15
Oct
2019

რატომ არის მნიშვნელოვანი დამშვიდობება? – ანა ღვინიანიძე, #აზრები

15 Oct 2019

M2


ეს #აზრები ეხება ადამიანებს, ვისგანაც დაუმშვიდობებლად წასული ახლობელი მოუხელთებელ შფოთვას აღძრავს.

იცნობთ ადამიანს, ვინც გიბრაზდებათ, როდესაც ოთახში შემობრუნებულს არ დახვდებით? ან, იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ხუმრობად ვერ აღიქვამენ, თუ სადმე, კარის კუთხეში დაემალეთ და მათი მომლოდინე გაჩუმდით? იმისთვის, რომ არ გაწყენინონ, შეგინიშნავთ, როგორ იღიმიან? მათ ნაძალადევ ღიმილში და ტუჩის კუთხეებში განაწყენებაც თითქოს შეუმჩნევლად იკითხება.

ვერ გაგიგიათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამანაწყენებელი ამ უწყინარ ხუმრობაში, ან დაუმშვიდობებლად წასვლაში? თქვენ ხომ მათთვის არც ზიანის მიყენებას გეგმავდით და დაუმშვიდობებლად წასვლაც არ მიიჩნიეთ შემაშფოთებლად?!

ხშირად, თქვენ და ისიც, ვისგანაც დაუმშვიდობებლად წასვლას განაწყენება მოჰყვა, თავს არიდებთ შემდგომი განცდების განხილვას. დაუმშვიდობებლობას ზრდილობის წესების დაუცველობად შერაცხავთ და ამ საკითხზე ფიქრს დიდი ხნით გადადებთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი დამშვიდობება?

რას განიცდიან ადამიანები, რომლებიც შეშფოთებული ხმით გზაში მყოფს გირეკავენ და გეკითხებიან: „სად ხარ?“ და მიუხედავად თქვენი პასუხისა, უჭირთ, დაიჯერონ, რომ ნამდვილად კარგად ხართ. ან, რას განიცდიან ადამიანები, რომლებიც ძალდატანებითი, სიცივეშერეული სიმშვიდით გეკითხებიან: „კარგად ხარ? სად გაქრი?“ და ცდილობენ, შეძლებისამებრ შენიღბონ განაწყენებით შეფერილი ბრაზი? თითქოს, ეს ბრაზი თქვენთვის თავგზის არევის მეტს არაფერს ემსახურება.

არადა…

და მაინც, რატომ არის დამშვიდობება მნიშვნელოვანი?

განჭვრეტადობა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა. სურვილი გვაქვს, ვიცოდეთ, რომ ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, შეძლებენ ჩვენს მხარდაჭერას ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, როგორიცაა სხეულის უსაფრთხოება, კვება, დათრგუნვილობისგან გათავისუფლება. თუმცა, ბავშვობაში ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, დიდწილად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გაიგებს ჩვენზე მზრუნველი პირი ჩვენს „უსუსურ“ მცდელობებს, გავაგებინოთ, რა გვჭირდება მისგან. შესაბამისად, განჭვრეტადობა იმის განცდას გვიქმნის, რომ ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული ვართ, მტკიცეა და შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ. თუ დაგვჭირდა, გამოგვეხმაურება. მოგვიანებით კი გვაინტერესებს, რამდენი ხნით დავრჩებით იმ ადამიანის გარეშე, ვინც გვჭირდება, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაწილობრივ მაინც სხვებზე დამოკიდებული ვრჩებით.

ზოგიერთი მშობელი სახლს ისე ტოვებს, რომ მცირეწლოვან შვილს არ ემშვიდობება, უჭირს შვილის ცრემლიან თვალებთან და დამშვიდობებით აღძრულ ემოციებთან გამკლავება. ამიტომ, არჩევს, პირისპირ არ აღმოჩნდეს  უსიამოვნო ემოციებთან.

წარმოიდგინეთ, თქვენ პატარა ხართ, თამაშობთ და სადღაც ახლოს გეგულებათ ადამიანი, რომელსაც საჭიროებისამებრ დაუძახებთ. უცებ, გარემოს ათვალიერებთ და თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი აღარ არის, გაქრა, გაუჩინარდა, ყველა კუთხე – კუნჭულს გულდასმით ათვალიერებთ, ზოგჯერ გგონიათ, რომ დამალობანას გეთამაშებიან, ზოგჯერ გგონიათ, რომ აქვეა, არ წავიდოდა, არ დაგტოვებდათ. შეძრწუნება ყოვლისმომცველი მოუსვენრობით იცვლება, მოუსვენრობა – განუჭვრეტელობით, განუჭვრეტელობა – უსუსურობისა და სასოწარკვეთის განცდით. სად გაუჩინარდა ადამიანი, რომელსაც ახლახან ეთამაშებოდით? რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ნუთუ, ასე მოულოდნელად შეიძლება გაქრეს ის, ვისზეც დამოკიდებული ხართ, ვინც ძალიან გჭირდებათ? ასე, ახნის გარეშე? ასე… დამშვიდობების გარეშე? ნუთუ, შეიძლება მოულოდნელად მარტო დარჩეთ?

რა ხდება, როდესაც სახლში ბრუნდებით?

აღელვებული გხვდებით. სად იყავით? ნუთუ, არაფერი შეგემთხვათ და ჩვენი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, მიგეტოვებინეთ, გამტყუნდა?

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განუსაზღვრელობა ხშირად არის ჩემს ცხოვრებაში, ნელ – ნელა ჩემში ირგვლივმყოფების შესახებ ზედმიწევნით ყველაფრის ზუსტად ცოდნის ძლიერი მოთხოვნილება მიყალიბდება. ვთვლი, რომ შემოთავაზებული თამაშებიც მოსალოდნელი უბედურებისგან ჩემი ყურადღების გადატანის მცდელობაა და, სანამ მე ვითამაშებ, შეიძლება, თქვენ ხელიდან გამომეცალოთ. ამიტომ, დაძაბული ვარ, მინდა, თქვენთან სიახლოვე რაიმენაირად შევინარჩუნო. თქვენგან დამოუკიდებლად თამაშს ვწყვეტ, ვცდილობ, ყველა ქმედებაში ჩაგრთოთ ან, სულაც, დროთა მანძილზე, უგულებელვყოფ თქვენს არსებობას. მოხვედით? თითქოს, არც მოსულხართ. ჩემთვის არ არსებობთ. მე მივეჩვიე იმას, რომ სხვების ქმედებას ვერ განვჭვრეტ და იძულებული ვარ, დამოუკიდებელი ვიყო. ეს დამოუკიდებლობა იძულებითი და მტკივნეულია. თუმცა, არაგანჭვრეტადობას და მოულოდნელად გაუჩინარებულ ადამიანებზე დამოკიდებულებას სჯობს.

ესეც ჩემი აუხსნელი ფორიაქის ამბავი, რომელიც ზურგშექცევით მდგომ ბავშვს მამსგავსებს, ოდესღაც რომ დაიჯერა, რომ დამშვიდობების გარეშე წასული ადამიანები ან დაბრუნდებიან, ან – არა.

————————————————————————————————————–

ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა