საუკეთესო ისტორიის შემუშავება და საზოგადოებისთვის მიწოდება შეიძლება ნებისმიერი ბიზნესის წარმატების გასაღები იყოს. ეს არა მხოლოდ მატერიალურ მომგებიანობას, არამედ გაცილებით დიდ გავლენასაც ეხება. სწორედ ამის შესახებ საუბრობს რიდ ფრერიჩსი — მეწარმე, სპიკერი და ქოუჩი, რომელიც სიუჟეტურ თხრობასა და ნარატიულ თერაპიაშია სპეციალიზებული. თანაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჰოლივუდში — შესაბამისად, კინემატოგრაფიული ცოდნა მოგვიანებით სტარტაპ სამყაროს მოარგო.
„სთორითელინგს შთაგონების უზარმაზარი ძალა აქვს. მას შეუძლია, რეალური ცვლილებები შექმნას ადამიანების ცხოვრებაში. თუკი ერთი პიროვნების ერთ კარგ ამბავს ისმენთ, რომელიც აღგაფრთოვანებთ, შეიძლება ეს გარდამტეხ მომენტად იქცეს თქვენს ცხოვრებაში. სტარტაპერებს მსგავსი თხრობა მოგზაურობის საფუძვლად ევლინებათ და შესაძლოა, გრძელვადიან წარმატებამდეც მივიდნენ“, — განმარტავს რიდი.
აქვე აღნიშნავს, რომ სტარტაპებისთვის საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიაზე ფოკუსირება და კომპანიის თუ დამფუძნებლის ისტორიის დავიწყება. ასე აუდიტორიასთან კავშირი უბრალოდ ვერ დამყარდება ან მეტისმეტად სუსტი იქნება.
საგულისხმოა, რომ რიდის მიდგომა სტარტაპების სთორითელინგისადმი, ძალიან ჰგავს ფილმს. მისი აზრით, უნდა არსებობდეს სამმოქმედებიანი სტრუქტურა — დასაწყისი, შუა და დასასრული. ასევე, უნდა იყოს ისტორიის გმირი და აუდიტორია. „გახსოვდეთ, ყველა დიდ ისტორიას ჰყავს გმირი, კომპანიის დამფუძნებლები კი თავად ითავსებენ ამ როლს. ამასთან, თითოეული მოგზაურობა ორი გზით იყოფა: შიდა და გარე. პირველი მათგანი კომპანიას ეხება, რა მიზნებისა და შედეგების მიღწევას ცდილობს. ხოლო შიდა — იმ გამოწვევებს, რომლებსაც თავად დამფუძნებელი აწყდება პიროვნულ დონეზე. ამ ორი გზის გაერთიანება კი ყველაფერს უფრო ღირებულს ხდის“, — ამბობს რიდი.
აქციეთ მოწყვლადობა ძლიერ მხარედ
დამფუძნებლები ხშირად ერიდებიან თავიანთ მოწყვლადობაზე საუბარს, რაც ხელს უშლის უნიკალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვას. ამის ნაცვლად, პირიქით, სუსტი მხარეები და გადალახული დაბრკოლებები მკვეთრად უნდა წარმოაჩინოთ — შესაძლოა, ასე სიძლიერეზე მიანიშნოთ. გამძლეობა კი ის თვისებაა, რომელსაც ინვესტორები განსაკუთრებით აფასებენ ბიზნესმენებში.
აქ მთავარია, გამბედაობა შეინარჩუნოთ — გამბედაობა, იყოთ ცოტათი დაუცველი, გახსნილები, ღიად ისაუბროთ წარუმატებლობებზე და შემდეგ აჩვენოთ, როგორ გადალახეთ სირთულეები. ეს თხრობის ხელოვნებაა…
სიუჟეტის ევოლუციის მნიშვნელობა
გარდა რეალობასთან და გამოწვევებთან ადაპტირებისა, დამფუძნებლებმა საკუთარი ისტორიებიც უნდა განავითარონ. იქნება ეს აუდიტორიასთან გზავნილის მორგება თუ სიუჟეტში ახალი ელემენტების ინტეგრირება, თხრობა განვითარებადი პროცესია.
„ყველაზე დიდი რამ, რაც ჰოლივუდიდან ვისწავლე თხრობის შესახებ, არის ის, რომ ყოველთვის განვითარებადია. გაითვალისწინეთ — არ გჭირდებათ სრულყოფილება, უბრალოდ ისწავლეთ, როგორ გააგრძელოთ თქვენი ამბავი უკეთესად“, — აღნიშნავს რიდი.