13
Feb
2019

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ ქართული ისტორიების შეგროვებას იწყებს!

13 Feb 2019

„ეს არის მუზეუმი შენზე, ჩვენზე, იმაზე, თუ როგორ გვიყვარს და როგორ ვკარგავთ ერთმანეთს…“

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება და 11 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისში, მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში გამოიფინება… გარდა იმ ექსპონატებისა, რომელსაც ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ უკვე ინახავს, ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში ქართული ისტორიებიც გამოიფინება, რადგან წესი ასეთია: მანამ, სანამ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ სამოგზაურო გამოფენით გაიხსნება, თვე-ნახევრით ადრე, ამ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიების დონაცია იწყება.
ქართული ისტორიების შეგროვება 14 თებერვალს – ვალენტინობას დაიწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება. ადამიანი, ვისაც სურს, საკუთარ ისტორიას სამუზეუმო ექსპონატად ქცევისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცეს, ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას ავსებს, ფოტოს უღებს იმ ნივთს, რომლის გამოფენაც სურს და მუზეუმის წარმომადგენლობაში აგზავნის (დონაციის გამოფენის შემთხვევაში, გამომგზავნის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია). შემოსული ყველა ისტორია ინგლისურ ენაზე ითარგმნება, რათა მუზეუმის იდეის ავტორებმა, დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ საუკეთესოები შეარჩიონ და ზაგრების „დამსხვრეულ ურთიერთობათა მუზეუმის“ კოლექციას მუდმივი ექსპონატები შემატონ.

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ კოლექცია ადამიანთა იმ გრძნობებსა და გამოცდილებებს ეხება, რომელიც სხვა ადამიანებში საოცარ ინტერესს იწვევს. ინტერესთან ერთად, დამთვალიერებლები კოლექციის მიმართ თანაგრძნობითა და პატივისცემით არიან განმსჭვალულნი. საქართველოში მისი ჩამოტანა, პირველ რიგში, საზოგადოებაში ახალი მიმართულების სამუზეუმო კულტურის დანერგვის სურვილს უკავშირდება. დღეს ხომ, მთელ მსოფლიოში, თანამედროვე მუზეუმები საზოგადოებრივი განვითარების მაღალი დონის გამოხატულებაა, – ნატალი ანანიაშვილი, „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია ნაკრებია მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობებისა“, რომლებიც დამთვალიერებელში, თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს, ასტიმულირებს კათარზისს. მუზეუმში ვიზიტი, ასევე, ერთგვარი თერაპიაა მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, რადგან სიყვარული და დაშორება ერთნაირად ლამაზია და მტკივნეული განურჩევლად ქვეყნისა, კულტურისა, რელიგიისა, ორიენტაციისა თუ ისტორიისა.
მუზეუმი მოიცავს სამი ტიპის ნივთებს: მატერიალურს – ფოტოები, წერილები, მესიჯები (მითითებული შეხვედრის ადგილები), ვირტუალურს – სურათები და დოკუმენტები და ასევე, კონფესიურს (აღმსარებლური) – ხმოვანი ჩანაწერები და გზავნილები.„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ წყვილმა: დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ თერაპიული პროექტის სახით შექმნეს. მათ ეს იდეა 2003 წელს გაუჩნდათ, სწორედ მაშინ, როდესაც 4 წლიანი ურთიერთობა დაშორებით დაასრულეს. პირველ ეტაპზე პირადი, წლების შემდეგ კი, მეგობრების ნივთებიც მოაგროვეს და 2006 წელს, პირველი გამოფენაც მოაწყვეს. 
მომდევნო წლებში, კოლექცია შემდეგ ქვეყნებში გამოფინეს: არგენტინა, ბოსნია ჰერცოგოვინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

მას შემდეგ, რაც ხორვატიის კულტურის სამინისტროსგან უარი მიიღეს, დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ თავად მონახეს სამუზეუმო სივრცე – 300 კვ.მ. ფართობი და 2010 წელს, „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნეს.
2011 წელს, მუზეუმმა ევროპული მუზეუმების ფორუმზე (European Museum Forum) ქენეთ ჰადსონის ჯილდო მიიღო (Kenneth Hudson Award), რომელიც მუზეუმს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუკი მას ორიგინალურობასა და რისკიანობასთან რაიმე კავშირი აქვს. თბილისში გამოფენის შემდეგ, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, მუზეუმი ბათუმში იმოგზაურებს. ჯამში, საქართველოში, 80 ექსპონატი გამოიფინება, რომელთაგან ქართული ისტორიების რაოდენობა, დაახლოებით, 25 იქნება.

 

განხილვა