასევე სალონური მომსახურების მიღება. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ ბოლო დროის კოლექციები ქართული ელემენტებით იკერება, მაგალითად, ახლა ვმუშაობ პალტოების სერიაზე, თითოეული პალტოს ზურგზე იქნება ამოქარგული ფრაზა ქართული სიმღერებიდან და ლექსებიდან.

M: რა შედის სალონურ მომსახურებაში?

სალონურ მომსახურებაში შედის თმა, ფრჩხილები, წარბი და მაკიაჟი.

M: რას უკავშირდება სახელდება “დალალები”?

სახელი, რა თქმა უნდა, ქართული უნდა ყოფილიყო. უამრავი სიტყვა განვიხილეთ და საბოლოოდ, “დალალებზე” შევჩერდით, ჩემი ხვეული თმის საპატივცემულოდ. თუმცა, სალონის გახსნის წინა დღეს, სრულიად შემთხვევით, გავიგე, რომ დალალები ხვეულ თმას კი არა, ნაწნავებს ნიშნავს, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით. გამიმართლა, რომ სწორი განმარტებაც თემატური აღმოჩნდა სილამაზის სალონთან.

M: როგორია “დალალების” საკომუნიკაციო სტრატეგია?

მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, მსურს ყველა ქართველის წარმატება დაფასდეს ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ჩემი სალონი მაძლევს ამის საშუალებას, რომ ყველა წარმატებულ და საამაყო ქართველს შევთავაზო უფასო მომსახურება „დალალებში“. იქნება ეს სპორტის მიმართულება თუ ხელოვნების სფერო. ერთი უვადო სასაჩუქრე ბარათი უკვე გადაეცა ჩვენს ჩემპიონს, ვარლამ ლიპარტელიანს, უახლოს მომავალში ასეთი ბარათები გადაეცემა სხვა სასახელო ქართველებს.

24 წესი კომპანიაში იდეალური სიტუაციის შესაქმნელად – Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 

როგორ გავაძლიეროთ პატარა კომპანიები?!