in

დანიური თანამედროვე საბავშვო წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა

ყველაფერი ზღაპრული პერსონაჟის, მიმბო-ჯიმბოს შესახებ

ვინ არის მიმბო-ჯიმბო, მოფერებით მიმბო?

მიმბო-ჯიმბო პატარა ლურჯი სპილოა, მხიარული, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი. მას ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს. არაფერს უშინდება, მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია და ახალი რაღაცების სწავლას ცდილობს. პატარა ლურჯ სპილოს ბევრი მეგობარი ჰყავს. განსაკუთრებული მეგობრობა კი ბეჰემოთ მუმბო-ჯუმბოსთან აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ დანიური თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა ქართულად პირველად გამომცემლობა „არტანუჯის“ საბავშვო მიმართულების, „არტანუჯი ბავშვებისთვის“ ფარგლებში ითარგმნა. აქამდე საქართველოში მხოლოდ ერთი დანიელი კლასიკოსი მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედებას იცნობდნენ.

წიგნები დანიელ ავტორს, იაკობ მარტინ სტრიდს ეკუთვნის და ქართულად თამარ კაკუბავამ თარგმნა.

ცოტა რამ იაკობ მარტინ სტრიდის შესახებ

იაკობ მარტინ სტრიდი დანიელი ავტორი, ილუსტრატორი და კარიკატურისტია. მისი შემოქმედებითი კარიერა 1997 წელს იწყება და მან მოგვიანებით სახელი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დანიურ გაზეთ „პოლიტიკენთან“ საავტორო რუბრიკით „სტრიდ“ გაითქვა.

იაკობ მარტინ სტრიდი წიგნებს ქმნის როგორც ბავშებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. მისი ნამუშევრები გამოირჩევა განსხვავებული იუმორით, ილუსტრაციებით, ხასიათითა და პერსონაჟებით. ავტორს მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიის მომავალი მეფის ფრედერიკისა (ამჟამად პრინცის) და დედოფალი მარის ჯილდო დანიის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სტრიდი კარგად იცნობს კლასიკურ ლიტერატურას. მის ნაწარმოებებში ხშირად შეხვდებით გმირებს სხვადასხვა ცნობილი წიგნებიდან: „რობინზონ კრუზო“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ვინი პუჰი“, „დონალდ დაკი“ და სხვ. იაკობ მარტინ სტრიდი გმირებს მის თანამედროვე შემოქმედებაში საკმაოდ სინთეზურად და კონტექსტურად იყენებს, რაც კითხვის პროცესს ბავშვებისთვის უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის.

დანიელ ავტორს ბავშვთა ფსიქოლოგია და საჭიროებებიც კარგად აქვს შესწავლილი, რაც მის შემოქმედებას ნათლად ეტყობა. ჯერ არ შეგვხვედრია ბავშვი, რომელსაც სტრიდის შემოქმედება, განსაკუთრებით კი სერია „მიმბო-ჯიმბოს“ წიგნები არ უყვარს დანიაში და უკვე საქართველოშიც.

როგორ დაიწყო?

2021 წელს თამარ კაკუბავამ, 2022 წლიდან „არტანუჯი ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელმა პირველი ორი წიგნი: „მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს” და „მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის” გამომცემლობა „არტანუჯისა„ და „დანიის ხელოვნების ფონდის“ მხარდაჭერით თარგმნა. 2023 წელს კი სერიას სამი ახალი წიგნი: „მიმბო-ჯიმბო“, „მიმბო-ჯიმბო და დიდი სპილოები“ და „მიმბო-ჯიმბო ხალისობს“ შეემატა. დანიის ხელოვნების ფონდში ინიციატივას დიდი აღტაცებით შეხვდნენ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულად აქამდე თანამედროვე დანიური ლიტერატურა, არც საბავშვო და არც ზრდასრულებისთვის, არ იყო ნათარგმნი ორიგინალის ენიდან. მეტიც, ქართული ანბანისა და ენის შესახებ ფონდის წარმომადგენლებმა ბევრი არაფერი იცოდნენ.

სამი ახალი წიგნი

სერიის როგორც პირველი ორი, ასევე სამი ახალი წიგნი მოკლე ტექსტებითა და ფერადი, სახალისო ილუსტრაციებით გამოირჩევა. ტექსტების სიმარტივე პატარებს ადვილად აყვარებს კითხვის პროცესს, აძლევს შესაძლებლობას მობეზრების გარეშე, თავიდან ბოლომდე მიჰყვნენ წიგნის შინაარსს. წიგნები ასწავლის სხვადასხვა უნარს, როგორიცაა: ემპათია, მეგობრობა, განსხვავებულის მიმღებლობა, კრეატიულობა, გამბედაობა, რთულ სიტუაციებთან გამკლავება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვ.

„მიმბო ჯიმბო და დიდი სპილოები“

„მიმბო-ჯიმბო“ მრავალდღიანი ფიქრის, დარდისა და წიგნებში ამოკითხული უამრავი ინფორმაციის შემდეგ გადაწყვეტს, დიდ ნაცრისფერ სპილოებს ეწვიოს, რადგან იცის, რომ სპილოები მისი ნათესავები არიან. იცის, რომ ისიც სპილოთა ჯგუფს ეკუთვნის. მათი გაცნობა და ცხოვრების წესის შესწავლა ძალიან აინტერესებს. თუმცა მიმბო ღელავს, რომ მისი ფერისა და სიმაღლის გამო დიდი სპილოები არ მიიღებენ. მიმბო მრავალმხრივ ნიჭიერია. ხატავს, გიტარაზე უკრავს, მანქანებისა და ვერტმფრენების აწყობა ეხერხება. ფიქრობს, რომ სპილოებს ამ ნიჭით მოაწონებს თავს. სპილოები მიმბო-ჯიმბოს მიიღებენ ისეთს, როგორიც არის, ეტყვიან, რომ დიდი სპილოებისგან განსხვავებით მიმბომ ბევრი რამე იცის და მეტიც, მისგან სახსოვრად დატოვებულ ნახატს სათუთად მოუფრთხილდებიან.

წიგნი პატარებს ასწავლის, რომ არაფერია საშიში და სამარცხვინო იმაში, თუ თანატოლებისგან სიმაღლით, ფერითა თუ თვისებებით განსხვავდებიან. პირიქით, უნდა დააფასონ მათი უნარები, რადგან ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებიან.

„მიმბო-ჯიმბო“

მორიგი წიგნი „მიმბო-ჯიმბო“ მეგობრობაზეა. ლურჯი სპილო ვერტმფრენს ააწყობს და მეგობარ ბეჰემოთს სასეირნოდ გაფრენას შესთავაზებს. სამწუხაროდ, ბეჰემოთი არ შეეტევა ვეტმფრენში, მაგრამ მიმბო რისი მიმბოა, გამოსავალი თუ არ იპოვა და მეგობარი თან არ წაიყვანა?! წელზე თოკს შემოახვევს და ვეტმფრენზე ჩამოკიდებს. ასე გადაივლიან მთა-ბარს. გზად პატარა ვეფხვის ბოკვერს დედას დაუბრუნებენ, ბაჭიას გადაარჩენენ ნიანგის ბასრი კბილებისგან, ცუღლუტ მაიმუნებს დაუსხლტებიან და ბოლოს, შინ მშვიდობით დაბრუნებულები, კაკაოსა და დედიკო მაიმუნის ნაჩუქარ ბანანებს შეექცევიან.

წიგნი პატარებს მეგობრობას ასწავლის. მეგობართან ერთად თავგადასავლების განცდის სიხარულს უზიარებს. იქვე უჩვენებს, რომ პატარებისა და დაჩაგრულების დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელი და შესაძლებელია.

„მიმბო-ჯიმბო ხალისობს“

„მიმბო-ჯიმბო ხალისობს“ კრეატიულობაზეა და ამ კრეატიულობის შედეგის მეგობრებთან გაზიარებაზე. მიმბო ამანათს მიიღებს. ამანათში ათასგვარი მანქანის ასაწყობი მოწყობილობაა. პატარა ლურჯი სპილო ჯერ მანქანას ააწყობს, ავტომობილი ქოქოსის პალმას დაეჯახება, ქოქოსებს ჩამოყრის, რასაც მაიმუნ ფრედეს მიუტანს. მაიმუნი ფრედესგან კი მზის ქოლგას მიიღებს, რომლისგანაც ფრთებს გამოჭრის და მანქანას მიამაგრებს. მანქანას ვერტმფრენად გადააკეთებს. ვერტმფრენი რომ წყალში ჩავარდება, წყალში მოგროვილ თევზებს ფრედეს კვერცხებში გაუცვლის. დამტვრეული ვერტმფრენისგან თოხლო კვერცხის მანქანას ააწყობს და ამ თოხლო კვერცხებით გადაფარავს არემარეს. ბოლოს, მოგროვილ ნადავლს მიმბო მეგობრებს გაუზიარებს და ერთად გემრიელად ივახშმებენ.

სერიის წიგნები არა მარტო მეგობრობას, ემპათიასა და სხვა ჩვევებს ასწავლის, არამედ ბავშვებს ჰიგიენის წესების დაცვასაც ახსენებს. თითქმის ყველა წიგნის დასასრულს მიმბო და მისი მეგობრები ძილის წინ იხეხავენ კბილებს ან იბანენ ხელებს.

მიმბო-ჯიმბო წიგნის დღეებზე

„მიმბო-ჯიმბო“ წიგნების ქართული გამოცემიდან მალევე გახდა ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟი. „არტანუჯი ბავშვებისთვის“ გუნდმა გადაწყვიტა, პატარებს სიურპრიზი გაუკეთოს და 11 ნოემბერს, 13:00 საათიდან მთავარ სცენაზე და გამომცემლობა „არტანუჯის“ სტენდთან მიმბო-ჯიმბოს მასკოტი დაახვედროს.

რა ასაკზეა გათვლილი?

მიმბო-ჯიმბო სერიული გამოცემაა და უკვე ხუთ წიგნს აერთიანებს. გამოცემები განკუთვნილია 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. თუმცა გამოცემებს უფრო მოზრდილი ბავშვებიც სიამოვნებით კითხულობენ თავიანთ პატარა და-ძმებთან ერთად. „მიმბო-ჯიმბო და დიდი სპილოების“ ანოტაციას ავტორისგან ხუმრობით აწერია კიდეც, რომ გამოცემების წაკითხვა 2 წლიდან 100 წლამდე დაინტერესებულ მკითხველებსაც შეუძლიათ, რადგან წიგნის შინაარსი ერთნაირად საინტერესო და გასათვალისწინებელია ნებისმიერი ასაკის მკითველისთვის.

„არტანუჯი ბავშვებისთვის“ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას იაკობ მარტინ სტრიდთან და მის დანიურ გამომცემლობა „გულდენდალთან”. სამომავლოდ ის პატარა მკითხველს ბევრ საინტერესო დანიურ საბავშვო წიგნს შესთავაზებს. მანამდე კი, 10-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის წიგნის დღეებზე „არტანუჯის” სტენდთან ბავშვებსა და მოზარდებს არა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურის შეძენა -50% მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.
შეათვალიერეთ „არტანუჯი ბავშვებისთვის” კატალოგი და შეარჩიეთ სასურველი წიგნები: არტანუჯის საბავშვო კატალოგი ნოემბერი 2023.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გავთიშოთ NameDrop ფუნქცია აიფონზე?

მეხუთე ცდაზე ახდენილი ოცნება — რატომ არ უნდა დავნებდეთ?