„ეს ნაპერწკლები ციცინათელებს ჰგავს ღამის ტყეში, უპატარავესი მბჟუტავი განათება, რომელიც რამდენადაც მარტივად მრავლდება, იმდენად მარტივად ქრება“, — გვეუბნება „დამალული ნაპერწკლების“ ავტორი და გამოფენას ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში გარდამავალ პერიოდს, ამ გზაზე განვლილ თავგადასავლებსა და რაღაცებთან გამომშვიდობებას უძღვნის, რათა ეს ყველაფერი ციცინათელების მსგავსად მარტივად არ გაქრეს და მას სამუდამოდაც დაამახსოვრდეს.
„დამალული ნაპერწკლები“ თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენაა, ნამუშევრების ნახვას კი 30 აგვისტომდე მოახერხებთ. თუმცა მანამდე, მოდით, უფრო მეტი რამ გავიგოთ იმ მხატვარზე, რომელსაც „ნამუშევრების მეშვეობით საკუთარ ქვეცნობიერთან დიალოგი აქვს“.
M: თეკლა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის დაინტერესდით მხატვრობით?
ბავშვობაში მეც ვხატავდი, თუმცა 16-17 წლამდე ნამდვილად არ ვიცოდი, რისი კეთება მსურდა მომავალში, კონკრეტული მომენტიც არ მახსოვს, როდის ან რამ გამოიწვია, მაგრამ ხატვა მალევე დავიწყე. ახლა 21 წლის ვარ, სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, თუმცა მალევე დავტოვე და გადავწყვიტე, ჩემით გამეკვალა გზა. ვთვლი, რომ საკმაოდ რთულ გზას დავადექი, ბევრი სკეპტიკურადაც უყურებდა ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან მარტო, ინსტიტუციის გარეშე ნულიდან რაღაცის დაწყება რთულია… ხელოვნებასთან კი ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა, მაგრამ ეს უფრო მუსიკას უკავშირდებოდა, ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული და დღემდე ეს ორი რამ ჩემ ჰობად რჩება. ფოტოკოლაჟებს ვაკეთებდი და ამის შემდეგ ნელ-ნელა მივედი ხატვამდე. ხატვა და ნამუშევრების შექმნა აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ცხოვრებაში ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევდა — ხატვის დროს მეც და ჩემი გარემოც უსასრულო და უსაზღვრო ხდება.
M: რატომ აირჩიეთ სახელი „დამალული ნაპერწკლები“?
სიუჟეტი ერთ დიდ ტყეში ვითარდება, რომელიც მოგონებებითა და განცდილი ემოციებით სავსეა. ეს მოგონებები კი ნაპერწკლებია — ანუ, იმედი იმ სიბნელეში, რომელიც ხანდახან მთლიანად მოგვიცავს ხოლმე. თუ ამის დანახვა და გახსენება გინდა, შესაძლოა, ეს ნაპერწკლები ნებისმიერ ადამიანში, მის დეტალებსა თუ წვრილმანებში, გარემოში, ყველანაირ კუთხე-კუნჭულში იპოვო.
გამოფენა დამალული ნაპერწკლები კი სწორედ ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში გარდამავალ პერიოდს, ამ გზაზე განვლილ თავგადასავლებს, რაღაცებთან გამომშვიდობებასა და ჩემს მახსოვრობაში სამუდამოდ ჩაბეჭდვას ეძღვნება.
M: რას გადმოსცემთ თქვენი ნამუშევრებით?
ნამუშევრები ბოლო 2 თვის განმავლობაში იქმნებოდა, ჩემი ცხოვრების ყველაზე გარდამავალი და ტრანსფორმაციული პერიოდის ტილოებზე გადმოტანა მინდოდა — ჩემი ტოლების უმეტესობა და მეც დაახლოებით ერთნაირ გზას გავდივართ, შეგრძნებები და შინაგანი ბრძოლაც ყველას გვაერთიანებს. ვფიქრობ, ეს ასაკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცვლილების დროა, აანალიზებ განვლილ დროს, შეძენილ გამოცდილებებს, გადატანილ ტკივილებსა თუ ბედნიერებებს. ამ გაზაფხულს თითქოს მთელმა ჩემმა ბავშვობამ წინ გადამირბინა, მოულოდნელად ამომხტარ წარსულის მოგონებებს კი ვიჭერ და სამუდამოდ ვინახავ.
ნამუშევრების შექმნა ჩემს ბილიკზე დაბრუნებაში მეხმარება, რადგან, როცა ყველაზე დაკარგული ვარ, ჩემთვის საუკეთესო გზამკვლევი ხატვაა. მინდა დამთვალიერებელში სასიამოვნო ნოსტალგია გავაღვიძო, საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას გადალახული ბარიერებისა და თავგადასავლების დროს განცდილი ემოციები, კომფორტის ზონიდან გამოსვლისას ტრანსფორმაციისა და მათ ახალ ეტაპზე გადასვლის მთლიანი ქაოსი, სიხალისე თუ დაბნეულობა გავახსენო.
M: რა არის თქვენი ნამუშევრების კონცეფცია?
ნამუშევრის შექმნისას კონცეფციაზე შეიძლება საერთოდ არ ვიფიქრო. უმეტესად, სიუჟეტებსა და მათ მნიშვნელობებს ნახატის შექმნიდან კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ აღვიქვამ. ამიტომ, ზოგად კონცეფციაზე ბევრს ვერ მოგიყვებით, რადგან უმეტესად ბევრი სხვადასხვა პირადი გამოცდილების გადამუშავება ხდება, რომელიც შემდეგ ტილოზე გადმომაქვს. ბოლო დროს ხშირად ვხატავ ავტოპორტრეტებს, რადგან მუდმივად ვეძიები საკუთარ თავს, ჩემს ნათელსა და ბნელ მხარეებს და მათ დაბალანსებას ვსწავლობ.
M: გამოფენისთვის კონკრეტული პალიტრაც გამოიყენეთ, რის მიხედვით აირჩიეთ ეს ფერები?
პალიტრაც და სიუჟეტებიც წინა ნამუშევრებისაგან განსხვავებულია, მინდოდა ფერთა სიახლის შემოტანა, მეტად კლასიკური ჩამქრალი დედამიწის ტონებში მუშაობა. ვფიქრობ, ეს პალიტრა ნამუშევრების ისტორიებსაც ზუსტად ეხმიანება, მოგონებები ხომ ხშირად ბუნდოვანი და გაცრეცილია, მაგრამ კონკრეტული დეტალები, შესაძლოა, მკაფიოდ და მჭახედ გვახსოვდეს.
M: რას გეგმავთ მომავალში?
გრძელვადიანი გეგმები ნამდვილად არ მაქვს, რადგან ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ რამის დაგეგმვას აზრი არ აქვს. I’m going with the flow მივყვები იმ ტალღებს, რომლებსაც სამყარო თვითონ მთავაზობს.