„დამაძინე“ – Boyfriend ბალიშების მწარმოებელი სტარტაპია, რომელიც ბიზნეს სფეროს ინტერესის, ბაზარზე ახალი სიტყვის თქმისა და კარგი იუმორის გრძნობის კომბინაციით შეიქმნა 18 წლის ნუკა კიკნაძის მიერ. სტარტაპის ავტორი, ამჟამად, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე–12 კლასის მოსწავლეა, თუმცა უკვე დანამდვილებით იცის, რომ სექტემბრიდან, სწავლას მადრიდში, IE University-ში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელებს. როგორ იქმნებოდა „დამაძინე“, რა საწყისი კაპიტალით შეუდგა ავტორი საქმიანობას და როგორია სტარტაპთან დაკავშირებული პერსპექტივები, მარკეტერის შეკითხვებს ნუკა კიკნაძემ უპასუხა:

M: ნუკა, რამ გამოიწვია შენი ინტერესი სტარტაპ ინდუტრიის მიმართ და კონკრეტულად, ბალიშების წარმოება რატომ გადაწყვიტე?
ჩემს ოჯახში ყოველთვის აქტუალური იყო ბიზნეს თემების გარჩევა, დედაც და მამაც ამ სფეროში არიან და ალბათ, აქედან წამოვიდა ჩემი ინტერესი ბიზნეს საქმიანობის მიმართაც. შარშან, დაბადების დღეზე, ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს პირველი Boyfriend ბალიში, რომელიც უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი. ბალიშს „ვაჟა“ დავარქვი და უზომოდ პოპულარული გახდა ჩემს კლასელებს შორის. ამის გამო, გადავწყვიტე, მათთვისაც გამეკეთებინა „ვაჟა“ და დავიწყე მასალების მოძიება ასეთივეს შესაკერად. ამ ერთგვარ ჰობს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, საჭირო გახდა უფრო სერიოზულად ფიქრი და დიდი რაოდენობის ბალიშების გაკეთება.
M: ვისი მხარდაჭერა დაგჭირდა საწყისი კაპიტალის მოძიების მხრივ?
დიდხანს ვფიქრობდი ამ საქმის წამოწყებაზე, ამიტომაც კაპიტალის შეგროვება ადრიდანვე დავიწყე. მინდოდა, რომ თუ ბალიშების მასობრივ წარმოებას დავიწყებდი, აუცილებლად ჩემი ხარჯებით უნდა ყოფილიყო ყველაფერი გაკეთებული და არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ჩემს მშობლებს. კაპიტალი საკმარისი აღმოჩნდა პირველადი წარმოებისთვის და ახლა უკვე ისე მალე აიტაცა ხალხმა ეს იდეა, რომ ვფიქრობ ასორტიმენტის გაფართოებაზეც.
M: ვის ეკუთვნის სტარტაპის სახელის იდეა? როგორ შეხვდა ბაზარი შენს ინიციატივას?
„დამაძინეს“ სახელი და ლოგო ჩემი მეგობრის მოფიქრებულია, რაც შემდეგ, მეორე მეგობარმა კომპიუტერში ამიწყო და საბოლოო სახეც ასე მიეცა ბრენდს. „ფეისბუკზე“, გვერდის შექმნიდან 2 დღეში, 500 მოწონება მიიღო ბალიშებმა და უმეტესწილად, მდედრობით სქესის წარმომადგენლების აქტიურობა დაიმსახურა. მივიღეთ ინდივიდუალური შეკვეთებიც და დიდი მოთხოვნა გაჩნდა Girlfriend ბალიშებზე, ამიტომ, ძალიან მალე შევთავაზებთ მომხმარებელს ამ პროდუქტსაც.
M: რით არის გამორჩეული „დამაძინე“ და სად ხდება მისი პროდუქტის რეალიზება?
„დამაძინეს“ ბალიშები კეთდება საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით. იმის გამო, რომ სახის კანი ხშირად ეხება ზედაპირს, გამოყენებულია ანტიალერგიული მასალები. ბალიში გამოირჩევა ტანზე მორგებული ფორმით და ძალიან კომფორტულია. ასევე, ჩემი „ვაჟა“ დამყავს ყველგან, როცა ვმოგზაურობ, რადგან ტრანსპორტშიც უზომოდ მოსახერხებელია. ჯერჯერობით, მაღაზია არ გვაქვს და ონლაინ გაყიდვებს ვაწარმოებთ, ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისით.
M: როგორია შენი, როგორც სტარტაპის ავტორის, ხედვა „დამაძინეს“ პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, რომ „დამაძინე“ არის ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე და თანაც, ძალიან კრეატიული განვითარების პერსპექტივით. დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვგეგმავ გაფართოებასა და ექსპორტზე გატანასაც კი.










