იოგურტისა და სხვა, რძიანი დესერტების გახსენებაზე ალბათ Danone ბევრს გაგვახსენდება. ეს ბრენდი უზარმაზარი ქსელია, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოში და აქვს ქვებრენდები. მისი ერთ-ერთი ქვებრენდია ცნობილი იტალიური ყველის ბრენდი Galbani. Groupe Danone-ის პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში.
დიდი წარმატებების მიღმა რომ საინტერესო ისტორიები იმალება, ეს ჩვენი რუბრიკის მკითხველებმა კარგად იციან. Danone-საც ბევრი აქვს თქვენთვის მოსათხრობი.
ადრეული პერიოდი
1910-იან წლების ბარსელონა. ადამიანი, სახელად, სააკ კარასო ამჩნევს, რომ ბევრ ბავშვს აქვს ნაწლავური ინფექცია. ნობელის პრემიის ლაურეატისა და პასტერის ინსტიტუტის დირექტორის, ილია მეჩნიკოვის მიერ ჩატარებული რძის ფერმენტების კვლევის მიხედვით, ისაკი გადაწყვეტს შემოიტანოს პროდუქტი, რომელიც ბალკანეთში ცნობილია, როგორც ჯანმრთელი საკვები – ეს პროდუქტია იოგურტი.
1919 წელს ისაკმა გამოუშვა ბრენდი, სახელად Danone. სახელწოდება კი თავისი ვაჟის, დანიელის მეტსახელის მიხედვით შეარჩია.
საფრანგეთში გადასვლა
დანიელ კარასომ დააარსა Société Parisienne du Yoghourt Danone და გახსნა პირველი საცალო ობიექტი პარიზში. იმავე დროს მან შექმნა ბრენდის პირველი სარეკლამო სლოგანი: “Delicious and healthy, Danone yogurt is the right dessert for happy, healthy digestion.” Danone პიონერია მათ შორის, ვინც საკვებ პროდუქტზე სიტყვები „ჯანმრთელობა” და „სიამოვნება” გააერთიანა.
საფრანგეთში წარმოებული პირველი ქილები კერამიკული იყო და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც სამკურნალო პროდუქტი. ცოტა ხნის შემდეგ კი ყველის მაღაზიებში გამოჩნდა.
ამერიკული გარიგება
1941 წელს დანიელ კარასო და მისი მეუღლე გაემგზავრნენ ნიუ-იორკში. ჩასვლიდან მალევე კარასო წააწყდა ბანერს, რომელზეც ეწერა „იყიდება იოგურტის ბიზნესი”. ეს იყო მაღაზია ბრონქსში, რომელსაც მართავდა ძველი ბერძენი წყვილი. ისინი 100-დან 200-ამდე ქოთან იოგურტს ამზადებდნენ ამ ტერიტორიის კაფეტერიებისთვის. ასე დაარსდა 1942 წელს Dannon Milk Products Inc.
70-იანი წლები და ბრენდების გაერთიანება
1972 წლის დეკემბერში კომპანიის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილება მოხდა. კარასო დაუკავშირდა ანტუან რიბუდის, ცნობილ ფრანგ ბიზნესმენს. დანიელ კარასოს საერთაშორისო დონეზე სურდა Danone-ის გაფართოება და ანტუან რიბუდში უტყუარ სამეწარმეო ნიჭს ხედავდა. ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა გაფორმდა, რამაც მრეწველობის გიგანტი დაბადა.
გაფართოებისკენ სწრაფვა
1979 წლიდან BSN-Gervais Danone იძენს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის Amora, Maille, Vandamme, La Pie qui Chante, Liebig, Galbani და Volvic. 20 წელზე ნაკლებ დროში ის ხდება ევროპის სიდიდით მესამე კვების კომპანია, რომელიც ლიდერობს ბაზარზე საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და პორტუგალიაში.
„ვარსკვლავის დაბადება”
90-იანი წლები კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის პერიოდია. 1994 წელს BSN-Gervais Danone-მა შეამცირა თავისი სახელი და გახდა “Danone”, გლობალური პოტენციალის მქონე ბრენდი, რომელიც უკვე ნაცნობია მომხმარებლებისთვის 46 ქვეყანაში. ახალ სახელთან ერთად ლოგოც შეიცვალა, რომელზეც ბავშვი შეჰყურებს ვარსკვლავს. ლოგო განასახიერებს კომპანიის სწრაფვას, გააგრძელოს ასვლა და წინსვლა.
იმავე დროს Danone-ის აღმასრულებელ დირექტორად ფრანკ რიბუდი დაინიშნა, რომელმაც ფოკუსი გადაიტანა სამ სფეროზე: ახალი რძის პროდუქტები, სასმელები და ორცხობილა.
HOPE
1997 წელს Danone განსაზღვრავს თავის ღირებულებებს HOPE აკრონიმის გარშემო: humanism, openness, proximity and enthusiasm (ჰუმანიზმი, გახსნილობა, სიახლოვე და ენთუზიაზმი). ეს ღირებულებები უნიკალური კორპორაციული ხედვის საფუძველია, რომელიც ბრენდის ძალასა და იდენტობას გამოხატავს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი