მოდის ინდუსტრიაში ახალი ქართული სამოსის ბრენდი – DARAIA – გამოჩნდა, რომლის პროდუქტიც იმ ქალებისთვის იქმნება, ვისთვისაც სიახლე, ხარისხი და ინდივიდუალურობა მნიშვნელოვანია. ავტორები მარკეტოლოგი ქეთა ლომიძე და მსახიობი თინა ალექსიშვილი არიან, რომელთა ალტერნატიული ხედვა ტანსაცმლის დიზაინერის დიპლომით არაა გამყარებული, თუმცა მოდისა და სიახლის მიმართ მუდმივმა სწრაფვამ, „რაღაც განსხვავებულის“ ძიებამ უკარნახა მათ ახალი ბრენდის შექმნა. მარკეტერი ესაუბრა ქეთა ლომიძესა და თინა ალექსიშვილს ბრენდის ხაზზე, საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალებებსა და ორიენტირებულ სეგმენტზე.

M: ამ სფეროში რა გამოცდილებით დაიწყეთ საქმიანობა და რა არის თქვენი მიზანი?
თინა: ამ ეტაპზე, ვმუშაობ პიესაზე და ვგეგმავ სპეკტაკლის დადგმას. ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის, თეატრი ბევრ რამეს იტევს: კოსტიუმები – ტანსაცმელი, დეკორაცია – არქიტექტურა, მხატვრობა: როგორც მხატვარმა უნდა მოარგოს პერსონაჟს კოსტიუმი დროისა და ეპოქის იმპულსის მიხედვით, ასევე, ტანსაცმლის დიზაინი უნდა იყოს მორგებული ადამიანების სტილსა და მრავალფეროვნებას, მოდის გათვალისწინებით.
ქეთა: ბოლო რამდენიმე წელია, გამოვცემ ჟურნალებს (კულინART, XII და Georgia To See), ასევე, ბევრ საინტერესო პროექტში ვარ ჩართული და DARAIA-ც ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო, ახალი პროექტის წამოწყებაა. ბოლო წლებია, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ქართული პროდუქციის ხელშეწყობა. ჩემი მიზანია, ამ იდეას ავუწყოთ ფეხი – პროდუქციის შესრულების ხარისხი იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზეც და იმედი მაქვს, DARAIA ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად იქცევა მოდის სფეროში.

M: რა სიმბოლური თუ კონცეპტუალური მნიშვნელობა აქვს შერჩეულ სახელს –DARAIA?
DARAIA ქართული სიტყვაა და აბრეშუმის ქსოვილს ნიშნავს. ის იდეალურად მოერგო სურვილს – სახელწოდება და ჟღერადობა, ერთდროულად, ქართულიც ყოფილიყო და ლათინური ფონტითაც შთამბეჭდავი სახე ჰქონოდა.
M: სად იკერება „დარაიას“ პროდუქცია, რა ქსოვილს იყენებთ და თქვენ რა პროცესებში ხართ ჩართული?
„დარაიას“ პროდუქცია იქმნება საქართველოში, პროფესიონალი კონსტრუქტორებისა და მკერავების მეშვეობით. მათი როლი ამ საქმეში უდიდესია. რაც შეეხება ქსოვილს, ამ შემთხვევაში, სახელწოდება DARAIA მხოლოდ სიმბოლურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქსოვილი იყოს ნატურალური და ხარისხიანი და არამხოლოდ აბრეშუმის. პროდუქტის საბოლოო სახის მიღებამდე, ჩართულები ვართ ყველა დეტალში, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს, თუმცა ფუნქციები გადანაწილებულია.
M: რით არის თქვენი ხაზი განსხვავებული სხვა ქართული ტანსაცმლის ბრენდებისგან?
მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით, ქართული ბაზარი, მოდის სფეროში, მრავალფეროვანია, თითოეული მათგანი კი – განსხვავებული და ორიგინალური. კონკრეტულად, ჩვენს შემთხვევაში, უცვლელ, საერთო მახასიათებლად მივიჩნევთ ნატურალურ და ხარისხიან ქსოვილს. ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ პროდუქციის შიდა დამუშავებაზე, პროდუქციის სტილი არის მინიმალისტური და აქცენტირებული დეტალებზე.
M: სად და როგორ ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება, შეკვეთებს თუ იღებთ და როგორ გაქვთ მომხმარებელთან კომუნიკაცია?
ამ ეტაპზე, „დარაიას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში – BUYERS.GE. ვიღებთ შეკვეთებსაც, ჩვენთან დაკავშირება კი შესაძლებელია DARAIA-ს გვერდზე, Instagram-ის საშუალებით. უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ თბილისში concept store-ებში პროდუქციის შეტანას.
M: მხოლოდ ქალების სეგმენტზე ხართ ორიენტირებული?
სამომავლოდ, ვაპირებთ მამაკაცის ხაზის დამატებასაც. თუმცა, ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელსაც შევკერავთ. ინდივიდუალური შეკვეთით შევქმენით საქორწილო კაბაც.
M: როგორია „დარაიასთან“ დაკავშირებული მიზნები?
გვინდა, რომ DARAIA-ს სამოსი მოდის ჩარჩოებს გასცდეს, მისი სამოქმედო არეალი გაფართოვდეს და მაქსიმალურად მოიცვას ქართული კულტურის სხვადასხვა სფერო, მაგალითად, „დარაია“ იქნება ქართული ფოლკის – „ეთერიანის“ სპექტაკლის კოსტიუმების შემქმნელი და შემსრულებელი.











