„რომელ საათზე დავპოსტო?” – ეს კითხვა ალბათ თქვენც ბევრჯერ შეგხვედრიათ. სოციალურ მედიაში უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობს ბიზნესგვერდის მხრიდან პოსტის დადებასთან დაკავშირებით. ბევრი გვასწავლის, რომ ჯობს დილით დავდოთ, თუკი რაიმე სიახლე გვაქვს აუდიტორიისთვის, ზოგიც იმას გვეუბნება, რომ საღამო უკეთესი დროა, რადგან ამ დროს უმეტესობა სახლშია და „სქროლავს”. თუ ავიღებთ ორ სხვადასხვა ბრენდს, სხვადასხვა პროდუქტით და დავძებნით, როდისაა ფბ-ზე დაპოსტვის კარგი დრო, ნებისმიერ შემთხვევაში, მივიღებთ უნივერსალურ პასუხებს და არა კონკრეტულად ჩვენს ბიზნესზე მორგებულს. ეს უკანასკნელი კი ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.
იმისთვის, რომ გავერკვეთ, სად იწყება მითი და მთავრდება რეალობა, სოცმედია სპეციალისტს, ვეკო თოხაძეს მივმართეთ, რამდენიმე კითხვა დავუსვით და პასუხებიც მოვიპოვეთ.
M: პირველ რიგში, ვთქვათ, ნამდვილად არსებობს სოციალურ მედიაში „დასაპოსტად კარგი დრო” თუ ეს უბრალოდ მითია?
Meta პლატფორმისთვის დაპოსტვის დრო ნამდვილად მითია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Meta პლატფორმებზე ორგანული შედეგები თითქმის არ არსებობს, მით უმეტეს კომერციული კონტენტისთვის. თითქმის შეუძლებელია, რეკლამის გარეშე მივწვდეთ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას. რეკლამის აწყობიდან მის გაშვებამდე დაახლოებით 1 საათია საჭირო. ბიუჯეტიდან გამომდინარე კი, იმავე დღეს ან მომდევნო დღეებში შეიძლება დაველოდოთ ხელშესახებ შედეგს, რომლის ანალიზით რაიმე დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ. შესაბამისად, დაპოსტვის დრო ვერ იქნება გადამწყვეტი, არამედ სწორი სარეკლამო სტრატეგია და საინტერესო კონტენტი.
M: როგორ უნდა აირჩიოს სოცმედია მენეჯერმა დრო ისეთი პოსტის დასადებად, რომლისთვისაც დიდ გამოხმაურებას ელოდება?
მასშტაბური კამპანიების გაშვება უმჯობესია სამუშაო კვირაში. უქმეებზე მომხმარებლის ინტერესები იცვლება, შესაბამისად, კვირის დასაწყისი ყველაზე კარგი დროა, რომ კვირის ბოლომდე კამპანიამ მუშაობა მოასწროს. ასევე გასათვალისწინებელია დასვენების დღეები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომ კომუნიკაციის გადაფარვა არ მოხდეს.
M: აქვს თუ არა მნიშვნელობა, დროის თვალსაზრისით, კონტენტს, მაგალითად, სტანდარტული პოსტი იქნება ეს, რილსი, სთორი თუ სხვა?
სთორის ნახვების ზრდისთვის უმჯობესია რამდენიმე სთორი გადავანაწილოთ და დღის სხვადასხვა პერიოდში ავტვირთოთ. რა თქმა უნდა, იმ სთორებს ვნახულობთ ხშირად, რომლებიც გვიჩანს ჩვენს ფიდზე. ახალი სთორის ატვირთვა ჩვენს გვერდს ისევ წინ „გადააგდებს” და გაიზრდება როგორც ძველი სთორის ნახვა, ასევე ახალი ატვირთულის.
Reels-ის შემთხვევაშიც არ არსებობს „დრო”, რომელიც დაგვეხმარება ნახვების ზრდაში. Reels, ასევე, შეგვიძლია გავაზიაროთ სთორიში, რაც დაეხმარება რაოდენობის გაზრდაში და დავამატოთ სხვა სთორებიც, რომ გადაზიარებული რილსის ნახვები კიდევ უფრო გავზარდოთ.
M: არსებობს თუ არა საათობრივი მონაკვეთები ქვეყნების მიხედვით, როდის ჯობს დაპოსტვა?
როდესაც საზღვარგარეთ ვმუშაობთ, პირველ რიგში, გასწორებული უნდა გვქონდეს, თუ რომელ სასაათე სარტყელში ვიმყოფებით. მაგალითად, საქართველოში ყველაფერი GMT+04 ზე უნდა გვეყენოს და სხვა ქვეყანაზე როცა ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა შევცვალოთ საათობრივი ზონა “Time Zone” .
Meta არცერთ ქვეყანაში არ ასაფორთებს ორგანულ გამოჩენებს, შესაბამისად, ყველაფერი რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ჭეშმარიტი იქნება სხვა ქვეყნისთვისაც.
M: და ბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა, რომელ სოციალურ ქსელში ვათავსებთ პოსტს? მაგალითად, ფბ და ინსტაგრამისთვის სხვადასხვა დრო უნდა შევარჩიოთ თუ ერთდროულადაც შეიძლება პოსტის გაშვება?
ერთადერთი პლატფორმა, რომელზეც შეგვიძლია, დავაკვირდეთ დაპოსტვის დროს, არის Titkok. როგორც ვიცით, ჩვენს რეგიონს არ აქვს Tiktok Business მხარდაჭერა. ყველაფერი, რასაც ქართულ ტიკტოკზე ვნახულობთ, არის ორგანული, რეკლამის გარეშე მიღებული შედეგები. სხვადასხვა კრეატორს აქვს თავისი დაკვირვება, რომ საღამოს, მაგალითად, უფრო ეზრდებათ ნახვები, თუმცა, ჩემი აზრით, ტიკტოკზე დაპოსტვის დროის ძებნას ჯობია ვიმუშაოთ თანმიმდევრულობაზე: ყოველდღიურად განვათავსოთ კონტენტი, რაც გაზრდის ნახვებს და ასევე მოგვცემს ანალიზის საშუალებას, რათა მივხვდეთ, რომელი კონტენტი იყო უფრო ეფექტური, რა თემებმა გაამართლა და რომელმა ფორმატმა.
შეჯამებისთვის, ჯობს, ვიმუშაოთ კონტენტზე, სარეკლამო სტრატეგიაზე, ვიზუალის დახვეწასა და ვიდეოს დამუშავებაზე ვიდრე ვეძებოთ „ჯადოსნური” დრო, რომელიც გაგვიზრდის ნახვებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი